ჯორჯიის შტატის გუბერნატორი: ქართველებს, რა თქმა უნდა, ესმით რას გადიან უკრაინელები ახლა
15/06/2023 11:46:32 პოლიტიკა
ჯორჯიის შტატის გუბერნატორმა ბრაიან კემპმა სოფელ წილკანში აშშ-ის სამხედრო დახმარებით აშენებული მზრუნველობამოკლებულ მოხუცთა თავშესაფარი გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ–ის საელჩო ავრცელებს.
"ჯორჯიის შტატის გუბერნატორი ბრაიან კემპი პირველი ამერიკელი გუბერნატორია, რომელიც ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იმყოფება. ჯორჯიის შტატი, განსაკუთრებით კი მისი ეროვნული გვარდია, ათწლეულებია საქართველოს ახლო პარტნიორები არიან, იწვრთნებიან და მსახურობენ ერთად. ამიტომ, გუბერნატორ კემპისთვის გამორჩეულად საამაყო იყო სოფელ წილკანში აშშ-ის სამხედრო დახმარებით აშენებული მზრუნველობამოკლებულ მოხუცთა თავშესაფრის გახსნა. ეს პროექტი შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ რაოდენ მრავალმხრივია ჩვენი ორი ქვეყნის თანამშრომლობა და რისი გაკეთება შეგვიძლია ერთობლივი ძალებით", – აცხადებს საელჩო.
თავის მხრივ, გუბერნატორმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მზრუნველობამოკლებულ მოხუცთა თავშესაფრის გახსნა საქართველოსა და ჯორჯიის შტატს შორის არაჩვეულებრივი თანამშრომლობის შედეგია.
"ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ვიმყოფებით აქ, ამ არაჩვეულებრივი დაწესებულების გახსნაზე, ჩვენს უკან დგას არაჩვეულებრივი თანამშრომლობის შედეგი, რომელიც საქართველოსა და ჯორჯიის შტატს შორის ათწლეულების განმავლობაში ხორციელდება. გენერალი კარდენია აქ წარმოდგენილი, რომელიც ამ პარტნიორობას ხელმძღვანელობს. ამ შენობის გახსნა არის იმ საერთო ფასეულობების გამოხატულება, რომელიც ამერიკელ და ქართველ ხალხს გვაერთიანებს. ეს დაწესებულება იძულებით გადაადგილებულ პირთათვის აშენდა, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენს საერთო ფასეულობებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მთავრობას, ქართველ ხალხს, ჩვენ განსაკუთრებით ვუჭერთ მხარს იმას, რასაც ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები და საქართველოს ეროვნული გვარდია აკეთებენ აქ დიდი ხანია. ცხადია, აქ ხალხს ესმის გეოპოლიტიკა, რა ხდება მსოფლიოში ახლა, აშშ-ის ჩართულობა და, რა თქმა უნდა, ომი უკრაინაში. ქართველებს, რა თქმა უნდა, ესმით ახლა რას გადიან უკრაინელები. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ვაგრძელებთ ასეთ შესანიშნავ პარტნიორობას აშშ-ის ჯორჯიის შტატსა და საქართველოს შორის", – განაცხადა გუბერნატორმა.


