რა საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას საგარეო საქმეთა მინისტრი პარლამენტში გამოსვლისას
16/06/2023 09:09:53 პოლიტიკა
დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს პარლამენტში დეპუტატები მინისტრის საათის ფორმატში მოუსმენენ. მოხსენებაში, რომლის ტექსტი პარლამენტის ვებ–გვერდზე გამოქვეყნდა, მინისტრი საგარეო პოლიტიკის ყველა მიმართულებას მიმოიხილავს და მისი უწყების საქმიანობას აჯამებს.
ევროკავშირში გაწევრიანება
მისნიტრი მოხსენებას ევროინტეგრაციის თემით, კერძოდ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების მნიშვნელობასა და 12 პრიორიტეტზე საუბრით იწყებს. თუმცა იგი ცალ-ცალკე არ მიმოიხილავს თითოეული პუნქტის შესრულების დონეს.
მის მოხსენებაში აღნიშნულია, რომ პრიორიტეტებზე მუშაობის პროცესი ინკლუზიურ ფორმატში წარიმართა და ახლა "დასკვნით ეტაპზეა":
"საქართველოს პარლამენტის ინიციატივითა და კოორდინაციით, სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო სექტორის ჩართულობით, პრიორიტეტებზე მუშაობის პროცესი წარიმართა ინკლუზიურობისა და გამჭვირვალეობის პრინციპების სრული დაცვით. შედეგად, მოცემულ ეტაპზე, საქართველო 12 პრიორიტეტის შესრულების დასკვნით ფაზაზეა. ველით, რომ ევროკომისია სამართლიანად და დამსახურების პრინციპის საფუძველზე შეაფასებს საქართველოს პროგრესს 12 პრიორიტეტის შესრულების კუთხით და შემოდგომაზე გაფართოების პაკეტის შეფასებისას გასცემს რეკომენდაციას ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ".
მინისტრი შენიშნავს, რომ საქართველოსთვის, კანდიდატის სტატუსის მინიჭება, "რომელსაც ჩვენი ქვეყანა შარშანაც იმსახურებდა", იქნება კიდევ ერთი ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც ფორმალურად გაამყარებს საქართველოს პოზიციონირებას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, ხელს შეუწყობს დეპოლარიზაციას ქვეყნის შიგნით და იქნება მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორი მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების კუთხით: "ხაზგასასმელია, რომ ამის რეალური საფუძველი არსებობს".
დარჩიაშვილი აცხადებს, რომ საქართველო ბოლო ათწლეულის განმავლობაში იყო და დღესაც ინარჩუნებს წამყვანი რეფორმატორი ქვეყნის სტატუსს ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო რეგიონში და "მნიშვნელოვნად წინაა ევროკაშირის მოთხოვნებთან, როგორც საკანონმდებლო, ასევე ინსტიტუციური დაახლოვების ხარისხით".
მინისტრი აღნიშნავს იმასაც, რომ საქართველოს, ასოცირების შეთანხმების მხრივ შესრულებული აქვს ვალდებულებების, დაახლოებით, 50%, ხოლო DCFTA-ის ვალდებულებების 60%-ზე მეტი.
ნატო-ში ინტეგრაცია
ილია დარჩიაშვილი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან დაახლოების კუთხით მოხსენებაში წერს, რომ ქართულმა მხარემ "ქმედითი ნაბიჯები" გადადგა სხვადასხვა მიმართულებით:
"გაიმართა მაღალი დონის ვიზიტები, როგორც ნატოს შტაბ-ბინაში, ისე საქართველოში, რომლის დროსაც მოკავშირეებთან ერთად განიხილებოდა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ყველა აქტუალური საკითხი და სამომავლო პერსპექტივები".
ტექსტში, იგი მიმოიხილავს თითოეულ ვიზიტს და მის შედეგს, მათ შორის, აღნიშნავს, რომ პრემიერ-მინისტრისა და ნატოს გენერალურ მდივნის, იენს სტოლტენბერგის შეხვედრას და საქართველოში კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ხავიერ კოლომინას ორჯერ ვიზიტს;
მინისტრი აღნიშნავს, რომ საქართველო ეფექტიანად იყენებდა ნატო-ში ინტეგრაციის ყველა ინსტრუმენტს: ნატო-საქართველოს კომისიას (NGC), წლიურ ეროვნულ პროგრამასა (ANP) და ნატო-საქართველოს არსებით პაკეტს (SNGP).
სამომავლო გეგმებზე საუბრისას დარჩიაშვილი შემდეგს აღნიშნავს:
- ევრო-ატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკისუმნიშვნელოვანესი ამოცანა და ერთ-ერთი უმთავრესი ხელშემწყობი ფაქტორია ქვეყნისუსაფრთხოების განმტკიცებისა და სტაბილური განვითარებისთვის.
- ქართული მხარე აქტიურად გააგრძელებს მუშაობას ივლისში ვილნიუსის სამიტზესაქართველოს სათანადოდ წარმოჩენის უზრუნველსაყოფად;
- გაგრძელდება მუშაობა არსებული პოლიტიკური და პრაქტიკული ინსტრუმენტების, ნატოსაქართველო კომისიის, წლიური ეროვნული პროგრამის და გაძლიერებული ნატოსაქართველოს არსებითი პაკეტის გამოყენებით;
- საქართველო, როგორც შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურის განუყოფელი ნაწილი,გააგრძელებს ალიანსთან სტრატეგიულ დისკუსიებში მონაწილეობას და გააღრმავებსპრაქტიკულ თანამშრომლობას, ნატოს შესაბამისი გადაწყვეტილებების შესაბამისად;
- საქართველო კვლავ იქნება ალიანსის მნიშვნელოვანი პარტნიორი საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში და გააგრძელებს გაძლიერებული შესაძლებლობების მქონე პარტნიორის სტატუსით მინიჭებული შესაძლებლობების გამოყენებას, ასევე აქტიურად გაგრძელდება მუშაობა ნატოს საპარლამენტო ასამბლეასთან.
- გაგრძელდება ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში ნატოს წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობა
ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება
რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის თემის კონტექსტში მინისტრი საუბრობს მისი სამინისტროს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე:
- "დიპლომატიური თუ სამართლებრივი ინსტრუმენტის გამოყენება საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზების უზრუნველყოფისთვის;
- საერთაშორისო სასამართლოებში, კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში, საქართველოს წარმატებები;
- მნიშვნელოვან ინსტრუმენტად რჩება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები, რომელიც ერთადერთი ფორმატია ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების საკითხზე;
- ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან თანამშრომლობა;
- გრძელდებოდა მუშაობა არაღიარების პოლიტიკის განმტკიცების მიმართულებით".
მინისტრი ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად ასახელებს საერთაშორისო ძალისხმევის მობილიზებას რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. კერძოდ, გაგრძელდება აქტიური თანამშრომლობა როგორც სხვადასხვა ქვეყანასთან, ასევე შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგში და ყველა შესაბამის ფორმატში აქტიურად იდგეს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებასთან დაკავშირებული პრიორიტეტული საკითხები:
- "რუსეთის ფედერაციის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების, პირველ რიგში კი, ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების სრულად შესრულება;
- იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნება;
- საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფა;
- ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა და ადამიანის უფლებათა მონიტორების დაშვება".
ორმხრივი ურთიერთობები
- მინისტრი მოხსენებაში საუბრობს საქართველოს ურთიერთობებზე სხვადასხვა ქვეყნებთან, მათ შორის აშშ–სა და უკრაინასთან.
დარჩიაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს მთავარ სტრატეგიულ მოკავშირესთან, აშშ-სთან დინამიურად ვითარდებოდა თანამშრომლობა, როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო დონეზე:
"შეერთებული შტატები აქტიურად უჭერს მხარს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების განმტკიცებას, ნატოში ინტეგრაციას, ასევე დემოკრატიული რეფორმების განხორციელების და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებებს".
მინისტრი გამოყოფს აშშ-ის მიერ რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ ამოქმედებულ სანქციებისა და შეზღუდვების შესრულების საკითხს:
"ვაშინგტონი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ ამოქმედებული სანქციებისა და შეზღუდვების შესრულების საკითხს. ამ მხრივ, აღსანიშნავია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წლის 29 ივლისის „საქართველოში საინვესტიციო კლიმატის“ თაობაზე მოხსენება, რომლის თანახმადაც, საქართველო სრულფასოვნად იცავს ფინანსური სანქციების რეჟიმს და იღებს შესაბამის ზომებს, რათა ქვეყნის ტერიტორია არ იქნეს გამოყენებული სანქციებისა და შეზღუდვების გვერდის ავლისთვის. ამასთან, ამერიკული მხარე ფორმალურ თუ პირად საუბრებში, ცალსახად დადებითად აფასებს საქართველოს მიერ სანქციების რეჟიმის დაცვას".
ილია დარჩიაშვილი აღნიშნავს იმასაც, რომ უმაღლეს ნიშნულზეა აშშ-თან თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში.
"2023 წლის მარტში, აშშ-ის კონგრესში, სენატორების ჯინ შაჰინისა და მიტ რომნის მიერ ინიცირდა ორპარტიული „შავი ზღვის უსაფრთხოების აქტი“. დოკუმენტში ხაზგასმულია რეგიონის მნიშვნელობა ევრო-ატლანტიკური სივრცისა და გლობალური უსაფრთხოებისთვის; აშშ-ის აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ გამოთქმულია მოწოდება შავი ზღვის რეგიონთან დაკავშირებით ქმედითი სტრატეგიის შემუშავების შესახებ; აქტი ხაზს უსვამს თავდაცვის, უსაფრთხოების, პოლიტიკისა და ეკონომიკის სფეროში აშშ-სა და საქართველოს შორის თანმშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას", – აცხადებს დარჩიაშვილი.
იგი ასევე საუბრობს საქართველოსა და აშშ-ს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ და აღნიშნავს, რომ "საქართველოსა და აშშ-ს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების და აშშ-იდან ინვესტიციების წახალისების მიზნით, მათ შორის, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყების საკითხზე პროგრესის მისაღწევად, გრძელდება მუშაობა აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის ოფისის, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე ბიზნესისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებთან (2023 წლის 4-6 აპრილს, საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის კომერციის მდივნის თანაშემწე საერთაშორისო ბაზრების საკითხებში, არუნ ვენკატარამანი, ხოლო 11 აპრილს, აშშ-ის კომერციის მდივნის თანაშემწე ექსპორტისადმინისტრირების საკითხებში, თია როზმან კენდლერი)".
რაც შეეხება უკრაინასთან საქართველოს ურთიერთობას მინისტრი შემდეგს აღნიშნავს:
"უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების დღიდან, საქართველო მტკიცედ განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას როგორც პოლიტიკური და დიპლომატიური, ასევე ჰუმანიტარული მიმართულებით. უკრაინისადმი საქართველოს სოლიდარობა საერთაშორისო პლატფორმების ფარგლებში მტკიცე პოზიციებით, რეზოლუციების თანა-ავტორობით, თანა-სპონსორობის, თუ განცხადებებზე მიერთების გზით გამოიხატება. საერთაშორისო ორგანიზაციებში უკრაინისადმი საქართველოს მხარდამჭერი განცხადებების, დეკლარაციების და გადაწყვეტილებების რაოდენობა 500-ს აჭარბებს. საქართველო მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ და ფინანსურ დახმარებას უწევს უკრაინას, მათ შორის, საქართველოში მყოფ 20 000-ზე მეტ უკრაინელს, სხვადასხვა სოციალური და საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით. ომით დაზარალებული უკრაინელი ბავშვებისთვის, ამ დრომდე, განხორციელდა საქართველოში დასვენებარეაბილიტაციის ხუთი პროექტი. საქართველო, როგორც ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის თანა-დამფუძნებელი და აქტიური წევრი, ყოველწლიურად, უმაღლეს დონეზე მონაწილეობს პლატფორმის სამიტებში. 2022 წლის ოქტომბერში, ზაგრებში ყირიმის პლატფორმის პირველ საპარლამენტო სამიტში მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. საქართველო მიერთებულია ყირიმის პლატფორმის ფარგლებში მიღებულ ყველა ერთობლივ განცხადებას".
მინისტრის მოხსება ითვალისწინებს ასევე შემდეგ საკითხებს: მრავალმხრივი დიპლომატია, უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევები და შეიარაღებაზე კონტროლი, ეკონომიკური დიპლომატია, კულტურული დიპლომატია, დიასპორასთან ურთიერთობა , საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების უფლებების და კანონიერი ინტერესების დაცვა და სტრატეგიული კომუნიკაციები.


