Accentnews.ge
ECRI: საქართველოში მოწყვლადი ჯგუფების მიმართ რასიზმი და შეუწყნარებლობა კვლავ პრობლემად რჩება

ECRI: საქართველოში მოწყვლადი ჯგუფების მიმართ რასიზმი და შეუწყნარებლობა კვლავ პრობლემად რჩება

22/06/2023 09:48:53 პოლიტიკა

რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპულმა კომისიამ (ECRI) გამოაქვეყნა დასკვნა, რომლის თანახმად, საქართველოში გარკვეული პროგრესის მიუხედავად, მოწყვლადი ჯგუფების მიმართ რასიზმი და შეუწყნარებლობა კვლავ პრობლემად რჩება.

ECRI–მ დოკუმენტი 2023 წლის 28 მარტს მიიღო და დღეს გამოაქვეყნა.

"2015 წლიდან საქართველოში საკანონმდებლო და პოლიტიკურ დონეზე გარკვეული პროგრესის მიუხედავად, რასიზმი და შეუწყნარებლობა ზოგიერთი ეთნიკური და რელიგიური ჯგუფისა და ლგბტი პირების მიმართ პრობლემად რჩება. გარდა ამისა, ქართული ენის სწავლება ეთნიკურ უმცირესობებში ჯერ კიდევ უმეტესწილად არასაკმარისია. ამასთან, მთავრობის წარმომადგენლებმა და პოლიტიკოსებმა სახალხო დამცველის (ომბუდსმენის) ინსტიტუტის რეპუტაციას ძირი გამოუთხარეს, რომელიც ეროვნული თანასწორობის ორგანოს ფუნქციას ასრულებს", – ნათქვამია დასკვნაში.

ECRI აღნიშნავს, რომ მისი წინა პრიორიტეტული რეკომენდაცია რელიგიურ დისკრიმინაციასა და შეუწყნარებლობის თაობაზე ამ დრომდე არ შესრულებულა:

  • "იეჰოვას მოწმეების მიმართ ძალადობის შემცირების მიუხედავად, საქართველოში რელიგიური შეუწყნარებლობა კვლავ პრობლემად რჩება. ECRI აღნიშნავს, რომ მისი წინა პრიორიტეტული რეკომენდაცია რელიგიურ დისკრიმინაციასა და შეუწყნარებლობის თაობაზე (მათ შორის რელიგიური საკუთრების შესახებ დავები) ჯერ კიდევ არ განხორციელებულა.

ECRI–ს მკაცრი რეკომენდაციით, ხელისუფლებამ პოლიტიკის ფოკუსირება უნდა მოახდინოს დისკრიმინაციის აღმოფხვრის პრინციპზე და რელიგიური ტოლერანტობის ხელშეწყობაზე".

დოკუმენტში საუბარია სახალხო დამცველის ინსტიტუტის მნიშვნელობაზე და აღნიშნულია, რომ პოლიტიკოსებმა და განსაკუთრებით მთავრობის წევრებმა თავი უნდა შეიკავონ ამ ინსტიტუტის დამაზიანებელი განცხადებების გაკეთებისგან:

"მიღწეული პროგრესის მიუხედავად, ზოგიერთი საკითხი იწვევს შეშფოთებას. სახალხო დამცველის გარკვეული საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია მისი მანდატის კონკრეტულ ნაწილთან (და პატიმრობაში მყოფ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან) ხელისუფლების რიგი წარმომადგენლებისა და პოლიტიკოსების მკაცრი კრიტიკის სამიზნე გახდა, რამაც უარყოფითი გავლენა მოახდინა სახალხო დამცველის ინსტიტუტის მუშაობაზე.

ECRI–ს რეკომენდაციით, ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ პოლიტიკოსებმა და განსაკუთრებით მთავრობის წევრებმა თავი შეიკავონ სახალხო დამცველის ინსტიტუტის სანდოობის, დამოუკიდებლობისა და რეპუტაციის შემლახავი კომენტარების გაკეთებისგან".

დასკვნაში საუბარია საქართველოს მიერ უკრაინის მხარდაჭერაზე:

"2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ პირველ თვეებში, ომს გამოქცეული თითქმის 50 000 უკრაინელი შემოვიდა საქართველოში. პირველადი განსახლება, ჯანდაცვა და განათლება მათთვის ხელმისაწვდომი გახდა. ქართულ საზოგადოებაში მათ მიმართ ზოგადად ძალიან მისასალმებელი დამოკიდებულება იყო.

ECRI–ს რეკომენდაციით, ხელისუფლებამ უნდა შეიმუშაოს სტრატეგიული გეგმა უკრაინელების მდგრადი მხარდაჭერისთვის საქართველოში, გრძელვადიანი მიდგომის დანერგვისა და მის განსახორციელებლად შესაბამისი საერთაშორისო ფინანსური დახმარების მოზიდვის მიზნით. განსაკუთრებული აქცენტი უნდა გაკეთდეს საცხოვრებლის, სოციალური დახმარებისა და ფსიქო-სოციალური კონსულტაციის სფეროში საჭიროებების დაკმაყოფილებაზე".

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პარალელურად საქართველოში ათიათასობით რუსიც ჩამოვიდა.

"როდესაც მოხდა ანტირუსული უკმაყოფილება და დისკრიმინაციული მოპყრობა, ხელისუფლებამ მიიღო სწრაფი ზომები, მათ შორის მომხმარებელთა უფლებების შესახებ რეგულაციებით. სახალხო დამცველი და "ეროვნულ უმცირესობათა საბჭო" რუსების მიმართ ნეგატიური სტერეოტიპებისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ გამოვიდნენ. ECRI მიიჩნევს, რომ ეს კარგი პრაქტიკაა", ნათქვამია დასვნაში.

ECRI ვრცლად საუბრობს ლგბტი პირთა პრობლემებზე:

"არ არსებობს მთავრობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, რათა განიხილონ ლგბტი თანასწორობის საკითხები, არ არსებობს შესაძლებლობა ერთსქესიანთა პარტნიორობის დარეგისტრირებისთვის და არ არსებობს სქესის კანონიერი აღიარების მკაფიო კრიტერიუმები. ECRI რეკომენდაციას უწევს ამ საკითხების განხილვას.

2021 წლის ივლისში თბილისში ლგბტი მარშის საწინააღმდეგო მასშტაბური დემონსტრაციები აქციის მონაწილეების, ორგანიზატორებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობაში გადაიზარდა. ECRI-ს აზრით, ეს თავდასხმები უნდა იყოს ეფექტურად გამოძიებული, დამნაშავეები სასამართლოს წინაშე უნდა წარდგნენ და მსგავსი ქმედებები აღარ უნდა განმეორდეს მომავალში, მათ შორის პოლიციის ოპერაციების გადახედვის გზით ასეთი მოვლენების დროს.

ლგბტი პირების მიმართ სიძულვილის ენა განსაკუთრებით, ონლაინ–სივრცეში მზარდი პრობლემაა და არ არსებობს რასისტული და ანტილგბტი სიძულვილის ენის ეფექტური მონიტორინგის სისტემა. შესაბამისად, პოლიციაში ჯერ კიდევ არ შექმნილა სპეციალიზებული განყოფილება, რომელიც სპეციალურად განიხილავდა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის შემთხვევებს.

ამ ფონზე, ECRI–ს რეკომენდაციით, უნდა შეიქმნას სიძულვილის ენისა და სიძულვილის ენის ეფექტური მონიტორინგის სისტემა და შეფასდეს ტრენინგების გავლენა, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოებისა და პროკურორებისთვის, რომლებიც განიხილავენ სიძულვილის დანაშაულის საქმეებს“.

ორი კონკრეტული რეკომენდაცია, რომელთა განხორციელებასაც საქართველოს ხელისუფლების მიერ ECRI პრიორიტეტულ მნიშვნელობას ანიჭებს:

  • ECRI-ს რეკომენდაციით, საქართველოს ხელისუფლებამ მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების საათების რაოდენობა იმ სკოლებში, სადაც უმცირესობები სწავლობენ.
  • ECRI-ს რეკომენდაციით, საქართველოს ხელისუფლებას უნდა შექმნას უწყებათაშორისი კომიტეტი ადამიანის უფლებათა ეროვნული 2022-2030 წლების სტრატეგიისა და მისი თანმხლები სამოქმედო გეგმების თანასწორობის კომპონენტის განსახორციელებლად. ეს კომიტეტი უნდა შეიცავდეს ომბუდსმენის ოფისის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და შესაბამისი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც წარმოადგენენ ECRI-ს ინტერესთა ჯგუფებს.

ამ ორი რეკომენდაციისთვის შუალედურ შემოწმებას ECRI განახორციელებს ანგარიშის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს ორი წლის შემდეგ.

ECRI დოკუმენტში გარკვეულ პროგრესზეც საუბრობს:

"კერძოდ, სამოქალაქო განათლების კურსი კულტურათაშორის ურთიერთობებზე სკოლის მასწავლებლებისთვის წარმატებით განვითარდა; საგრძნობლად შემცირდა ძალადობრივი თავდასხმების ფაქტები იეჰოვას მოწმეებზე და 78 ბოშამ მიიღო პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი".

ცნობისთვის: ევროპული კომისია რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ (ECRI) ევროპის საბჭომ დააარსა. ეს არის დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც ახორციელებს ადამიანის უფლებების მდგომარეობის მონიტორინგს და სპეციალიზდება რასიზმსა და შეუწყნარებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. იგი შედგება დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი წევრებისაგან, რომლებიც ინიშნებიან მორალური ავტორიტეტისა და რასიზმის, ქსენოფობიის, ანტისემიტიზმისა და შეუწყნარებლობის საკითხებში გამოცდილების საფუძველზე. წესდებით დადგენილ საქმიანობათა ფარგლებში, ECRI ახორციელებს მონიტორინგს ქვეყნების მიხედვით, რითაც აანალიზებს ვითარებას თითოეულ წევრ სახელმწიფოში რასიზმისა და შეუწყნარებლობის თვალსაზრისით და იძლევა წინადადებებსა თუ შეთავაზებებს გამოვლენილ პრობლემათა დაძლევისათვის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S