კობახიძე: გვიწევს, რომ "ნაციონალებს" დედა ვაგინოთ
14/06/2023 15:30:53 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, უმრავლესობის წევრებს უწევთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს დედა აგინონ.
მისი თქმით, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მმართველი პარტიის წარმომადგენლებს რუბლებს აყრიან, მათაც უწევთ, რომ შეაგინონ, რადგან ამ დროს სხვას ვერაფერს გააკეთებენ.
„ნაცმოძრაობა თვითონვე მოდის რუსული რუბლებით, ისვრის პარლამენტის სხდომათა დარბაზში, მერე ტაშს უკრავენ სხვა ნაციონალები. ჩვენ აქ რა უნდა გავაკეთოთ? მერე გვიწევს, რომ დედა ვაგინოთ ნაციონალებს, კი ირგებენ ამას, მაგრამ მაინც პოლარიზაციაა ეს ყველაფერი. რა ვქნათ? როგორ უნდა გააკეთო ასეთ პირობებში დეოლიგარქიზაცია? როდესაც მოდიან ნაციონალები რუსული რუბლებით, მერე ესვრიან ამათ პარლამენტის სხდომათა დარბაზში, მერე მეორე ნაციონალი ამას ტაშს უკრავს, ჩვენ დედას ვაგინებთ ნაციონალებს, ისინი ირგებენ, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ეს არის პოლარიზაცია. აქ რა უნდა გავაკეთოთ? ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ ამ შემთხვევაში? ვერაფერს ვერ გავაკეთებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის სხდომათა დარბაზში შესვენების დროს, როცა სივრცე ჟურნალისტებს დაატოვებინეს, დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. დეპუტატ ანი წითლიძის მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში ისმის, რომ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის რეაქცია გამოიწვია "მოღალატის" ხსენებამ.
"ყველამ დაიმახსოვრეთ, დედას შევიგინები, როგორც კი მაგ სიტყვას ახსენებთ. რამე გინდა? - მითხარი! დედას შევიგინები მოღალატეს ახსენებთ თუ არა, იმიტომ რომ მთელი ცხოვრება რუსულ საქმეს აკეთებდით. აგერ, დევი [ჭანკოტაძე] ხომ არის? თქვი, აბა, დაგაბრალეს თუ არა ომის დაწყება რეზოლუციით? თქვენ ხართ ქვეყნის მტრები და მოღალატეები! - მე ასე გეუბნებით და თქვენ რომ იტყვით, რა პასუხს გაგცემთ, გაიგებთ", - ამბობს მამუკა მდინარაძე წითლიძის მიერ გავრცელებულ კადრებში.
მოგვიანებით მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან კომენტარში აღნიშნა, რომ "გაცილებით უარესიც" უთხრა კოლეგებს:
"კამერები როცა გასული იყო, ვისაც რა ეკუთვნოდა, ის ვუთხარი. მეტს არ ვიტყვი, იყო ისეთი რამ, რაზეც კამერებთან არ ვსაუბრობ".
დეპუტატებს შორის კონფლიქტს წინ უსწრებდა სხდომათა დარბაზში სტუმრად მყოფი ერთ-ერთი შშმ ბავშვის მშობლის მიერ ლოჟიდან საპროტესტო ბანერის გადმოფენა, რომელსაც ეწერა: "არა ორიენტაციაარეულ ქოც-რუსულ მთავრობას დაოჯახებულებისგან". ამასთან მან "რუსული რუბლი" გადაყარა. კრისტო ტალახაძეს პარლამენტის თავმჯდომარემ "არაადეკვატური საქციელის მქონე" უწოდა. მას სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს.
მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საპროტესტო ბანერის სხდომათა დარბაზში გადმოფენას "ლიბერალური ფაშიზმი" უწოდა, კრისტო ტალახაძე კი "ნაციონალურ მოძრაობას" დაუკავშირა.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ თქვა, რომ ეს იყო "ადამიანური ფაქტორების მერკანტილური მოტივებით" გამოყენება.
ეს იყო 10 ივნისს ირაკლი კობახიძის განცხადების საპასუხოდ მოწყობილი პერფორმანსი: 10 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა კობახიძეს კიბეებზე რუსული რუბლების ასლები დაუყარეს. მოგვიანებით მან ახალგაზრდებს „ყველანაირ ორიენტაცია არეულები“ უწოდა და დაოჯახება ურჩია.მან იგივე ფორმულირება გამოიყენა მარტის აქციების მონაწილის, ამჟამად წინასწარ პატიმრობაში მყოფი ლაზარე გრიგორიადისის მისამართით. გრიგორიადისს გამოძიება პოლიციელებისთვის მოლოტოვის კოქტეილის სროლას და საპატრულო პოლიციის მანქანის დაწვას ედავება.


