პარლამენტმა “ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
13/06/2023 16:02:24 პოლიტიკა
პარლამენტმა “ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.
თავდაპირველად კენჭი პრეზიდენტის მიერ მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებულ კანონპროექტს ეყარა, რომელიც შედეგით 15 - მომხრე, 26 - წინააღმდეგი “ჩავარდა“.
პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების ჩაგდების შემდეგ კენჭისყრაზე კანონპროექტის პირვანდელ რედაქცია დადგა. მას მხარი 82-ხმით (9 წინააღმდეგი) დაუჭირეს.
„ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანულ კანონში შესულ ცვლილებებს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო თებერვალში დაადო.
„არც საჭირო, არც საჩქარო და არც არგუმენტირებულია!" - ეწერა პრეზიდენტის განცხადებაში.
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის უფლებამოსილების გასვლამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე, პარლამენტმა „ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით, „ეროვნული ბანკის შესახებ კანონში“ დაჩქარებული წესით შეიტანა ცვლილებები.
ამჟამად ეროვნულ ბანკს სამი ვიცე-პრეზიდენტი ჰყავს, თანაბარი უფლებებით. გვენეტაძის წასვლის შემდეგ, ეროვნული ბანკის შიდა რეგულაციებით, სამი მათგანიდან ერთ-ერთი გახდა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი - ეს არის არჩილ მესტვირიშვილი.
კანონპროექტმა კი შემოიტანა „პირველი ვიცე-პრეზიდენტის“ ცნება და, პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემთხვევაში, მას დააკისრა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში ავტორებმა ამ ცვლილების აუცილებლობა იმით დაასაბუთეს, რომ უშუალოდ კანონში არ წერია, პრეზიდენტის უფლებამოსილების გასვლის შემთხვევაში, რომელი ვიცე-პრეზიდენტი შეასრულებს მის მოვალეობას. თუმცა კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა საჯარო განხილვებზე სხვა მიზეზიც დაასახელა:
„ეს კეთდება იმიტომ, რომ გამოვრიცხოთ ყოველგვარი გაუგებრობა, საბოტაჟის მცდელობა და ქაოსი ამ ინსტიტუციაში“, - განაცხადა 8 თებერვალს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ წევრმა, დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ აღნიშნა, რომ მმართველ გუნდს უფლება არ აქვს, პრეზიდენტისა და ეროვნული ბანკის კომპეტენციებში ჩაერიოს.


