Accentnews.ge
სააკაშვილი: „სასამართლო“ გადადეს გაურკვეველი ვადით, პუტინიც კი უფრო ხშირად აჩენს ნავალნის, ვიდრე ესენი მე"

სააკაშვილი: „სასამართლო“ გადადეს გაურკვეველი ვადით, პუტინიც კი უფრო ხშირად აჩენს ნავალნის, ვიდრე ესენი მე"

19/06/2023 09:11:53 პოლიტიკა

მე დღეს უნდა გამოვსულიყავი ე.წ. სასამართლოს სხდომაზე - ხალხი დაინახავდა, რომ მიუხედავად მძიმე ფიზიკური მდგომარეობისა, სულიერად ვერ გამტეხეს და უფრო მხნედ ვარ ვიდრე ოდესმე, რაც დაანგრევდა მათ მთელ პროპაგანდას,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადება მის ფეისბუქგვერდზე ვრცელდება.

განცხადებისთ თანახმად, "სასამართლო პროცესის გადადება კარგად აჩვენებს, რომ რუსული ხელისუფლება ჩამოშლილია“.

„მე დღეს უნდა გამოვსულიყავი ე.წ. სასამართლოს სხდომაზე. სპეციალურად აარჩიეს ე.წ. 7 ნოემბრის და არა პიჯაკების, ან საზღვრის კვეთის საქმე, რადგან ჩათვალეს, რომ PR-ის თვალსაზრისით თავიანთ რუსულ არხებზე ხმაურისთვის, მათთვის უფრო მომგებიანი იქნებოდა. ესეც ვერ გაბედეს!

დღეს ხალხი დაინახავდა, რომ მიუხედავად მძიმე ფიზიკური მდგომარეობისა, სულიერად ვერ გამტეხეს და უფრო მხნედ ვარ ვიდრე ოდესმე, რაც დაანგრევდა მათ მთელ პროპაგანდას.

„სასამართლო“ გადადეს გაურკვეველი ვადით, მინიმუმ შემოდგომამდე. ესეც კარგად აჩვენებს, რომ რუსული ხელისუფლება ჩამოშლილია, მაგრამ ჩვენ ბრძოლას მოვიგებთ მხოლოდ ერთიანობითა და სიმტკიცით.

რა თქმა უნდა, დღევანდელი მაგალითიც ადასტურებს, რომ მე ვარ პუტინის და მისი ადგილობრივი მარიონეტების სამხედრო ტყვე, თუმცა პუტინიც კი უფრო ხშირად აჩენს ნავალნის, ვიდრე ესენი მე.

რატომ გეშინიათ ჩემი გამოჩენის? რატომ უფრთხით იმას, რომ ხალხმა თვითონ განსაჯოს თქვენ ხართ მართალი თუ მე?

მე თავი გადავდე 2003-შიც, 2008-შიც, როცა არ დავტოვე საქართველო და მსოფლიო ფეხზე დავაყენე საქართველოს გადასარჩენად და 2021 წლიდან მოყოლებული დღემდე, რათა ამ სასიკვდილო განსაცდელისგან ვიხსნა საქართველო.

ჩემი ტყვეობა სამარცხვინო ფურცელია საქართველოს ისტორიაში, ისევე როგორც ნიკა გვარამიას და სხვა პოლიტპატიმრების ციხეში გამომწყვდევა. ქართველმა ხალხმა საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ეს უსამართლობა რაც შეიძლება მალე უნდა დაასრულოს.

საქართველო უნდა დაუბრუნდეს ნორმალურ, დემოკრატიულ, კონკურენტულ პოლიტიკურ პროცესს ძალადობის, პოლიტპატიმრებისა და სხვა რუსული ნაღმების გარეშე“,- აცხადებს სააკაშვილი.

7 ნოემბრის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს აღარ გაიმართება.

აღნიშნულის მიზეზად მოსამართლეთა კოლეგიიდან ერთ-ერთის არყოფნა სახელდება.

როდის ჩატარდება შემდეგი სხდომა ჯერ–ჯერობით უცნობია.

16 ივნისს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ იგი ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებასა და სასამართლო პროცესებზე დასწრებას გეგმავდა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. მას სასამართლომ პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო მიუსაჯა. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმეა აღძრული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S