რას ასამარებს საქართველოს შიდა კრიზისი: "მივიღებთ იმას, რომ რუსეთი დამშვიდდება"

20-11-2019 15:52:16 თვალსაზრისი ,კომენტარი

ხელისუფლება ცდილობს, არ შეიმჩნიოს, თუმცა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი გრძელდება: პროცესებმა პარლამენტიდან ქუჩაში გადაინაცვლა, მოთხოვნების (ძირითადი მოთხოვნა უცვლელია: ბიძინა ივანიშვილმა მის მიერვე გაცემული დაპირება აღასრულოს და ქვეყანა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს პროპორციული საარჩევნო სისტემით შეხვდეს) დაკმაყოფილებამდე ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში დაბრუნებას არ აპირებს, ხელისუფლება კი უკან არ იხევს. ამ ფონზე მმართველი გუნდის წევრებმა, რომლებმაც ივანიშვილის მიერ პირობის გატეხვის შემდეგ მმართველი გუნდი დატოვეს, პროცესების კიდევ უფრო გამწვავებას პროგნოზირებენ... ამ მოვლენებამდე ქართველ ანალიტიკოსთა ნაწილი ვარაუდობდა, რომ სირიაში მიმდინარე პროცესების ფონზე რეგიონზე დასავლეთის ყურადღების კონცენტრირების გათვალისწინებით, ეს შესაძლოა, საქართველოსთვის ევროინტეგრაციის მხრივ გარკვეული „ფანჯარა“ გამხდარიყო. როგორ იმოქმედა ამ კუთხით ქვეყნის შანსებზე პოლიტიკურმა კრიზისმა და ზოგადად როგორ აისახება ქვეყნის იმიჯზე, დემოკრატიულ განვითარებაზე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება? - ამ საკითხებზე „აქცენტი“ საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხთა სპეციალისტ გიორგი გობრონიძეს ესაუბრა.

„რაც დღეს ხდება საქართველოში, კიდევ უფრო ამყარებს განცდას, რომ ქვეყანა შორს არის დემოკრატიის კონსოლიდაციისაგან. საგარეო პოლიტიკური როლის სრულფასოვანი რეალიზებისთვის კი დემოკრატიზაციის შეუქცევადი პროცესია აუციელებელი, რომელიც პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკური ელიტის გარეშე არ არსებობს. როდესაც მმართველი პოლიტიკური ელიტა საზოგადოებას კონკრეტული რეფორმების დაპირებას აძლევს და დაპირება არ სრულდება, ეს ორ რამეს ნიშნავს: ან ვერ გრძნობენ საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებილებას, ან არ შეუძლიათ საკუთარი პოზიციების დათმობა. ორივე მნიშვნელოვან დარტყმას წარმოადგენს ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის“,- ამბობს გიორგი გობრონიძე.

მისივე შეფასებით, პოლიტიკოსის მიერ გაცემული დაპირება უნდა შესრულდეს და ეს მნიშვნელოვანია იმისთვისაც, რომ ქვეყანა ჩვენს პარტნიორებში კვლავინდებურად აღიქმებოდეს წამყვან დემოკრატიად კავკასიის რეგიონსა და მთლიანად პოსტსაბჭოთა სივრცეში, მით უფრო, რომ საქართველოს დასავლური საგარეო პოლიტიკური წარმატებისა და უსაფრთხოების მთავარი გზა სწორედ დემოკრატიულ განვითარებაზე გადის:

„ჩვენ ან ვიქნებით კონსოლიდირებული დემოკრატია და გვექნება ევროპულ ფასეულობებზე აგებული სისტემა, ან ვიქნებით პოსტსაბჭოთა ჭაობი და დავემსგავსებით რეჟიმებს, რომლებიც დღეს ჩვენი მხრიდან დასაცინად აღიქმებიან. შედეგად მივიღებთ იმას, რომ რუსეთის ფედერაცია დამშვიდდება: რატომ ეშინია რუსეთს დასავლური ინსტიტუტების პოსტსაბჭოთა რეგიონში შემოღწევის? - ვინმეს მართლა სჯერა, რომ ნატო-ს წევრი რომელიმე ქვეყანა გეგმავდეს რუსეთის წინააღმდეგ აგრესიის განხორციელებას?! 9 თავი არავის აქვს, რომ ებრძოლოს მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ბირთვულ სახელმწიფოს, რომელსაც პირდაპირ აქვს გაცხადებული, რომ მისი შეიარაღებული ძალების უპირატესობის დაკარგვის შემთხვევაში გამოიყენებს მასობრივი განადგურების იარაღს... რეალურად, საქმე მეორეშია: რუსული პოლიტიკური ელიტა, რომელიც საბჭოთა კავშირის კოლაფსის შემდეგ ქვეყანას მართავს, არ არის ორიენტირებული ქვეყნის მოდერნიზებაზე, არც დემოკრატიზაციაზე, არც სოციალური გარანტიების შექმნაზე; მისთვის მთავარი ამოსავალი წერტილი ძალაუფლების და ეკონომიკურ სიკეთეებზე წვდომის მაქსიმალურად ხანგრძლივი დროით შენარჩუნებაა. აქედან გამომდინარე, მისთვის საფრთხეა პოსტსაბჭოთა რეგიონში ნებისმიერი დემოკრატიული ტრანსფორმაცია და შედეგად მიღწეული ეკონომიკური ზრდა, რაც რუსეთის მოსახლეობას შესაბამის კითხვებს გაუჩენს და გრძელვადიან პერსპექტივაში, რა თქმა უნდა, რუსული მმართველი პოლიტიკური კლასის ლეგიტიმაციის საკითხს დააყენებს დღის წესრიგში. საქართველო, როგორც რეგიონში დემოკრატიზაციის მაგალითი, საფრთხეა არა რუსული სახელმწიფოს, არამედ რუსული პოლიტიკური კლასისთვის, ამდენად, თავად რუსული პოლიტიკური კლასია შეუთავსებელი საქართველოს წარმატებასთან. სწორედ ამიტომ არის პრობლემა, როდესაც საქართველო აფერხებს დემოკრატიულ განვითარებას. ჩვენ ვრჩებით და ვართ განწირულნი, ვიყოთ იმავე ორბიტაზე, რომელზეც ვიყავით 1994-1999 წლებში. ამიტომაა მნიშვნელოვანი, საქართველოს პოლიტიკურ ელიტას ჰქონდეს იმაზე მეტი პასუხსიმგებლობა, ვიდრე რუსულს და რაღაც ეტაპზე საკუთარი ინტერესი ქვეყნის წარმატების გარანტირებისთვის გადადოს. დღეს კი ამას ვერ ვხედავთ. არსებული მოცემულობის შენარჩუნების შემთხვევაში ორი ფუნდამენტური პოლუსი ძლიერდება საქართველოში, რაც პოლარიზაციის ხარისხს გაზრდის და ხელს შეუწყობს უფრო მძლავრი პოლიტიკური კრიზისების განვითარებას“.

გობრონიძის შეფასებით, ქვეყნის შიგნით კრიზისები პარტნიორების დამოკიდებულებაზეც აისახება:

„წარმოიდგინეთ თქვენი თავი დასავლური თანამეგობრობის ადგილზე: თანხებს საქართველოს განვითარებაზე ხარჯავთ, ეს ქვეყანა კი არჩევნებიდან არჩევნებამდე პრეაპოკალიპტურ რეჟიმში ცხოვრობს და არ იცი, არჩევნების შემდეგ საერთოდ დარჩება თუ არა რუქაზე. ამ დონეზე მაღალი ანტაგონისტურობით გამოირჩევა ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები. ამის განსამუხტად შემოთავაზებული საარჩევნო რეფორმა შესაძლოა, გამოსავალი გამხდარიყო პოლიტიკური პროცესების გაჯანსაღებისთვის, თუმცა ითქვა უარი და ეს უკვე ქვეყანას სხვადასხვა ტიპის პრობლემებს უქმნის, მათ შორის - ეროვნული უსაფრთხოების კუთხითაც“.

რაც შეეხება ე.წ. „ფანჯრებს“, გობრონიძე ქვეყნის შიგნით არსებული ვითარების გათვალისწინებით, ამ მხრივ უკვე სკეპტიკურად არის განწყობილი:

„ქვეყანამ, რომელიც ცხოვრობს ღმერთმა იცის, როგორი პოლიტიკური და ეკონომიკური პრინციპებით, შეიძლება, ვისაუბროთ რომელიმე ხელსაყრელი მომენტისა თუ შანსის გამოყენებაზე?! ნაცვლად იმისა, რომ ვატარებდეთ დემოკრატიულ რეფორმებს, დაკავებულები ვართ ორი საკითხით: ვასამარებთ საკუთარ ქვეყანას და შემდეგ ვმკითხაობთ, ვინმე გააკეთებს თუ არა ჩვენს გასაკეთებელ საქმეს? იმდენად დავამძიმეთ ქვეყნის შიგნით ვითარება, რომ ახლო თუ შორეულ აღმოსავლეთში, ლათინურ ამერიკაში თუ მარსზე რა ხდება - აღარ გვეხება, ვერც ცუდ და ვერც კარგ კონტექსტში ვეღარ მოახდენს არსებით გავლენას ამ სტატუს-ქვოზე.  ჩვენ სერიოზული პრობლემები ქვეყნის შიგნით გვაქვს მოსაგვარებელი, რადგან რა შესაძლებლობაც არ უნდა გაჩნდეს, ამას გამოყენების უნარი უნდა, ჩვენ კი ამის უნარი გვაქვს?“.  

ახალი ამბები

სხვა სიახლეები