ევროკავშირის წარმომადგენლობა: მხარს ვუჭერთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, უმჯობესი იქნება, არ მიიღოთ "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტი
14/06/2023 10:48:30 პოლიტიკა
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა აცხადებს, რომ "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნას მხარს უჭერს.
"უმჯობესი იქნება, არ მიიღოთ "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტი დასახელებული რისკების გათვალისწინებით. ევროკავშირი მზადაა, მხარი დაუჭიროს საქართველოს ხელისუფლებას სისტემური მიდგომით უკეთესი გზის პოვნაში. ჩვენ ერთად უფრო ძლიერად შეგვიძლია წინსვლა", - ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი განაცხადოს დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის გადამუშავებულ ვარიანტზე და ქვეყანაში ოლიგარქიულ გავლენასთან საბრძოლველად არსებული სისტემური ზომების ღრმა და ყოვლისმომცველი ანალიზი ჩაატაროს.
"ქვეყანაში ოლიგარქიული გავლენის წინააღმდეგ საბრძოლველად ამჟამად გათვალისწინებული „პიროვნული მიდგომის“ ნაცვლად, უნდა გატარდეს „სისტემური“ მიდგომა", – აცხადებს ვენეციის კომისია.
იგი განმარტავს, რომ ქვეყნების უმეტესობამ შეიმუშავა და აამოქმედა ურთიერთკავშირის მქონე საკანონმდებლო, ადმინისტრაციული, ეკონომიკური და სხვა ზომები, რათა თავიდან აიცილოს დამაზიანებელი ეფექტი, რომელიც მსგავსი გავლენის რამდენიმე ადამიანის ხელში კონცენტრაციას მოაქვს დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებებისთვის.
"ოლიგარქიზაციის დესტრუქციული გავლენის დასაძლევად ასეთი მრავალსექტორული, „სისტემური“ მიდგომის გატარების ნაცვლად, საქართველომ აირჩია განსხვავებული „პერსონალური მიდგომა“ და მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტის გადამუშავებულ ვარიანტში სადამსჯელო ზომებისა და შეზღუდვების უმეტესობა გაუქმებულია, შესაძლო პოლიტიკური მიზნებით კანონის ბოროტად გამოყენებამ შესაძლოა, საფრთხეს შეუქმნას კანონის უზენაესობასა და პოლიტიკურ პლურალიზმს", – აცხადებს ვენეციის კომისია.
ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა, შემუშავდეს კორექტირებული, დამატებითი ან ურთიერთშემავსებელი კანონმდებლობა, ან ზომები, რომლებიც შემდეგს მოიცავს:
- ეფექტიანი კონკურენციის პოლიტიკის ჩამოყალიბებას და განხორციელებას;
- მაღალი დონის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას და პრევენციას, კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი ქვეყნების ჯგუფის(GRECO) რეკომენდაციების შესაბამისად;
- სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების დაცვას;
- მედიის პლურალიზმისა და მედიის მფლობელობის გამჭვირვალობის განმტკიცებას;
- ფულის გათეთრების საწინააღმდეგო პოლიტიკის შემდგომ გაუმჯობესებას;
- პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო კამპანიების დაფინანსების წესებისა და კონტროლის მექანიზმების გაძლიერებას;
- ცვლილებებს საგადასახადო კანონმდებლობაში;
- ძირითადი მარეგულირებელი და მაკონტროლებელი ორგანოების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის გაძლიერებას;
- შეფასებას, თუ როგორ შეუძლია სხვადასხვა ინსტიტუტს (ანტიკორუფციულ ორგანოებს, ანტიმონოპოლიურ კომიტეტს, სახელმწიფო აუდიტს, საბანკო ზედამხედველობის ორგანოებს და ა.შ.) უკეთ იმუშაონ ერთად, რათა თავიდან აიცილონ და აღმოფხვრან ოლიგარქიული გავლენა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე.
მოგვიანებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ "როგორც კი ევროკომისია თავისი 12 პუნქტიდან დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერს ამოიღებს, მაშინვე გააუქმებენ კანონს".
მისივე თქმით, ვენეციის კომისიისა და ევროკომისიის რეკომენდაციებს შორის წინააღმდეგობაა. კერძოდ, მმართველი გუნდის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ვენეციის კომისიას პერსონალიზებული მიდგომა არ მოსწონს, ევროკომისია კი პირიქით, პერსონალიზებულ მიდგომას მოითხოვს:
"თუ ერთმანეთში შეთანხმდებიან ევროკომისია და ვენეციის კომისია, ჩვენ გავაკეთებთ იმას, რასაც იტყვის ევროკომისია, მაგრამ დღეს ვენეციის კომისია გვეუბნება ერთს და ევროკომისია გვეუბნება მეორეს. კერძოდ, ვენეციის კომისია ამბობს, რომ არ მოსწონს პერსონალიზებული მიდგომა და ამბობს, რომ სხვადასხვა სფეროში რეფორმები უნდა გატარდეს, რაც ისედაც კეთდება. ევროკომისია ამბობს, რომ ჩვენ პერსონალიზებული მიდგომით უნდა წავიდეთ. ის საუბრობს სწორედ დეოლიგარქიზაციაზე. სიტყვა დეოლიგარქიზაციაც ნიშნავს პერსონალიზებულ მიდგომას. ამიტომ გამოდის, რომ ვენეციის კომისიას არ მოსწონს პერსონალიზებული მიდგომა და ევროკომისია გვეუბნება რომ ჩვენ უნდა გავყვეთ პერსონალიზებულ მიდგომას. როგორც კი ევროკომისია დაეთანხმება ვენეციის კომისიას და როგორც კი ამოიღებს ჩანაწერს დეოლიგარქიზაციის შესახებ მისი 12 პუნქტიდან, მაშინვე ჩვენ გავაუქმებთ იმ კანონს, რომელიც იქნება მიღებული სამი მოსმენით ამ თვის ბოლომდე. სწორედ ამისათვის ჩვენ გადავწევთ კანონის ამოქმედებს ვადას 1 მარტამდე. თუ ევროკომისია გაიზიარებს დეკემბერში ვენეციის კომისიის რეკომენდაციას, ამ შემთხვევაში თებერვალში გაუქმდება ჩვენს მიერ მიღებული კანონი, მაგრამ თუ ევროკომისია არ გაიზიარებს ვენეციის კომისიის მიდგომას ამ შემთხვევაში ჩვენ მოგვიწევს ამ კანონის მიღება".


