გომელაური: მსურს, მადლობა გადავუხადო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს საქართველოს მხარდაჭერისთვის
21/06/2023 08:31:54 პოლიტიკა
შინაგან საქმეთა მინისტრმა საქართველოს კიბერუსაფრთხოების ფორუმ - 2023-ის"ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას საერთაშორისო პარტნიორებს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რომ თანამშრომლობა სამომავლოდ კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება და საქართველო მნიშვნელოვან როლს შეასრულებს კიბერუსაფრთხოების სფეროში.
„ფორუმის განმავლობაში დეტალურად გავეცნობით როგორც საქართველოს უწყებების საქმიანობას, ისე საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებს.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის სახელით, მსურს, კიდევ ერთხელ, მადლობა გადავუხადო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს საქართველოს მხარდაჭერისთვის. წარმატებას ვუსურვებ ფორუმის მონაწილეებს. დარწმუნებული ვარ, მსგავსი კონფერენციები დათანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება და საქართველო მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მსოფლიო კიბერუსაფრთხოების სფეროში,“- აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
მისივე თქმით, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სფეროში კიბერუსაფრთხოებას, როგორც თანამედროვე ტექნოლოგიური სამყაროს განუყოფელ ნაწილს, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია.
„ჩვენ გვყავს უწყებები, რომლებსაც მანდატით აქვთ განსაზღვრული სახელმწიფო რესურსების თუ ეკონომიკის სექტორების კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა. თითოეული უწყება სწორედ ამ უფლებამოსილების ფარგლებში აქტიურად მუშაობს კიბერ უსაფრთხოების გამოწვევების საპასუხოდ.
2021 წელს დამტკიცდა საქართველოს კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია და აქტიურად მიმდინარეობს სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესი, რაშიც ქართულ მხარესთან ერთად ინტენსიურად არიან ჩართულები ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები.“ - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.
შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველო კიბერუსაფრთხოების მიმართულებით აქტიურად თანამშრომლობს სტრატეგიულ პარტნიორებთან.
„ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის, ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების და გაერთიანებული სამეფოს შესაბამისი პროგრამების ფარგლებში საქართველო კიბერუსაფრთხოების მიმართულებით აქტიურად თანამშრომლობს სტრატეგიულ პარტნიორებთან.
გამორჩეულია გაერთიანებული სამეფო - საქართველოს კიბერ თანამშრომლობის პროგრამა რომელიც აქტიურად ეხმარება საქართველოს სხვადასხვა უწყებებს შესაძლებლობების განვითარებაში.
ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ამერიკულ მხარესთან და ვიღებთ როგორც ტექნიკურ, ისე ტექნოლოგიურ მხარდაჭერას. ასევე ხაზგასასმელია ევროკავშირთან თანამშრომლობა სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში, რომლითაც ძლიერდება საქართველოს უწყებების შესაძლებლობები“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.


