თორნიკე რიჟვაძე განმარტავს, რატომ უწოდა 2008 წლის ომს „ლაჩრულად წაგებული”
22/06/2023 08:34:14 პოლიტიკა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე განმარტავს, რომ მისი ციტატა 2008 წელს „ლაჩრულად წაგებულ ომზე“ საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მიემართებოდა. ამის შესახებ მან აჭარის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
"ყველამ ნახა, რომ მთავრობის ანგარიშის განხილვა რადიკალებთან არის ჩვეულებრივი წყლის ნაყვა, ვინაიდან მათ არ აინტერესებთ რეალურად რა კეთდება აჭარაში და არც შედის მათ ინტერესში აჭარის მოსახლეობის კეთილდღეობა. ნაცვლად ამისა, ჩვენ ვიხილეთ კამპანია, თითქოს ჩვენს გმირ მებრძოლებს, საამაყო ჯარისკაცებს შეურაცხყოფა მივაყენე. კიდევ ერთხელ, მსურს დავუდასტურო ჩემი პატივისცემა და ქედი მოვიხარო ჩვენი თითოეული სამხედროს წინაშე, მათი დედების წინაშე, რომლებმაც გმირი ვაჟკაცები გაუზარდეს ჩვენს სამშობლოს. სწორედ მათი ვაჟკაცობით, მათი თავგანწირვით და დაღვრილი სისხლით გადავრჩით და არა მხდალი და სიმულიანტი სააკაშვილით, რომელმაც ტერიტორიები დაგვაკარგვინა, მიატოვა ქართული ჯარი და ხალხი, ბოლოს უკვე ნებაყოფლობით უარი განაცხადა საქართველოს მოქალაქეობაზე. ჩემი შეფასება ლაჩრობასთან დაკავშირებით, სწორედ მას და მის ამფსონებს ეკუთვნის და ეკუთვნოდა“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის სხდომაზე.
15 ივნისს აჭარის უმაღლეს საბჭოში თორნიკე რიჟვაძემ ოპოზიციის მიერ რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის გაზრდილ მაჩვენებელზე დასმული კითხვის პასუხად შემდეგი განაცხადა:
„[...] გაორმაგებულია როგორც ვიზიტორების რაოდენობა, ისე შემოსავლების მოცულობა და მინდა, გითხრათ, რომ ამ საერთო ხვედრით წილში, მათ შორის იმ ქვეყნის მოქალაქეებიცაა, რომლებსაც 2008 წელს ლაჩრულად წაგებული ომის შემდგომ სააკაშვილის ხელისუფლებამ მწვანე შუქი აუნთო, უვიზო რეჟიმი დაუწესა და ყვავილებით, ქართული ღვინით ხელში ეგებებოდა“.
რიჟვაძის ამ შეფასებას მწვავე კრიტიკა მოჰყვა სოციალურ ქსელებში მოქალაქეების, აგვისტოს ომის ვეტერანებისა და პოლიტიკოსების მხრიდან.


