Accentnews.ge
საქართველო–სომხეთი–რუსეთი–ირანი: თბილისი თეირანიდან სომხეთის გავლით გაზის იმპორტის შესახებ მოლაპარაკებებში ერთვება

საქართველო–სომხეთი–რუსეთი–ირანი: თბილისი თეირანიდან სომხეთის გავლით გაზის იმპორტის შესახებ მოლაპარაკებებში ერთვება

01/03/2019 15:09:05 თვალსაზრისი, ანალიზი

საქართველოს, სომხეთის, რუსეთისა და ირანის წარმომადგენლების შეხვედრა, რომელზეც გაზის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ, აპრილში თეირანში გაიმართება. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ–მინისტრის პრეს–სპიკერმა ვლადიმირ კარაპეტიანმა განაცხადა.

სომხურმა მხარემ ირანისგან მიიღო თანხმობა გაზისა და ელექტროენერგიის ტრანზიტის სფეროში როგორც სამმხრივი [გაზის შემთხვევაში, საქართველოს მონაწილეობით], ისე ოთხმრხრივი [ელექტროენერგიის შემთხვევაში, საქართველოსა და რუსეთის მონაწილეობით] თანამშრომლობის ჩამოყალიბებაზე.

კარაპეტიანის თქმით, აპრილის შეხვედრა სწორედ ამ საკითხს მიეძღვნება.

27 თემერვალს სომხეთის პრემიერ–მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი თეირანში ირანის პრეზიდენტ ჰასან როუჰანის შეხვდა. მოლაპარაკებების მსველობისას მასპინძელმა მზადყოფნა გამოთქვა, სომხეთისთვის გაზის მიწოდების მოცულობა გაზარდოს და ამავდროულად სომხეთის ტერიტორიის გავლით საქართველოში გაზის ექსპორტი დაიწყოს.

ტრანზიტის საკითხში მზაობა დააფიქსირა ფაშინიანმაც:

„სომხეთი მზადაა, ირანთან ტრანზიტის საკითხში ითანამშრომლოს და ირანული გაზისთვის სატრანზიტო ქვეყნად იქცეს. ენერგეტიკული დერეფნის შექმნას დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ორმხრივ და რეგიონულ, ისე უფრო ფართო კონტექსტშიც. ამ საკითხების გადასაწყვეტად პოლიტიკური ნება უკვე სახეზეა და ვიმედოვნებთ, რომ მოლაპარაკებათა პროცესი წარმატებით დასრულდება“.

სომეხი ექსპერტი, ირანისტი გოარ ისკანდარიანი ვარაუდობს, რომ სომხეთის გავლით ირანიდან საქართველოში გაზის ტრანზიტის საკითხი თბილისთან და მოსკოვთან უკვე განხილულია.

 „პრეზიდენტების და პრემიერების დონეზე სიტყვებს ჰაერზე არ ისვრიან. ამდენად, ვფიქრობ, საქართველოსთან წინასწარი საუბრები უკვე იყო. საჭიროა, რუსეთმა გაზის დამატებითი მიწოდებები დაუშვას. შესაბამისად, ვვარაუდობ, რომ საკითხი უკვე მოსკოვშიც განიხილეს და ამან ფაშინიანსა და როუჰანის 27 თებერვალს იმ განცხადებების გაკეთების საფუძველი მისცა, რომელიც ყველამ მოვისმინეთ. ახლა სომხური დიპლომატიური კორპუსის წინაშე დგას ამოცანა, ირანულ, ქართულ და რუსულ მხარეებთან ჩაატაროს სამუშაო ამ პროექტის რეალიზებისა და თანამშრომლობის აქტივირებისთვის. ეს მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ სომხეთი რეგიონულ პროცესებში სრულად ინტეგრირდეს“.  

როგორც „აქცენტთან“ საუბარში საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხთა სპეციალისტი გიორგი გობრონიძე განმარტავს, სადღეისოდ სომხეთის ტერიტორიაზე არსებული მილსადენები რუსული „გაზპრომის“ საკუთრებაა, შესაბამისად, ეს ფასზეც იმოქმედებს, თუმცა თავად იდეა ანალიტიკოსისთვის საინტერესოა:

გიორგი გობრონიძე: სომხეთ–ირან–საქართველოს სატრანზიტო ღერძი უკვე დიდი ხანია, განიხილება. ეს საინტერესო შესაძლებლობაა ჩვენი ქვეყნისთვის და შეიძლება, ითქვას, მნიშვნელოვანიც. უბრალოდ ერთი პრობლემაა და ეს პრობლემა ისევ და ისევ რუსეთია, რომელმაც ერთი ასეთი ენერგოპროექტი უკვე ჩაუგდო სომხეთს. ეს ბევრად უფრო საინტერესოა საქართველოსთვის, ვიდრე რუსული გაზი, მაგრამ სომხეთის გავლით საქართველოში ირანული გაზის შემოსვლა ნიშნავს იმას, რომ გაზი რუსულ მილებში გაივლის: სომხეთში ხომ მილსადენი ინფრასტრუქტურა მთლიანად „გაზპრომის“ საკუთრებაშია. ამდენად, ეს, სულ მცირე, იმოქმედებს გაზის ფასზე და ეს ტრანზიტი გარკვეულწილად, მაინც რუსეთზე იქნება დამოკიდებული.

რომ შევაჯამოთ, ეს პროექტი უფრო სასურველი შესაძლებლობაა, ვიდრე უშუალოდ „გაზპრომისგან“ რუსული გაზის შესყიდვა, თუმცა საქართველო ყველა ვარიანტში უნდა იყოს დაინტერესებული არა მხოლოდ ირანიდან გაზის შესყიდვით, არამედ ბათუმი–ანდერაბასის, ინდოეთის ოკეანესა და შავი ზღვის შემაკავშირებელი სატრანზიტო დერეფნის ამოქმედება-გაძლიერებით, სადაც სომხეთის სატრანზიტო როლიც გამოიკვეთება. ეს გააღრმავებს ქართულ–სომხურ პარტნიორობასაც, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ქართულ–აზერბაიჯანული პარტნიორობა ისედაც არსებობს, საქართველოს წონა და როლი მნიშვნელოვნად გაიზრდება. თუკი ქართველები და აზერბაიჯანელები "განწირულები ვართ" პარტნიორობისთვის, ანალოგიური მდგომარეობა არ გვაწყენს სომხეთთანაც, რადგან მეზობელ ქვეყნებთან გრძელვადიანი სტაბილურობისთვის ძალიან კარგი ურთიერობა გვესაჭიროება.

- ბუნებრივია, ამ ეკონომიკურ პროექტებს გეოპოლიტიკური კონტექსტის გარეშე ვერ განვიხილავთ და ამ შემთხვევაში რუსეთის ფაქტორს რა ვუყოთ? 

- ძალიან მარტივადაა საქმე: თუ ეს პროექტი ირანს ბევრ ფულს და ეკონომიკის დივერსიფიცირებას მოუტანს, ირანი მის წარმატებულ განხორციელებაში დაინტერესებული იქნება  და მისმა მჭიდრო ურთიერთობამ მოსკოვთან  პრობლემა არ უნდა შექმნას, ისევე, მაგალითად, როგორც არგვექმნება პრობლემა და მეტიც, სტრატეგიული პარტნიორებიც კი ვართ აზერბაიჯანთან, რომელიც  მოსკოვისგან ყოველწლიურად 2 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღებას ყიდულობს... ჩვენ ჩვენი პრაგმატული ინტერესიდან უნდა შევხედოთ საკითხს: ირანი ჩვენი მეზობელია, მასთან არანაირი სერიოზული უთანხმოებები არ გვაქვს (თუ არ ჩავთვლით მოქალაქეების შეშვება–არშეშვების ბოლოდროინდელ თემას), ამდენად, ვფიქრობ, რაიმე სერიოზული საფრთხე მასთან ეკონომიკური კავშირების გაღრმავებიდან, მაგალითად, ის, რომ ირანზე დამოკიდებულები გავხდეთ, ჩვენს წინაშე არ დგას".

საქართველოს ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი, საქართველოს მაღალი კაშხლების ეროვნულიკომიტეტის თავჯდომარე  დავით მირცხულავა ქვეყანაში გაზის ბაზრის მოწოდების დივერსიფიკაციის საჭიროებაში დარწმუნებულია და მისაღები ფასისა და სხვა პირობების შემთხვევაში ამ მიზნით ნებისმიერი, მათ შორის ირანიდან გაზის სომხეთის გავლით შემოტანის იდეასაც მიესალმება.

«ქვეყანა ამ დრომდე მხოლოდ ერთ მომწოდებელზეა დამოკიდებული და ეს მძიმეა, განსაკუთრებით - კერძო სექტორისთვის, რომლისთვისაც გაზი რეგიონში ყველაზე ძვირი.ამდენად, თუკი გამოჩნდება ალტერნატიული მომწოდებელი და შესაძლებლობა, მოხდეს ბაზრისრეალური დივერსიფიცირება, ეს მხოლოდ მისასალმებელია. აზერბაიჯანული „სოკარი“ დარჩებადომინანტურ პარტნიორად, მაგრამ კონკურენცია გაიზრდება და ბაზარი გაჯანსაღდება“,–განუცხადა მან «აქცენტს».

რაც შეეხება რუსულ ფაქტორს, კერძოდ, მოსკოვის გავლენს ირანსა და სომხეთზე, მირცხულავა იმ გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ საუბარია ირანიდან ბუნებრივი აირის მხოლოდ გარკვეული – დაახლოებით იმ მოცულობის (სულ დაახლოებით 200–250 მილიონ კუბური მეტრი) შემოტანაზე, რომელიც საქართველოს რუსეთიდან სომხეთში გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ რჩებოდა:

რა თქმა უნდა, არ დაგვვიწყებია, რამდენად «სანდო» პარტნიორია «გაზპრომი», მაგრამ იმ პირობებში, როცა საქართველოში ელექტროენერგია სწორედ რუსეთიდან შემოდის, ბუნებრივი გაზის გარკვეული მოცულობის შემოტანა, თუ ეს ბაზრის გამჭვირვალეობის, მისაღები ფასისა და სხვა სათანადო პირობებში განხორციელდება, პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს“.

ასევე შესაძლებლად მიიჩნევს მირცხულავა ირანული გაზის საქართველოში აზერბაიჯანის გავლით შემოტან და ამბობს, რომ «საიდან შემოვა ბუნებრივი აირი - დიდი მნიშვნელობა არ აქვს, - მთავარია,ბაზარი გაჯანსაღდეს“.

ამ კუთხით იგი ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებაზეც ამახვილებს ყურადღებას და საქართველოს მთავრობას ამ კუთხით დაჩქარებისკენ მოუწოდებს:

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ვალდებულება გვაქვს აღებული, ჩამოვაყალიბოთ ბუნებრივი გაზის თანამედროვე, სრულიად გამჭვირვალე ბაზარი. ასეთი ბაზარი კი მნიშვნელოვნად შეამცირებს იმ პოლიტიკურ თუ სხვა რისკებს, რომელიც თქვენს მიერ ნახსენებ რუსულ ფაქტორს უკავშირდება. ჩვენმა მთავრობამ თანმიმდევრულად და სწრაფადუნდა იზრუნოს ბაზრის გაჯანსაღებაზე, რაც, სამწუხაროდ, დღემდე ვერ მოხდა. ევროპული კავშირის მთელ რიგ ქვეყნებში, სადაც ბუნებრივი აირის ერთი მომწოდებლები ჰყავთ, მიწოდება რეგულირებადია, ჩვენთან კი 2008 წლიდან, როცა მინისტრმა ვითომდა კონკურენციის უზრუნველსაყოფად დერეგულირების შესახებ ბრძანება გამოსცა, მივიღეთ მონოპოლია და მონოპოლისტი მომწოდებელი, რომელიც საკმაოდ ბოროტად სარგებლობს ამით. ეს მდგომარეობა, ცხადია, შესაცვლელია და მგონია, რომ მოწოდება ჩვენს შემთხვევაშიცრეგულირებადი უნდა იყოს“.

მირცხულავა მოწოდების დივერსიფიკაციის შემთხვევაში ბაქოსთან ურთიერთობებში გარკვეულიპრობლემების წარმოქმნის რისკს ვერ ხედავს:

არ მგონია, ვინმე იყოს წინააღმდეგი იმისა, რომ საქართველოში თანამედროვე, ჯანსაღი ბაზარი ჩამოყალიბდეს, მით უფრო, რომ აზერბაიჯანი მაინც დარჩება საქართველოს მთელი მოსახლეობისთვის სოციალური გაზის დომინანტ მომწოდებლად. იმის წინააღმდეგ, რომ მონოპოლიზმი ზოგადად ცუდია, ვერც ერთი ქვეყანა ვერ წავა“.

აი, ატლანტიკური საბჭოს გლობალური ენერგიის ცენტრის ექსპერტი ბად ქუთი კი ამ პროექტის მიმართ უფრო სკეპტიკურადაა განწყობილი.  

„საკითხავია, სურს და შეუძლია თუ არა ირანს, ექსპორტზე მეტი გაზი გაიტანოს: თეირანისთვის გაზის ექსპორტზე გატანა მთავარი პრიორიტეტი არ არის, მისთვის მეტად პრიორიტეტულია გაზის გაზრდილი შიდა მოხმარების უზრუნველყოფა, გაზის მიწოდება ირანული ნავთობქიმიური მრეწველობის ხელშესაწყობად და ნავთობსაბადოებისთვის, რათა გაზარდოს ნავთობპროდუქტების წარმოება. ამავე დროს, ნაკლებ სავარაუდოა, რუსეთმა, რომელსაც ძლიერი გავლენა აქვს სომხეთზე, ერევანს ნება დართოს, ირანული გაზი ხელახალ ექსპორტზე გაიტანოს საქართველოში: ფაქტია, რომ როცა საქმე ეხებოდა ირანული გაზის სომხეთში ექსპორტს, რუსეთი ირწმუნებოდა, რომ მილსადენის დიამეტრი შეზღუდული იყო და რომ სომხეთს არ ჰქონდა საკმარისი უნარი, ირანიდან მიწოდებული გაზი ხელახალ ექსპორტზე გაეშვა".

რაც შეეხება საქართველოს, როგორც ექსპერტმა "აქცენტს" განუცხადა, ირანიდან გაზის ექსპორტი თბილისისთვის შესაძლოა, გარკვეულწილად სასარგებლო იყოს, თუმცა არსებული რუსული პოლიტიკის პირობებში უმჯობესია, ირანიდან გაზის იმპორტი აზრებაიჯანის დს არა სომხეთის გავლით განახორციელოს, რომელზეც რუსული გავლენა კვლავინდებურად ძლიერია.

გარდა ამისა, როგორც ბად ქუთმა აღნიშნა, აზერბაიჯანის სამხრეთში შესანიშნავი ინფრასტრუქტურაა, რაც ირანული გაზის საქართველოში ექსპორტს შეუწყობს ხელს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S