აბაშიძე – ჩანაწერზე: "საუბარი შედგა, მაგრამ ტექსტი შინაარსობრივად „ფეიკია“

14-06-2023 18:43:22 ინტერვიუ

ინტერნეტში ჩანაწერი გავრცელდა, რომელიც აღწერის მიხედვით, 2021 წლის 1 აპრილს ჯერ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეცწარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და მარკ ზილბერკვიტს შორის, შემდეგ კი კვლავ ზურაბ აბაშიძესა და კრემლის პროპაგანდისტის ვლადიმირ პოზნერს შორის შედგა. ჩანაწერის მიხედვით, საუბარი მას შემდეგ გაიმართა, რაც საქართველოში დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოსულ რუს ტელეწამყვანს ქვეყნის დატოვება მოუხდა სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების პროტესტის გამო. ისინი აცხადებდნენ, რომ პოზნერი კრემლის პროპაგანდის ერთ-ერთი სახე და საქართველოს და უკრაინის ოკუპაციის და ანექსიის აქტიური მხარდამჭერია და მას საქართველოს ტერიტორიაზე არ უნდა უშვებდნენ.

საკმაოდ ვრცელი ჩანაწერის მიხედვით, ზურაბ აბაშიძე ცდილობს ჯერ ზილბერკვიტს, შემდეგ პოზნერს აუხსნას, რომ ეს ადამიანები „ნაციონალური მოძრაობის“ დაქირავებულები არიან, რომ მხოლოდ 50–მდე კაცის მობილიზება შეუძლიათ, მათ უწოდებს ნაცისტებს და სთხოვს, რომ ამას ყურადღება არ მიაქციონ.

„აქცენტი“ კომენტარისთვის ზურაბ აბაშიძეს დაუკავშირდა.

ზურაბ აბაშიძე: პირველი, მარკ ზილბერკვიტის ვიცნობ ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან, როდესაც ელჩად მოსკოვში ვმუშაობდი. ის არასდროს არ ყოფილა ოფიციალური პირი და არც ახლა უკავია რაიმე ოფიციალური თანამდებობა. საერთოდ, ამერიკაში ცხოვრობს მე მგონი. მეორე, ეს ჩვენი საუბარი სამი წლის წინ შედგა, მაგრამ ამ საუბრის ტექსტი არის დაგლეჯილი, დამახინჯებული, შინაარსობრივად ეს „ფეიკია“. ეტყობა, სამი წელიწადი ამას ამონტაჟებდნენ. ამიტომ, „ფეიკის კომენტარს შინაარსობრივად არ გავაკეთებ. როდესაც რამდენიმე თვის წინ გამოაქვეყნეს ჩემი საუბარი კარასინთან [რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოსთან ურთიერთობების საკითხთა კურატორი – რედ.], მე მაშინ მოვისმინე და ვთქვი, ეს საუბარი ავთენტურია და დავადასტურე, რომ საუბარიც იყო და შინაარსობრივად ავთენტური იყო. ახლა ვამბობ, რომ საუბარი სამი წლის წინ იყო, სამი წლის შემდეგ ეს ტექსტი დაუმონტაჟებიათ, ამიტომ, შინაარსობრივად ის „ფეიკია“ და „ფეიკის კომენტარს არ გავაკეთებ. ეს არის ჩემი კომენტარი.

პოზნერთან საუბარი შედგა? სადაც უკვე, ასე ვთქვათ, სავარაუდოდ თქვენ ცდილობთ ახსნას, რომ ეს ადამიანები (რომელთაც პოზნერის საქართველოში ვიზიტი გააპროტესტეს) მოსყიდულები არიან?

– საუბარი შედგა, მაგრამ თვითონ საუბრის ტექსტი არის დამახინჯებული, დაგლეჯილი, „ფეიკი“!

– პოზნერის ნაწილშიც? ეს ჩანაწერი ორი ნაწილისგან შედგება...

– მთლიანად შიგნით არის შინაარსობრივად „ფეიკი“. ამიტომ, ვიმეორებ, საუბარი შედგა. ჩვენ იქ სხვა თემაზე ვსაუბრობდით კიდევ, მაგრამ აი, შინაარსობრვად ეს „ფეიკია“. ამის კომენტარს არ გავაკეთებ.

– ანუ, „ნაცისტები“, „ენმ–ის დაქირავებულები“, „ძალიან გთხოვთ, ნუ მიაქცევ ყურადღებას“, ეს...

– მოდით ასე...თქვენ ცდილობთ...ამის კომენტარს...

– გარკვევას ვცდილობ. რაც მოვისმინეთ, ქართველისთვის, ასე ვთქვათ, გამაღიზიანებელია, ხოლო როგორც ჟურნალისტი, უბრალოდ კითხვას ვსვამ...

– ვამბობ, შინაარსობრივად არის „ფეიკი“, „ფეიკის“ კომენტარს არ გავაკეთებ. დამონტაჟებული ტექსტია. ეტყობა, სამი წელიწადი ამონტაჟებდნენ ამას და დაამონტაჟეს ისე, როგორც უნდოდათ. ეს რომ ნამდვილი ყოფილიყო შინაარსობრივად, ვიტყოდი, რომ ნამდვილია ისე, როგორც ვთქვი კარასინთან იმ საუბრის შემთხვევაში, რომელიც გამომიქვეყნეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები