საქართველომ და აზერბაიანმა საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხის განხილვა დაგეგმეს
19/06/2023 18:50:00 პოლიტიკა
19 ივნისს საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა.
საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეები შეეხნენ საქართველოს და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის თემას, კერძოდ, ისაუბრეს სახელმწიფო კომისიების მორიგი სხდომის გამართვის შესაძლებლობაზე.
ოფიციალური ცნობით, შეხვედრას საქართველოს მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა, ხოლო აზერბაიჯანის მხრიდან – საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხალაფ ხალაფოვი.
„საქართველო-აზერბაიჯანის პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა, რომელიც წარმატებით ვითარდება როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. გამოითქვა ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა ეკონომიკის, ვაჭრობის, კულტურისა და სხვა სფეროებში. საუბარი შეეხო რეგიონში შექმნილ ვითარებას, არსებულ გამოწვევებს და მათი გადაჭრის მშვიდობიან გზებს.მხარეებმა აღნიშნეს მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობა და რეგიონის სტაბილური განვითარებისთვის საქართველოსა და აზერბაიჯანის განსაკუთრებული წვლილი და თანამშრომლობის მნიშვნელობა“, – აცხადებს საქართველოს საგარეო უწყება.
აზერბაიჯანული ვებსაიტმა haqqin.az-მა შეხვედრის გამართვამდე გამოაქვეყნა ცნობა, რომ თბილისთან საზღვრის დელიმიტაციის საკითხის განხილვა იყო დაგეგმილი.
„ამ საკითხების პირდაპირი ფორმალური განხილვა არ იქნება, მაგრამ არაფორმალურად ჩვენ შევხედავთ ამ საკითხებს, მოსაზრებებს გავცვლით და, რა თქმა უნდა, გავცვლით აზრებს კომისიის მუშაობის გაგრძელების თემაზე“, - განაცხადა შეხვედრამზე ხალაფ ხალაფოვმა.
საქართველოს და აზერბაიჯანს შეთანხმებული აქვთ სახელმწიფო საზღვრის დაახლოებით 2/3. ერთ-ერთი სადავო მონაკვეთი დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთანაა.


