გიორგი ვაშაძე – ილია დარჩიაშვილს: "როგორც მინისტრს, მოგთხოვათ თუ არა ვინმემ, რომ საქართველო ომში ჩაერთოს?"
16/06/2023 10:20:01 პოლიტიკა
"როგორც მინისტრს, მოგთხოვათ თუ არა ვინმემ, რომ საქართველო ომში ჩაერთოს?", - ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს, რომელსაც პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.
გარდა ამისა, ვაშაძე დაინტერესდა იმ ფაქტითაც, ევროპელი პარტნიორების რა პოზიციაა მინისტრისთვის ცნობილი 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით.
" მაინტერესებს, ევროკავშირში ვინმემ თუ მოგიწონათ, თუ გითხრათ, „ყოჩაღ, მაგრები ხართ ეს "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონი რომ მიიღეთო“?! უმრავლესობის მხრიდან ხშირად არის პირდაპირი თავდასხმები ევროპელ პარტნიორებზე, მათ შორის ევროპელ პარლამენტარებზე. მაინტერესებს, ვინმემ, რომელიმე შეხვედრაზე თუ მოგიწონათ, „ყოჩაღ, ქართველებო!“, „ყოჩაღ, საქართველოს მთავრობა, საქართველოს ხელისუფლება, რომ ესხმით თავს და გამოირჩევით ანტიდასავლური რიტორიკით. აი, ზუსტად ეგ არის გზა, რომელიც თქვენ ხელს შეგიწყობთ ევროკავშირში ინტეგრაციისკენ!“ თუ შეგიძლიათ დამისახელოთ ერთი მაღალი რანგის თანამდებობის პირი მაინც, ევროპაში, ევროკავშირში, რომელმაც მოგიწონათ, „ყოჩაღ, 12 პუნქტი მაგრად არის შესრულებული და, რა თქმა უნდა, საქართველოს ეკუთვნის ევროკავშირის სტატუსი“. როდესაც თქვენი უმრავლესობის ლიდერები საუბრობენ გლობალური ომის პარტიაზე, "მხილების“ დიდი კამპანია რომ გაქვთ მოწყობილი, თუ არის ვინმე საერთაშორისო ასპარეზზე, ვინც თქვენ მოგიწონათ, ტაში დაგიკრათ, რომ „ყოჩაღ, საქართველო, როგორ ამხელთ გლობალური ომის პარტიას!“ მითხარით, ვინმემ საერთოდ მოგთხოვათ თქვენ როგორ საგარეო საქმეთა მინისტრს, საქართველო რომ ჩაერთოს ომში? დაბოლოს, თუ საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი, იღებთ თუ არა თქვენ, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი თქვენს გუნდთან ერთად პასუხისმგებლობას?“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.


