დარჩიაშვილი განმარტავს, რატომ შემცირდა ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს შესაბამისობის მაჩვენებელი
16/06/2023 13:40:21 პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი განმარტავს, რატომ შემცირდა ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს შესაბამისობის მაჩვენებელი. შესაბამისი კითხვით მას დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა მიმართა.
"მე ამ თემაზე დეტალურად ვერ ვისაუბრებ, საკითხი შეიცავს კონკრეტულ სენსიტიურ მომენტებს. [...] რაც შეეხება ევროკავშირის ზოგიერთ განცხადებებს, მგონია, რომ თქვენ იცით, რაშია საქმე, უბრალოდ კითხვის მიზანი სხვა არის. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ და ვართ ფრთხილად, როდესაც საკითხი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, არაღიარების პოლიტიკის განმტკიცებას ეხება. და ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა. ჩვენ ვართ პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება და ამ პასუხისმგებლობის ფარგლებში შევეცდებით, დავიცვათ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და როგორც აქამდე, განვახორციელოთ წარმატებული არაღიარების პოლიტიკა. შესაბამისად, გარკვეული სიფრთხილე, რომელსაც ჩვენი ქვეყანა იჩენს, გამოიხატება სტატისტიკაში და ამის იქით სამწუხაროდ, მეტს ვერაფერ გეტყვით “, — განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
16 მაისს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის პრეს-სპიკერმა პიტერ სტანომ განაცხადა, რომ ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს შესაბამისობის მაჩვენებელი ისედაც დაბალი 44%-იდან 31%-მდე დაეცა.


