Accentnews.ge
დეოლიგარქიზაცია: რა მიღწევები აქვთ საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას

დეოლიგარქიზაცია: რა მიღწევები აქვთ საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას

22/06/2023 16:29:41 პოლიტიკა

სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის მიერ რეკომენდაციების შესრულების პროცესი შეაფასა.

შეფასებისას გამოიყენეს შემდეგი სისტემა:

  • არ არის პროგრესი – ანუ არ დაწყებულება რეკომენდაციის შესრულება;
  • შეზღუდული პროგრესი – რეკომენდაციის შესრულება დაიწყო, მაგრამ ადრეულ ეტაპზეა;
  • გარკვეული პროგრესი – ნაბიჯები გადაიდგა, მაგრამ საჭიროა მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა, პროგრესი 50%-ზე ნაკლებია;
  • მნიშვნელოვანი პროგრესი – გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები, მაგრამ კვლავ მისაღებია რიგი ზომები, პროგრესი 50%-ზე მეტია;
  • სრული პროგრესი – რეკომენდაცია შესრულებულია.

ამ სისტემის მიხედვით, ოლივერ ვარჰეის თქმით, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია. შვიდ რეკომენდაციაზე გარკვეული პროგრესი აქვს, ორზე საერთოდ არ აქვს პროგრესი, ერთზე – შეზღუდულ პროგრესს მიაღწია.

უკრაინის შემთხვევაში, რომელსაც 7 რეკომენდაცია ჰქონდა განსაზღვრული, 2 შესრულდა, ერთზე კარგი პროგრესი აქვს, 4-ზე – გარკვეული პროგრესი აჩვენა.

მოლდოვამ, 9 პირობიდან 3 უკვე შეასრულა, სამ პუნქტში მნიშვნელოვანი წინსვლა აჩვენა, ხოლო სამში – გარკვეული წინსვლა.

ერთ–ერთი საკითხი, რომელზეც საქართველოს შეზღუდული პროგრესი აქვს, გახლავთ დეოლიგარქიზაცია. რეკომენდაციაში საუბარი არ არის პერსონალიზებულ მიდგომაზე ან შესაბამისი კანონპროექტის შემუშავებაზე, არამედ მიზნად განსაზღვრულია ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაზე კერძო ინტერესების მომეტებული ზეგავლენის აღმოფხვრა. 13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ". საკითხის განხილვას წინ უძღოდა ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის დასკვნა ამ კანონპროექტზე. 12 ივნისს გამოქვეყნებული დასკვნის მიხედვით, ევროსაბჭოს ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის გადამუშავებულ ვარიანტზე და ქვეყანაში ოლიგარქიულ გავლენასთან საბრძოლველად ჩაატაროს არსებული სისტემური ზომების ღრმა და ყოვლისმომცველი ანალიზი სტრუქტურული ხარვეზების, უფლებამოსილებების და კოორდინაციის თვალსაზრისით.

ამ დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ უმრავლესობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მიღების შემდეგ გააუქმებს, თუკი ევროკომისია ამოიღებს ამ საკითხს 12 პუნქტიდან. თუმცა ევროკავშირის წარმომადგენლობამ თქვა, რომ მხარს უჭერს ვენეციის კომისიას, რომლის რეკომენდაციაა, საქართველომ უარი თქვას "დეოლიგარქიზაციის კანონზე".

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კანონის მიღება დეკემბრამდე გადადო, ევროკომისიამ კი რეკომენდაციების შესრულების ხარისხის ანგარიში ოქტომბერში უნდა წარმოადგინოს.

საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში დეოლიგაქრიზაციის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე დღეს ოლივერ ვარჰეიმ ისაუბრა.

საქართველო

„მივესალმები მმართველი პარტიის განცხადებას, რომ მას არ მიიღებენ [დეოლიგარქიზაციის შესახებ ამჟამინდელი კანონპროექტს – რედ.]“,– თქვა ვარჰეიმ და გაიმეორა, რომ საჭიროა სისტემური მიდგომის მქონე კანონის მიღება, ვენეციის კომისიის რეკომენდაციის შესაბამისად.

უკრაინა

ევროკომისრის თქმით, უკრაინას დეოლიგარქიზაციის მიმართულებით აქვს სამოქმედო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს სისტემურ რეფორმას და ახლა საჭიროა მათი იმპლემენტირება ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად.

მოლდოვა

ევროკომისარი აღნიშნავს, რომ დეოლიგარქიზაციის ნაწილში მოლდოვამ გაითვალისწინა ვენეციის კომისიის რეკომენდაცია და სისტემურ მიდგომაზე შეაჩერა არჩევანი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S