"ინტელექტის ოკუპაცია": საავტორო უფლებებთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვის შეჩერებას მოითხოვენ
21/06/2023 10:16:28 პოლიტიკა
ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში საავტორო უფლებებთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვის შეჩერებას მოითხოვს, ვინაიდან, მათი შეფასებით,„საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ“ კანონში ცვლილებები ქართულ კულტურასა და მუსიკაში რუსულ გავლენას გაზრდის.
აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტში ბრიფინგი ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ხატია დეკანოიძემ, თეონა აქუბარდიამ და თამარ კორძაიამ გამართეს.
„პროექტი არის ევროპული სტანდარტების და ევროდირექტივების საწინააღმდეგო და ხელს შეუწყობს რუსული „რაოს“, ანუ რუსეთის ავტორთა გაერთიანების ინტერესების გაძლიერებას და რუსული ფულის შემოტანას ქართულ კულტურასა და მუსიკაში“, - აცხადებს კორძაია.
კიდევ ერთი დეპუტატის ხატია დეკანოიძის განცხადებით, ეს არის რუსეთის მცდელობა, ქართული სახელოვნებო სფერო დაიმორჩილოს, "რაც შეიძლება მეტო ფული წავიდეს რუსეთში და მეტი ფული შემოვიდეს რუსეთიდან".
მას იმედი აქვს, რომ ოპოზიცია ამ საკითხის ირგვლივაც შეინარჩუნებს ერთიანობას.
თეონა აქუბარდიას თქმით, კანონპროექტი ეროვნული უსაფრთხოების ჭრილში უნდა განიხილებოდეს:
„სპეციალისტები, რომლებიც ამ სფეროში არიან, ამ კანონს ინტელექტის ოკუპაციას უწოდებენ. ყველამ იცის, რომ რუსული სამყარო თავის გავლენებს ახორციელებს კულტურის სფეროში და მიმდინარეობს უკვე ოკუპაცია ინტელექტის მიმართულებით, რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული მეთოდებით ახორციელებს ბრძოლას და ამის ნაწილია ესეც“.


