სამადაშვილი: "მხოლოდ „კლანის“ მოსამართლეების დასანქცირება საკმარისი არ არის, დასავლეთმა ივანიშვილზე სერიოზული ზეწოლა უნდა განახორციელოს"
20/06/2023 11:16:59 პოლიტიკა
"ლელოს" წევრი დეპუტატი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ "ნიკა გვარამიას საქმეზე უზენაესი სასამართლოს პოზიციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სისტემას მართავს ივანიშვილი, ხოლო მართლმსაჯულების რეფორმა ჩავარდნილია".
„სასამართლო სისტემის რეფორმა არის ყველაზე დიდი ჩავარდნა, ეს ყველასთვის არის ცნობილი. გვარამიას საქმეზე უზენაესი სასამართლოს პოზიციამ დაადასტურა, რაც იცის ყველამ, ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა, რომ სისტემას, „კლანს“ მართავს ბიძინა ივანიშვილი, ამიტომ ჩვენი პოზიცია არის ერთი და იგივე - დასანქცირება მხოლოდ „კლანის“ მოსამართლეების საკმარისი არ არის, დასავლეთმა სერიოზული ზეწოლა უნდა განახორციელოს ივანიშვილზე, თუ რეალურად სურს ამ ქვეყნის დასავლური მომავლის დაცვა და უზრუნველყოფა,"- განაცხადა სამადაშვილმა.
19 ივნისს "მთავარმა არხმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ნიკა გვარამიას ადვოკატების საკასაციო სარჩელი უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად სცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 16 მაისს ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მაშინ გამოაცხადა, როცა საქართველოს უკვე ჰქონდა გაკეთებული განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. 2022 წლის 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობის ვადის ნაწილში გადაწყვეტილება არ შეცვალა.


