სამადაშვილი – დარჩიაშვილს: ითხოვს თუ არა ევროკავშირი საქართველოსგან ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას ან არის თუ არა სხვა მოთხოვნა, რომელიც შეუთავსებელია ჩვენს ღირებულებებთან?
16/06/2023 10:06:06 პოლიტიკა
"ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში მისულ საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს რამდენიმე კითხვით მიმართა.
"მე მაინტერესებს მოვისმინო თქვენგან პასუხი შეკითხვაზე, ითხოვს თუ არა ევროკავშირი საქართველოსგან ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას, ან სქესის გადაკეთების დაკანონებას, იმისთვის, რომ ჩვენ ქვეყანას მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი - კი თუ არა? ან რაიმე სხვა მოთხოვნა თუ არის, რომელიც არის შეუთავსებელი ჩვენს ღირებულებებთან, როგორც ამაზე ხშირად აპელირებენ იმ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, რომლის ხელისუფლებასაც თქვენ წარმოადგენთ. თუ შეიძლება, რომ განუმარტოთ საზოგადოებას. მეორე შეკითხვა, მაინტერესებს იზიარებთ თუ არა GLOBSEC-ზე პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომი გამოიწვია იმან, რომ უკრაინას სურდა ნატო-ში გაწევრიანება? თუ იზიარებთ ამ შეხედულებას, მაშინ რა მიზნით მიემართებით ნატო-ს სამიტზე, დაპატიჟებული ხართ როგორც ვიცი, და აქვე გკითხავთ, რატომ არ არის მიწვეული პრემიერ- მინისტრი ამ სამიტზე? ასევე, მაინტერესებს თქვენგან მოვისმინო პასუხი შეკითხვაზე, რატომ უერთდება საქართველო სულ უფრო იშვიათად ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში გაკეთებულ განცხადებებს და მიგაჩნია თუ არა თქვენ, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრს, რომ მკვეთრი აცდენა ევროკავშირის საგარეო -პოლიტიკურ კურსთან ხელს უწყობს ამ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას? სჭირდება თუ არა ევროკავშირს მის რიგებში რუსეთის მეხუთე კოლონის წარმომადგენლები, რომლებიც დაბლოკავენ მის საგარეო პოლიტიკურ გადაწყვეტილებას?", -მიმართა სამადაშვილმა დარჩიაშვილს.
იგი ასევე დაინტერესდა, ეთანხმება თუ არა მინისტრი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მიმდინარე თვის ბოლოს დასრულდება 12 რეკომენდაციაზე მუშაობის პროცესი.


