Accentnews.ge
"ოცნებაში" გვარამიას შეწყალებას ეხმიანებიან: პრეზიდენტზე დიდი ზეწოლა იყო

"ოცნებაში" გვარამიას შეწყალებას ეხმიანებიან: პრეზიდენტზე დიდი ზეწოლა იყო

23/06/2023 06:37:30 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ "მთავარი არხის" დირექტორის ნიკა გვარამიას შეწყალებას მმართველ პარტია "ქართულ ოცნებაში" ეხმიანებიან.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტზე შეწყალებასთან დაკავშირებით ზეწოლა იყო.

მისივე თქმით, შემთხვევითი არაა, რომ ზურაბიშვილმა არ დაასახელა შეწყალების მოტივი:

"რაც შეეხება შეწყალებას, ჩვენ ვხედავდით, რომ დიდი ზეწოლა იყო პრეზიდენტზე ამ შეწყალებასთან დაკავშირებით, ეს ჩანდა, ეს იყო ღიაც და არაღიაც. იმედი გვქონდა ჩვენ, რომ პრეზიდენტი დადგებოდა კანონის უზენაესობის და ქართველი ხალხის მიერ განხორციელებული მართლმსაჯულების მხარეს, თუმცა მან სხვა მხარე აირჩია და ეს გადაწყვეტილება მიიღო. ერთი რამ არის მთავარი, ყველა გადაწყვეტილებას აქვს თავისი მოტივაცია და შემთხვევითი არ არის ალბათ, რომ გუშინ პრეზიდენტმა მისი გადაწყვეტილების მოტივი არ დაასახელა. რა თქმა უნდა, ეს მოტივი ვერ იქნებოდა, რომ შეიწყალა, ვინაიდან განაჩენი იყო უკანონო, ვინაიდან საქართველოს სამი ინსტანციის სასამართლოს აქვს ამ საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული, რა თქმა უნდა, მოტივად ვერ დაასახელებდა ჰუმანურობას, რადგან თავად მსჯავრდადებული არ ითხოვდა შეწყალებას და რა თქმა უნდა, მიზეზად ვერ დაასახელებდა დეპოლარიზაციას, ვინაიდან ეს იქნებოდა ცინიზმის მწვერვალი, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის ეთქვა, რომ ამის მოტივი იყო დეპოლარიზაცია. ვნახოთ, რაც არის გადაწყვეტილება მივიღოთ ასე, დრო ყველაფერს განსჯის".

პრეზიდენტმა თავის თავმოყვარეობა გადადო გვერდზე, პრეზიდენტის ინსტიტუტი შეურაცხყო - ასე აფასებს "ქართული ოცნების" წევრი დეპუტატი გივი მიქანაძე გვარამიას შეწყალების გადაწყვეტილებას და ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება რეკომენდაციის შესრულებასთან არაფერ კავშირშია და პირიქით, პოლარიზაციას გააღრმავებს

„თქვენ ფიქრობთ, ამ შეწყალებით რეკომენდაცია შესრულდა?! ერთი წელია ვმუშაობთ ოპოზიციის ნაწილთან ერთად, რომ 12 პუნქტი შესრულდეს. ეს საკითხი ამ პუნქტებთან არაფერ შუაშია, რადგან ნიკა გვარამია არის ადამიანი, რომელიც პოლარიზაციას აღრმავებს. გაიხსენეთ, პრეზიდენტის ინსტიტუტს როგორ შეურაცხყოფდა, არ ვიცი მე რა გადააფასა, არადამაჯერებელია, რომ ასე უცებ რაღაცები გადააფასა. ყველამ იცის, რომ ეს ადამიანი რადიკალიზმით გამოირჩევა და მისი შეწყალება არის პოლარიზაციის გაღრმავებისკენ გადადგმულო ნაბიჯი”, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.

იგი ასევე გამოეხმაურა გვარამიას გათავისუფლების შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ევროკავშირის დროშა დაწვეს, ამას მან „საზოგადოების რეაქცია“ უწოდა. როგორც მიქანაძემ აღნიშნა, არ გაუკვირდება, თუ რეაქცია უფრო მწვავე იქნება.

„არავის არავინ მიუგზავნია, ამის არანაირი მტკიცებულება არ გაქვთ. ეს არის საზოგადოების რეაქცია და არ გამიკვირდება თუ უფრო მწვავე იქნება საზოგადოების რეაქცია. გახსოვთ 26-27 მაისს გაკეთებულ განცხადებებს რა რეაქცია მოჰყვა საზოგადოების მხრიდან და როგორ გახდა იძულებული რიტორიკა შეეცვალა, როცა ევროპარლამენტში გამოვიდა და უფრო მეტად ზომიერი და ორიენტირებული ყოფილიყო ქვეყნის ინტერესებზე. გუშინდელი გადაწყვეტილება აბსოლუტურად ამოვარდნილია ამ კონტექსტიდან. ზოგადად, ევროკავშირი ჩვენი პოლიტიკური მიზანია და ნებისმიერი ქმედება ევროკავშირის საწინააღმდეგოდ ჩვენი მხრიდან ვერ იქნება მხარდაჭერილი და მოწონებული, მაგრამ კონკრეტულმა ადამიანმა რა პოზიცია გამოთქვა და ამის დაკავშირება „ქართულ ოცნებასთან“ არის აბსოლუტურად მიუღებელი”, - განაცხადა მიქანაძემ.

ცნობისთვის: საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 22 ივნისს შეიწყალა „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია, რომელიც 2022 წლის მაისში, თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და თითქმის 7 მილიონი ლარით კომპანიის დაზარალებაში და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. განაჩენი უცვლელად დატოვეს სააპელაციო და უზენაესმა სასამართლოებმა. პრეზიდენტის შეწყალების აქტის საფუძველზე გვარამია საპატიმრო დაწესებულებიდან გათავისუფლდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S