ირაკლი კობახიძე: „ნაცები“ თავისი „გირჩელებით“ ცდილობს პოლიტიკა დააბრუნოს თსუ-ში, ჩვენ ამის საშუალებას არ მივცემთ"
19/06/2023 09:14:39 პოლიტიკა
უნივერსიტეტში პოლიტიკის შეტანა კატეგორიულად მიუღებელია, ჩვენ ამის საშუალებას არ მივცემთ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ” ეს პრაქტიკა [პოლიტიკის შეტანა უნივერსიტეტებში] წარსულს ჩააბარა:
„არავითარი ფორმალური და არაფორმალური დაცვის წევრები არ ყოფილან თსუ-ში. რაც შეეხება ჩემს პირად დაცვას, სულ ორ ადამიანზეა საუბარი. რაც შეეხება სხვა ადამიანებს, რომლებიც იქ იყვნენ, ისინი სამოქალაქო აქტივისტები იყვნენ, რომლებმაც რამდენიმე „გირჩელი“ გააძევა მეორე კორპუსიდან. სტუდენტებიც იყვნენ იქ, შეიძლება ჩვენი პარტიის წარმომადგენლებიც, მაგრამ, მინდა გითხრათ, რომ საქართველოში ყველაზე დიდი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია სწორედ „ქართული ოცნებაა“, რომელიც აერთიანებს 42 ათას წევრს. საკუთარ თავს სამოქალაქო საზოგადოებას არქმევს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ თავისი 100-კაციანი სტაფით, ISFED-ი და ასე შემდეგ. ეს არ არის სამოქალაქო საზოგადოება, ყველაზე მსხვილი სამოქალაქო საზოგადოება არის „ქართული ოცნება“. სამოქალაქო საზოგადოების წევრებს აქვთ უფლება, დაუპირისპირდნენ იმ აღვირახსნილ ქმედებებს, რომელსაც გეგმავს „ფორმულა“, კეზერაშვილი... კეზერაშვილის დაფინანსებული 4 კაცი იყო მოსული თსუ-ში. დიმიტრი ჩიქოვანი იყო ორგანიზატორი ხოშტარიასთან ერთად, მან დააორგანიზა და დააფინანსა ე.წ. პროტესტისთვის. ყველამ იცის დიმა ჩიქოვანი რასაც აფინანსებს. ის არის „შავი ფულის“ ერთ-ერთი მთავარ განმკარგავი. ეს „შავი ფული" წაღებული აქვს კეზერაშვილს თავის დროზე ქართული ჯარის და ბიზნესის რეკეტის ხარჯზე. ახლა ევროპელ პენსიონერებს ძარცვავს. 36 წლის LGBT აქტივისტი იყო სინამდვილეში თსუ-ში მოსული. ნებისმიერი ასეთი ადამიანი, ვინც თსუ-ში მოდის და კეზერაშვილის შავი ფულით აწყობს პროტესტს უბრალოდ არასწორ საქმეში ჩართულია. იმედია, ეს ადამიანები სწორ გზას დაადგებიან. ჩვენ გვაქვს უტყუარი ინფორმაცია. ჩვენ ჩვენი წყაროები გვაქვს. იმდენად არის მორღვეული ოპოზიცია, რომ შიგნიდან უამრავი ინფორმაციაში გამოდის. ინფორმაცია გვაქვს, თუ სად შეიკრიბნენ, როგორ დაგეგმეს, რამდენი დაუჯდათ. ეს ყველაფერი მარტივად ჟონავს ამ პარტიების რიგებიდან. შიგნიდან არიან მორღვეულები. ბევრ „გირჩელს“ არ სიამოვნებს ის პროცესი, რაშიც ჩართულია. ბევრმა დაინახა, რომ ხშირად ატყუებენ, არასწორ პროცესებში ჰყავთ ჩართულები.
უნივერსიტეტში პოლიტიკის შეტანა კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ ეს პრაქტიკა წარსულს ჩავაბარეთ 2012 წლამდე, 2012 წლამდე პირდაპირ შედიოდა პოლიტიკა უნივერსიტეტში, მათ შორის თსუ-ში, პირდაპირ კონკურსები ტარდებოდა პოლიტიკური ნიშნით. თსუ-ში არიან პროფესორები, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით გამწესდნენ. თსუ-ში არის ადამიანი, რომელიც ასწავლის კონკრეტულ საგანს და თვითონ მან არ იცის. რატომ? იმიტომ, რომ თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით დაინიშნა. მე 2010 წელს მომიწია თსუ-ს დატოვება, რადგან გავაკრიტიკე საკონსტიტუციო ცვლილებები და მიიღეს პოლიტიკური გადაწყვეტილება ჩემი თსუ-დან გაძევების თაობაზე. დღეს იგივე ხალხი, იგივე „ნაცები“ თავისი „გირჩელებით“ ცდილობს პოლიტიკა დააბრუნოს თსუ-ში. ჩვენ ამის საშუალებას არ მივცემთ. თსუ არ არის პოლიტიკური აქტივობების ადგილი".
ამასთან, კობახიძემ განაცხადა, რომ კონკრეტული ძალები ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების ხელოვნურად პოლარიზებას ცდილობენ.
„ხელისუფლება პასუხისმგებლობას იღებს გამოძიებაზე. საჭიროა ყველა ასეთი ფაქტის გამოძიება, ძალადობა არასწორია და მიუღებელი. ზოგადად, ჩვენი ქვეყნისთვის მთავარია პოლარიზაცია დასრულდეს და შემცირდეს რადიკალიზმის ხარისხი. კონკრეტული ძალები არიან, რომლებიც ხელოვნურად ცდილობენ ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების პოლარიზებას, რადიკალიზმის შემოტანას. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში გადადის ძალადობაში“,- აღნიშნა კობახიძემ.
17 ივნისს უნივერსიტეტში დაპირისპირება მაშინ დაიწყო, როდესაც სტუდენტების ნაწილი ცდილობდა გაეპროტესტებინა მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ლექცია. თსუ-ში მომხდარი დაპირისრების დროს დაშავდა ერთ-ერთი სტუდენტი ლუკა შველიძე, რომელიც მიყენებული დაზიანებებით ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მეორე ინციდენტი მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, ხეჩინაშვილის კლინიკაში გამოკითხვის მიზნით მისულ სამართალდამცველს თავს დაესხნენ ლუკა შველიძე და მისი ახლობლები. ინციდენტის შემდეგ ლუკა შველიძე აცხადებდა, რომ პირს, რომელიც მასთან პალატაში შევიდა, სამოქალაქო ფორმა ეცვა, თავი პოლიციის თანამშრომლად არ წარუდგენია და იარაღით დაემუქრა. მისივე განცხადებით, აღნიშნული პირი ნასვამ მდგომარეობაში იყო. უნივერსიტეტში, ახალგაზრდებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. რაც შეეხება ხეჩინაშვილის კლინიკაში მომხდარ ინცინდენტს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
იმავე დღეს გორში „გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერ ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხნენ. იგი ბორჯომში, “ინდივიდუალური თავისუფლების ინსტიტუტის” ბანაკში ლექციის წასაკითხად მიდიოდა. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს. თავდასხმა მოხდა ბორჯომში აღნიშნულ ბანაკზეც, სადაც ძალადობრივი ჯგუფები მივიდნენ. ვიდეო კადრებში ჩანს, რომ ისინი ყვირიან, აგინებენ, სავარაუდოდ, საღებავებს და ქვებს ისვრიან ბანაკის მიმართულებით. ამ ფაქტზე შსს-მ გამოძიება სხვისი ქონების განზრახ დაზიანების, სს კოდექსის 187–ე მუხლით დაიწყო.


