კობახიძე – ბერძენიშვილზე: ძალადობა მიუღებელია, თუმცა არ შეიძლება, ადამიანი გამოდიოდეს და ლანძღავდეს ჩვენს გმირ მეფეებს
20/06/2023 09:37:05 პოლიტიკა
ძალადობა მიუღებელია, თუმცა არ შეიძლება, ადამიანი გამოდიოდეს და ლანძღავდეს ჩვენს გმირ მეფეებს, – ასე ეხმიანება პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ლიტერატორ ლევან ბერძენიშვილზე თავდასხმას.
კობახიძის თქმით, საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც უპირისპირდებიან „ჩვენს ეროვნულ იდენტობას“.
"თუ საქმე გვაქვს ძალადობასთან, ძალადობა არის მიუღებელი. ერთი რამ მინდა გავიმეორო, არიან საქართველოში ადამიანები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ პოლარიზაციისთვის, რადიკალიზმის გაღვივებისთვის, აგრესიის დათესვისთვის და პირდაპირ უპირისპირდებიან იმ ყველაფერს, რაც უკავშირდება ჩვენს იდენტობას - პირდაპირ ებრძვიან ეკლესიას, პატრიარქს, ჩართული არიან მიუღებელ აგიტაციაში, ებრძვიან ჩვენს 250 წლის წინ გარდაცვლილ მეფეებს, გმირ მეფეებს. არ შეიძლება ასე საზოგადოებაში შუღლის გაღვივება, ეს არ არის სწორი. რა თქმა უნდა, ძალადობა არის მიუღებელი, მაგრამ ყველას უნდა მოვუწოდოთ ნუ შეუწყობენ ხელს საზოგადოებაში შუღლის გაღვივებას. არ შეიძლება ადამიანი, თუ არ ვცდები პროფესორის სტატუსით სარგებლობს, გამოდიოდეს და ლანძღავდეს ჩვენს გმირ მეფეებს", – განაცხადა კობახიძემ.
დღეს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ლიტერატორ ლევან ბერძენიშვილს თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ. ეს მისი მისამართით აგრესიის გამოხატვის პირველი შემთხვევაა არაა. 15 მაისს ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ მის სახლთან 20-მდე ნიღბიანი ადამიანი იყო შეკრებილი მაშინ, როცა შინ უნდა დაბრუნებულიყო. მომხდარს იგი მმართველი პარტიის კრიტიკის გამო შურისძიებას უკავშირებდა. მანამდე, მას ყვარლის "ევროკლუბის" "ამერიკულ კუთხეში" ლექციის ჩატარების საშუალება არ მისცეს. ადგილზე მისული იყო პოლიციაც, თუმცა ლევან ბერძენიშვილმა მაინც ვერ შეძლო მსმენელებთან შეხვედრა. მაშინ იგი კრიტიკის სამიზნე იმისთვის გახდა, რომ მეფე ერეკლე მეორე "გეორგიევსკის ტრაქტატის" გამო გააკრიტიკა.


