Accentnews.ge
ჰერჩინსკი – "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონზე: ევროკომისია მხარს უჭერს ვენეციის კომისიის რეკომენდაციას

ჰერჩინსკი – "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონზე: ევროკომისია მხარს უჭერს ვენეციის კომისიის რეკომენდაციას

14/06/2023 10:28:51 პოლიტიკა

საქართველოში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ევროკომისია "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონის თაობაზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციას მხარს უჭერს.

"გუშინწინ ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა თავისი შეფასება დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით. ვენეციის კომისიის თანახმად, ეს კანონპროექტი არ უნდა იქნა მიღებული, რადგან არსებობს სერიოზული რისკები. ჩვენ, როგორც ევროკომისია, მხარს ვუჭერთ ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაციას. ვენეციის კომისია არის სტანდარტის დამდგენი, როდესაც საქმე ეხება ამგვარ კანონმდებლობას. ასე რომ, ჩვენ მოვუწოდებთ სისტემური მიდგომისკენ, სპეციალური კანონის მიღების ნაცვლად. დეოლიგარქიზაცია არის 12 პრიორიტეტს შორის ერთ-ერთი. ეს არის პრიორიტეტი ნომერი ხუთი. ჩვენ ვთქვით, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტი და ჩვენ ველოდებით, რომ საქართველოს მთავრობა წინ წაიწევს დეოლიგარქიზაციის საკითხში. ჩვენ არასდროს გვითქვამს, რა არის სწორი მიდგომა. ჩვენ ვთქვით, რა არის გასაკეთებელი და არა ის, როგორ უნდა გაკეთდეს. ეს იყო ქართველების გადაწყეტილება, წარმოედგინათ კანონპროექტი, ახლა ჩვენ ვიცით, რომ ვენეციის კომისიის მიხედვით, ეს არ არის სწორი მიდგომა. ვენეციის კომისია გამოდის სისტემური მიდგომის შეთავაზებით და ამიტომ ჩვენც ვგრძნობთ, რომ სისტემურ მიდგომა არის სწორი, რაც მოიცავს ბევრ რამეს. ეს ნიშნავს სასამართლოს სისტემის რეფორმას, ეს ნიშნავს მეტ ძალისხმევას კორუფციასთან ბრძოლაში, ეს ნიშნავს მეტ გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას. ეს ყველაფერი კი ნიშნავს ძლიერ სახელმწიფოს, რაზეც მუშაობისთვის ჩვენ მოწადინებულები ვართ კოლეგებთან ერთად, რათა ამას მივაღწიოთ, თქვენ შეგიძლიათ, ჩვენი ძლიერი მხარდაჭერის იმედი გქონდეთ“, – განაცხადა, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ცნობით, ევროკავშირის ელჩმა.

შეგახსენებთ, რომ ვენეციის კომისიამ "ქართული ოცნების" მიერ ინიცირებული "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტის შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა. დასკვნის მიხედვით, კომისია საქართველოს არ უწევს რეკომენდაციას, რომ კანონპროექტი პარლამენტმა საბოლოოდ დაამტკიცოს.

მოგვიანებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ "როგორც კი ევროკომისია თავისი 12 პუნქტიდან დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერს ამოიღებს, მაშინვე გააუქმებენ კანონს".

მისივე თქმით, ვენეციის კომისიისა და ევროკომისიის რეკომენდაციებს შორის წინააღმდეგობაა. კერძოდ, მმართველი გუნდის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ვენეციის კომისიას პერსონალიზებული მიდგომა არ მოსწონს, ევროკომისია კი პირიქით, პერსონალიზებულ მიდგომას მოითხოვს:

"თუ ერთმანეთში შეთანხმდებიან ევროკომისია და ვენეციის კომისია, ჩვენ გავაკეთებთ იმას, რასაც იტყვის ევროკომისია, მაგრამ დღეს ვენეციის კომისია გვეუბნება ერთს და ევროკომისია გვეუბნება მეორეს. კერძოდ, ვენეციის კომისია ამბობს, რომ არ მოსწონს პერსონალიზებული მიდგომა და ამბობს, რომ სხვადასხვა სფეროში რეფორმები უნდა გატარდეს, რაც ისედაც კეთდება. ევროკომისია ამბობს, რომ ჩვენ პერსონალიზებული მიდგომით უნდა წავიდეთ. ის საუბრობს სწორედ დეოლიგარქიზაციაზე. სიტყვა დეოლიგარქიზაციაც ნიშნავს პერსონალიზებულ მიდგომას. ამიტომ გამოდის, რომ ვენეციის კომისიას არ მოსწონს პერსონალიზებული მიდგომა და ევროკომისია გვეუბნება რომ ჩვენ უნდა გავყვეთ პერსონალიზებულ მიდგომას. როგორც კი ევროკომისია დაეთანხმება ვენეციის კომისიას და როგორც კი ამოიღებს ჩანაწერს დეოლიგარქიზაციის შესახებ მისი 12 პუნქტიდან, მაშინვე ჩვენ გავაუქმებთ იმ კანონს, რომელიც იქნება მიღებული სამი მოსმენით ამ თვის ბოლომდე. სწორედ ამისათვის ჩვენ გადავწევთ კანონის ამოქმედებს ვადას 1 მარტამდე. თუ ევროკომისია გაიზიარებს დეკემბერში ვენეციის კომისიის რეკომენდაციას, ამ შემთხვევაში თებერვალში გაუქმდება ჩვენს მიერ მიღებული კანონი, მაგრამ თუ ევროკომისია არ გაიზიარებს ვენეციის კომისიის მიდგომას ამ შემთხვევაში ჩვენ მოგვიწევს ამ კანონის მიღება".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S