კინემატოგრაფისტებმა ხუბუნაიას ოფიციალური წერილით მიმართეს და აქცია დააანონსეს
19/06/2023 12:16:50 პოლიტიკა
კინემატოგრაფისტებმა, რომლებიც მეორე კვირაა, კინოცენტრში მიმდინარე პროცესებს აპროტესტებენ, დღეს შეხვედრის მოთხოვნით ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ოფიციალური განცხადებით მიმართეს.
კინემატოგრაფისტები რეორგანიზაციის პროცესის შეჩერებას, კინოცენტრის ხელმძღვანელის არჩევის წესის შეცვლას და ცენტრის ახალ ხელმძღვანელთან, კობა ხუბუნაიასთან შეხვედრას ითხოვენ.
მათ საპროტესტო აქციაც დაანონსეს, რომელიც ხვალ 18:00 საათზე გაიმართება.
„კინოცენტრში ქართველმა კინემატოგრაფისტებმა წერილი ეროვნული კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის სახელზე შევიტანეთ. ამ წერილში გაჟღერებულია ჩვენი მოთხოვნები. კერძოდ, მოთხოვნა შეხვედრაზე, რომელიც "ფეისბუკ ლაივში" უნდა გადაიცეს. ხვალ საღამოს 18:00 საათამდე პასუხს ველოდებით. ჩვენი ორი ძირითადი მოთხოვნაა შეჩერდეს მიმდინარე რეორგანიზაცია და დაიწყოს მუშაობა კინოცენტრის დირექტორის არჩევის ახალი წესის შესახებ", - განაცხადა კინორეჟისორმა, ალექსანდრე კობერიძემ.
დოკუმენტალისტი ნინო გოგუა აცხადებს, რომ კინოცენტრის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადება კინოცენტრის თანამშრომლებისთვის შეურაცხმყოფელია:
"დღეს ყველამ მოვისმინეთ ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელიც უკიდურესად იმედგამაცრუებელი იყო. ის ყველანაირი პასუხისმგებლობის აღების გარეშე ფართო საზოგადოებას უმხელს თავის პერსონალურ ეჭვს, რომ შეიძლება ამ პროტესტში ჩართული იყოს რაღაც “კლანის” ინტერესები, რაც პირველ რიგში, ჩვენთვის შეურაცხმყოფელია. ეს არის ჭორაობის მიმსგავსებული ბრალდება, რომელსაც არანაირი არგუმენტი არ მოჰყვება. ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პირი ბრალს გვდებდეს დაუსაბუთებელ მიკერძოებაში".
ასევე, ხელოვანები დღეს 16:00 საათზე სოლიდარობის ნიშნად თბილისში გაფიცული მაღაროელების საპროტესტო აქციას შეუერთდებიან.
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში სამინისტრომ რეორგანიზაცია დაიწყო და გააუქმა კინოცენტრის დირექტორის მოადგილეების თანამდებობები. ამას წინ უძღოდა თანამშრომლების ნაწილის კრიტიკული ფეისბუკ პოსტები და კინოცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული განცხადება, სადაც თანამშრომლები წუხილს გამოთქვამდნენ ბოლოდროინდელი მოვლენების გამო და კინოცენტრის დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ითხოვდნენ.
რეორგანიზაციის პარალელურად, კინოცენტრში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა ფინანსისტი კობა ხუბუნაია, რომელიც წლების განმავლობაში იუსტიციის სამინისტროს უწყებებებში მუშაობდა, კინოწარმოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილედ კი "პოსტ ტვ"-ს წამყვანი, სოციოლოგი ბაჩო ოდიშარია.


