ვენეციის კომისიის დასკვნის მიუხედავად, საპარლამენტო უმრავლესობამ "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო
13/06/2023 16:57:51 პოლიტიკა
ვენეციის კომისიის დასკვნის მიუხედავად, საპარლამენტო უმრავლესობამ "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო. კანონპროექტის მიღებას მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა, 2 კი წინააღმდეგ წავიდა.
"ქართულმა ოცნებამ" საკითხი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დაუგეგმავად გამოიტანა.
13 ივნისს პარლამენტში კენჭისყრამდე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განმარტა, რომ კანონპროექტს მიიღებენ, თუმცა ის გამოქვეყნებისთანავე არ ამოქმედდება. „ქართული ოცნება" დაელოდება ევროკომისიის პოზიციას და თუკი 12 პირობიდან ერთ-ერთი - დეოლიგარქიზაცია - აღარ იქნება ჩამონათვალში, საქართველოს ხელისუფლება მზად არის, უარი თქვას კანონის მიღებაზე.
„ჩვენ ვენეციის კომისიას გავუგზავნეთ დასკვნისთვის შესაბამისი ცვლილებების პროექტი, რომელიც უკავშირდება დეოლიგარქიზაციას. ვენეციის კომისიამ დაამტკიცა განახლებული დასკვნა, 12 ივნისის თარიღით. ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ ყველა ის ცვლილება, რომელიც იქნა ჩვენი მხრიდან შეტანილი წარმოდგენილ საკითხში, ყველა ძირითად საკითხთან დაკავშირებით, არის ასახული. უბრალოდ, ვენეციის კომისიას მიაჩნია, რომ პერსონალური მიდგომა, რომელთან დაკავშირებითაც მას ჰქონდა მოსაზრებები, რომ ჩვენ დაგვეკონკრეტებინა და დავაკონკრეტეთ. ახლა ფიქრობს, რომ უკეთესი იქნება, ამ პერსონალურ მიდგომაზე საერთოდ უარი ითქვას. ეს არის, ეს ერთი საკითხი. ჩვენ სწორებას ვაკეთებთ ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე - ჩვენ განგვესაზღვრა ეს ერთი პუნქტი შესასრულებლად. ამიტომ, სასპეკულაციო სივრცე, რომ არ დარჩეს, მიზანშეწონილია, რომ ჩვენ ეს პროექტი მივიღოთ კანონად. შეიქმნა მოცემულობა, რომ ევროპულმა კომისიამ აღნიშნა: ეს პუნქტი არის შესასრულებელი. მან უკრაინას, რომელზე დაყრდნობითაც ჩვენ შევიმუშავეთ პროექტი, მოუწოდა, რომ დაეწყო მიღებული კანონის აღსრულება. ახლა ვენეციის კომისია, ევროპული სტრუქტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დანაყოფი უკრაინასაც ეუბნება, რომ ის კანონი, რომელზეც ევროპულმა კომისიამ უთხრა, რომ აღსრულებულიყო, გააუქმონ. რეალურად გვაქვს მოცემულობა, ორ ევროპულ სტრუქტურას შორის კოლიზიის, - განმარტა ოხანაშვილმა და დაამატა, - ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სწორება გავაკეთოთ ევროპულ კომისიაზე, კანონი მივიღოთ, რომ სასპეკულაციო სივრცე არ დარჩეს, თუმცა არ ავამოქმედოთ გამოქვეყნებისთანავე. თუ ევროპული კომისია იტყვის, რომ ჩვენთან მოხსნილია [დეოლიგარქიზაციის თემა], მაშინ ის დათქმა [აღარ იქნება აქტუალური], რომ 2024 1 მარტამდე ამოქმედდეს. ჩვენ შეგვიძლია, საერთოდ გავაუქმოთ ეს კანონი, თუკი ევროპული კომისია მოხსნის ამ პუნქტს".
ამავე თემაზე: ვენეციის კომისია დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე კრიტიკულ მოსაზრებას აქვეყნებს.


