ჰერჩინსკი: დეოლიგარქიზაციის პრიორიტეტზე 27 წევრი ქვეყანა შეთანხმდა, ველით სისტემურ მიდგომას
15/06/2023 10:19:15 პოლიტიკა
საქართველოში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, დეოლიგარქიზაცია ევროკომისიის 12 შესასრულებელ რეკომენდაციას შორის მეხუთეა და მასზე 27 წევრი ქვეყანაა შეთანხმებული. მისი თქმით, ისინი საქართველოსგან პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში კერძო ინტერესების გადაჭარბებული გავლენის საკითხის მოგვარებას ელოდებიან, "სისტემური მიდგომით".
"ეს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სხვა ბევრი ქვეყნის, განსაკუთრებით ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების პრობლემაა. ვენეციის კომისიამ მკაფიოდ თქვა, რომ მმართველი უმრავლესობის მიერ არჩეული მიდგომა, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი, არ არის სწორი მიდგომა და უამრავ რისკს შეიცავს. სწორედ ამიტომ, ჩვენ მოველით სისტემურ მიდგომას, როგორც ეს ვენეციის კომისიის დასკვნაშია ნათქვამი და სისტემური მიდგომა ნიშნავს ბევრ სხვადასხვა რამეს, რაც უნდა გაკეთდეს საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების გასაძლიერებლად. ეს ეხება ანგარიშვალდებულებას, ეხება გამჭვირვალობას, პოლიტიკური კამპანიების დაფინანსებას, არჩევნების დაფინანსებას, ეხება მედიის თავისუფლებას, მართლმსაჯულების რეფორმასა და მაღალი დონის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას.ერთიანი გარემოს შექმნაა საჭირო, რათა მდიდარ ადამიანებს არ მიეცეთ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაზე გავლენის საშუალება და ჩვენ, ევროკავშირი, აქ ვართ, რათა დავეხმაროთ საქართველოს", - განაცხადა დიპლომატმა.
13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო. საკითხის განხილვას წინ უძღოდა ვენეციის კომისიის დასკვნა. ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი განაცხადოს დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის გადამუშავებულ ვარიანტზე და ქვეყანაში ოლიგარქიულ გავლენასთან საბრძოლველად არსებული სისტემური ზომების ღრმა და ყოვლისმომცველი ანალიზი ჩაატაროს.
"ქვეყანაში ოლიგარქიული გავლენის წინააღმდეგ საბრძოლველად ამჟამად გათვალისწინებული „პიროვნული მიდგომის“ ნაცვლად, უნდა გატარდეს „სისტემური“ მიდგომა", – აცხადებს ვენეციის კომისია.
ამ დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ "როგორც კი ევროკომისია თავისი 12 პუნქტიდან დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერს ამოიღებს, მაშინვე გააუქმებენ კანონს".
ვენეციის კომისიის დასკვნას გამოეხმაურა ევროკავშირის წარმომადგენლობაც. მათ განცხადებაში წერია, რომ ევროკავშირი ეთანხმება და მხარს უჭერს ვენეციის კომისიას, რომლის რეკომენდაციაა, საქართველომ უარი თქვას "დეოლიგარქიზაციის კანონზე".


