Accentnews.ge
მიქანაძე – გვარამიას შეწყალების შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ევროკავშირის დროშის დაწვაზე: თუ უფრო მწვავე იქნება საზოგადოების რეაქცია, არ გამიკვირდება

მიქანაძე – გვარამიას შეწყალების შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ევროკავშირის დროშის დაწვაზე: თუ უფრო მწვავე იქნება საზოგადოების რეაქცია, არ გამიკვირდება

23/06/2023 06:56:54 პოლიტიკა

პრეზიდენტმა თავის თავმოყვარეობა გადადო გვერდზე, პრეზიდენტის ინსტიტუტი შეურაცხყო - ასე აფასებს "ქართული ოცნების" წევრი დეპუტატი გივი მიქანაძე პრეზდენტის მიერ "მთავარი არხის" დამფუძნებლის ნიკა გვარამიას შეწყალების გადაწყვეტილებას და ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება რეკომენდაციის შესრულებასთან არაფერ კავშირშია და პირიქით, პოლარიზაციას გააღრმავებს

„თქვენ ფიქრობთ, ამ შეწყალებით რეკომენდაცია შესრულდა?! ერთი წელია ვმუშაობთ ოპოზიციის ნაწილთან ერთად, რომ 12 პუნქტი შესრულდეს. ეს საკითხი ამ პუნქტებთან არაფერ შუაშია, რადგან ნიკა გვარამია არის ადამიანი, რომელიც პოლარიზაციას აღრმავებს. გაიხსენეთ, პრეზიდენტის ინსტიტუტს როგორ შეურაცხყოფდა, არ ვიცი მე რა გადააფასა, არადამაჯერებელია, რომ ასე უცებ რაღაცები გადააფასა. ყველამ იცის, რომ ეს ადამიანი რადიკალიზმით გამოირჩევა და მისი შეწყალება არის პოლარიზაციის გაღრმავებისკენ გადადგმულო ნაბიჯი”, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.

იგი ასევე გამოეხმაურა გვარამიას გათავისუფლების შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ევროკავშირის დროშა დაწვეს, ამას მან „საზოგადოების რეაქცია“ უწოდა. როგორც მიქანაძემ აღნიშნა, არ გაუკვირდება, თუ რეაქცია უფრო მწვავე იქნება.

„არავის არავინ მიუგზავნია, ამის არანაირი მტკიცებულება არ გაქვთ. ეს არის საზოგადოების რეაქცია და არ გამიკვირდება თუ უფრო მწვავე იქნება საზოგადოების რეაქცია. გახსოვთ 26-27 მაისს გაკეთებულ განცხადებებს რა რეაქცია მოჰყვა საზოგადოების მხრიდან და როგორ გახდა იძულებული რიტორიკა შეეცვალა, როცა ევროპარლამენტში გამოვიდა და უფრო მეტად ზომიერი და ორიენტირებული ყოფილიყო ქვეყნის ინტერესებზე. გუშინდელი გადაწყვეტილება აბსოლუტურად ამოვარდნილია ამ კონტექსტიდან. ზოგადად, ევროკავშირი ჩვენი პოლიტიკური მიზანია და ნებისმიერი ქმედება ევროკავშირის საწინააღმდეგოდ ჩვენი მხრიდან ვერ იქნება მხარდაჭერილი და მოწონებული, მაგრამ კონკრეტულმა ადამიანმა რა პოზიცია გამოთქვა და ამის დაკავშირება „ქართულ ოცნებასთან“ არის აბსოლუტურად მიუღებელი”, - განუცხადა მიქანაძემ ჟურნალისტებს.

ცნობისთვის: საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 22 ივნისს შეიწყალა „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია, რომელიც 2022 წლის მაისში, თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და თითქმის 7 მილიონი ლარით კომპანიის დაზარალებაში და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. განაჩენი უცვლელად დატოვეს სააპელაციო და უზენაესმა სასამართლოებმა. პრეზიდენტის შეწყალების აქტის საფუძველზე გვარამია საპატიმრო დაწესებულებიდან გათავისუფლდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S