აქუბარდია: თსუ-ში, გორში და ბაკურიანში მომხდარი ფაქტები მეტყველებს იმაზე, რომ "ქართულ ოცნებას" ახალგაზრდებზე რევანშის სურვილი ამოძრავებს
19/06/2023 07:55:56 პოლიტიკა
ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ თსუ-ში, გორში და ბაკურიანში მომხდარი ფაქტები მეტყველებს იმაზე, რომ "ქართულ ოცნებას" ახალგაზრდებზე რევანშის სურვილი ამოძრავებს.
"ყველას გვახსოვს ის ბრაზი, რაც ჰქონდა "ქართულ ოცნებას" რუსული კანონის უკან გაწვევის გამო, რაც ახალგაზრდების დამსახურება იყო და ახლა მათ რევანშის სურვილი აქვთ, ამიტომ "ფრანკლინის კლუბი" იქნება, თუ სტუდენტები, მათზე თავდასხმა არის რევანშის მცდელობა. ყველას გვახსოვს წინა კვირას ირაკლი კობახიძის და მამუკა მდინარაძის დედის გინება და აგრესია, რაც როგორც ჩანს, თავის ბიჭებში გაუშვეს. ეს არის კარგად ორგანიზებული, შეკვეთილი ძალადობა და პოლიცია არ არის რეაგირების და პრევენციის ფორმატში, რაც კარგად გვახსოვს 5-6 ივლისიდან და კიდევ უფრო ადრეც. "ქართული ოცნება" ერთის მხრივ, დავალებას აძლევს ამ ბიჭებს და მეორეს მხრივ, პოლიციას, რათა არ ჰქონდეთ კანონის შესაბამისი რეაგირება და პრევენციული ქმედებები. მსგავსი დაპირისპირება ძალიან საშიში და საფრთხილოა. ჩვენ გვაქვს უახლეს ისტორიაში სამოქალაქო დაპირისპირების ძალიან ცუდი პრეცედენტი. როგორც ჩანს, "ქართული ოცნება" მზად არის წავიდეს ამაზე, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს", - განაცხადა აქუბარდიამ.
17 ივნისს უნივერსიტეტში დაპირისპირება მაშინ დაიწყო, როდესაც სტუდენტების ნაწილი ცდილობდა გაეპროტესტებინა მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ლექცია. თსუ-ში მომხდარი დაპირისრების დროს დაშავდა ერთ-ერთი სტუდენტი ლუკა შველიძე, რომელიც მიყენებული დაზიანებებით ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მეორე ინციდენტი მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, ხეჩინაშვილის კლინიკაში გამოკითხვის მიზნით მისულ სამართალდამცველს თავს დაესხნენ ლუკა შველიძე და მისი ახლობლები. ინციდენტის შემდეგ ლუკა შველიძე აცხადებდა, რომ პირს, რომელიც მასთან პალატაში შევიდა, სამოქალაქო ფორმა ეცვა, თავი პოლიციის თანამშრომლად არ წარუდგენია და იარაღით დაემუქრა. მისივე განცხადებით, აღნიშნული პირი ნასვამ მდგომარეობაში იყო. უნივერსიტეტში, ახალგაზრდებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. რაც შეეხება ხეჩინაშვილის კლინიკაში მომხდარ ინცინდენტს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
იმავე დღეს გორში „გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერ ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხნენ. იგი ბორჯომში, “ინდივიდუალური თავისუფლების ინსტიტუტის” ბანაკში ლექციის წასაკითხად მიდიოდა. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს. თავდასხმა მოხდა ბორჯომში აღნიშნულ ბანაკზეც, სადაც ძალადობრივი ჯგუფები მივიდნენ. ვიდეო კადრებში ჩანს, რომ ისინი ყვირიან, აგინებენ, სავარაუდოდ, საღებავებს და ქვებს ისვრიან ბანაკის მიმართულებით. ამ ფაქტზე შსს-მ გამოძიება სხვისი ქონების განზრახ დაზიანების, სს კოდექსის 187–ე მუხლით დაიწყო
18 ივნისს მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელმა ვატო შაქარიშვილმა თანამოაზრეებთან ერთად „ფრანკლინის კლუბის“ ღონისძიება გააპროტესტა.


