პარლამენტის თავმჯდომარემ ხელი მოაწერა "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონპროექტს, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო
20/06/2023 09:08:28 პოლიტიკა
"ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებს, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხელი მოაწერა.
ცვლილების შედეგად, ეროვნულ ბანკში იქმნება პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა, რომელსაც დანიშნავს და გაათავისუფლებს ეროვნული ბანკის საბჭო.
გთავაზობთ პაპუაშვილის განცხადებას სრულად:
„დღეს ხელი მოვაწერე ორგანულ კანონს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“, რომელიც ეხება ეროვნულ ბანკში პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის შემოღებას. პრეზიდენტმა, ამ კანონთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 23 თებერვალს გამოიყენა ვეტო. კანონთან დაკავშირებული მსჯელობიდან საზოგადოებისთვის ცნობილია, თუ რა პრობლემის აღმოფხვრას ემსახურებოდა არსებული კანონი.
ცვლილების მიღებამდე არსებული მდგომარეობით, „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონის თანახმად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ჰყავდა 3 ვიცე-პრეზიდენტი, ამავე დროს, კანონი არ აწესებდა რაიმე წესს, მათგან რომელი ასრულებს პრეზიდენტის მოვალეობას მისი არყოფნის შემთხვევაში, ან რა პროცედურით უნდა მომხდარიყო რომელიმე ვიცე-პრეზიდენტისთვის მოვალეობის შესრულების დაკისრება.
ამ საკითხის მნიშვნელობა დადასტურდა მას შემდეგაც, რაც მიმდინარე წლის 2 მარტს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს ამოეწურა უფლებამოსილების ვადა და კანონის რეგულაციის არარსებობის პირობებში, ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტს პრეზიდენტის უფლებამოსილება დაეკისრა არა კანონის, არამედ შიდა რეგულაციის საფუძველზე. ეს მდგომარეობა დღემდე გრძელდება.
ეროვნული ბანკის მნიშვნელობიდან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის როლიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ საჭიროა ამ ბუნდოვანების აღმოფხვრა, ასეთი ფუძემდებლური საკითხის არა შიდა რეგულაციებისთვის მინდობის, არამედ საკანონმდებლო რეგულაციის გზით.
შესაბამისად, პარლამენტი, როგორც ხალხის წინაშე სახელმწიფო ორგანოების სათანადო ფუნქციონირებისთვის საჭირო საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნაზე პასუხისმგებელი ორგანო, ვალდებულია იმოქმედოს და აღმოფხვრას არსებული ბუნდოვანება. სწორედ ამ პასუხისმგებლობით იყო ნაკარნახევი შესაბამისი ცვლილების ინიცირებაც და პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა.
ცვლილების შედეგად, ეროვნულ ბანკში იქმნება პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა, რომელსაც მსგავსად სხვა ვიცე-პრეზიდენტებთან დაკავშირებული არსებული რეგულაციისა, დანიშნავს და გაათავისუფლებს თავად ეროვნული ბანკის საბჭო.
ამგვარად, სამომავლოდ აღმოიფხვრება ყოველგვარი ბუნდოვანება იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ შეასრულებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას მისი არყოფნის, ან უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში და ეს საკითხი მოწესრიგდება მაღალი კვორუმის საჭიროების მქონე ორგანული კანონის და არა ეროვნული ბანკის შიდაუწყებრივი რეგულაციის დონეზე“.
13 ივნისს პარლამენტმა „ეროვნული ბანკის შესახებ" კანონპროექტზე საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა. შემდეგ კი მიიღო „ქართული ოცნების" კანონპროექტის პირვანდელი ვერსია და პრეზიდენტის ვეტო დაძლია. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებებს ვეტო 23 თებერვალს დაადო. იგი ამბობდა, რომ კანონში ცვლილებების შეტანა „არც საჭირო, არც საჩქარო და არც არგუმენტირებული იყო”.


