ჯაფარიძეზე თავდასხმის შემდეგ ძალადობრივი ჯგუფი ახალგაზრდულ ბანაკში შეიჭრა
17/06/2023 09:33:09 პოლიტიკა
"გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერზე, ზურა ჯაფარიძეზე თავდასხმის შემდეგ, ბორჯომის რაიონში, მზეთამზეში, სასტუმრო Eco Hotel-ის ტერიტორიაზე, სადაც ახალგაზრდული ბანაკის წევრებისთვის ამ პოლიტიკოსს ლექცია უნდა ჩაეტარებინა 60-მდე ადამიანი მივარდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზარორები ავრცელებენ. .
ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მათ ესვრიან ქვებს და საღებავებს, გამოიძახეს საპატრულო პოლიცია, თუმცა იმ დროისთვის მისული არ იყო.
ზურა ჯაფარიძეზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია დილის 10:00 საათზე გავრცელდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში არც ამ საკითხზე გაკეთებულა კომენტარი.
"ბანაკში მივდიოდით, გავჩერდით გორის სმარტთან, გოგოები შევედით მაღაზიაში და ამ დროს, მანქანაში მარტო მყოფ ჯაფარას თავს დაესხა ვიღაც გიჟი. ყველაფერი მოხდა ძალიან სწრაფად. ზურას დაზიანება აქვს თვალის არეში. საშიშია ამ ქვეყანაში ცხოვრება", - წერს ანა ყურაშვილი, პარტიის წევრი.
მოძრაობა "აი იას" ლიდერი ვატო შაქარიშვილი, რომელმაც ორგანიზაცია გია გაჩეჩილაძესთან ("უცნობთან") ერთად დააფუძნა "ფეისბუკში" ამ თავდასხმის დეტალებზე წერს: "გორში “სმარტში” გაჩერდა, ერთი ქართველი კაცი მიუახლოვდა, თუ შეიძლება შუშას ჩაუწიე რაღაც მაქვს სათქმელიო… ჩამოწია გირჩმაც, იფიქრა მესალმებაო და ცხვირ-პირში მოხვდა, ეს იმისთვის ჩვენს პატრიარქს და ეკლესიას რომ შეურაცხყოფას აყენებო და წავიდა თავის გზაზე ის კარგი კაცი… ზურა დარჩა შარვალჩახდილი და მოუწია უკან თბილისში დაბრუნება", - ამბობს შაქარიშვილი, რომელიც ასევე არის კონსერვატიული გაერთიანების - “საქართველო უპირველეს ყოვლისა” ლიდერი.


