ბეჟაშვილი: ახლა სააკაშვილის გათავისუფლების ჯერია
23/06/2023 07:07:25 პოლიტიკა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტის მიერ "მთავარი არხის" დამფუძნებლის ნიკა გვარამიას შეწყალების შემდეგ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ჯერია.
„ერთადერთი სწორი, სამართლიანი, კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო პრეზიდენტმა, უნდა მოვუწონო მას ეს გადაწყვეტილება. მნიშვნელოვანია, რომ ნახევარი ნაბიჯებით, ნახევარი ღონისძიებებით არ შემოვიფარგლოთ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით ასევე პრეზიდენტმა მიიღოს კონსტიტუციური გადაწყვეტილებები და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ჯერი არის, რადგან მიხეილ სააკაშვილი არის უკანონო პოლიტპატიმარი და ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო დააახლოებდა საქართველოს ევროკავშირთან. „ქართული ოცნების“ პირობებში, ის მუქარები, რომლებსაც ახორციელებდნენ სალომე ზურაბიშვილის მიმართ ნამდვილად ხელშესახები შეიძლება გახდეს, ისინი არ მოერიდებიან არაფერს, მაგრამ ნამდვილად, დღევანდელი გადაწყვეტილებით და შემდეგი გადაწყვეტილებებით პრეზიდენტი მოიპოვებს ხალხის მხარდაჭერას და საზოგადოების დაცვის გარანტიებსაც", – აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.
ცნობისთვის: საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 22 ივნისს შეიწყალა „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია, რომელიც 2022 წლის მაისში, თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და თითქმის 7 მილიონი ლარით კომპანიის დაზარალებაში და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. განაჩენი უცვლელად დატოვეს სააპელაციო და უზენაესმა სასამართლოებმა. პრეზიდენტის შეწყალების აქტის საფუძველზე გვარამია საპატიმრო დაწესებულებიდან გათავისუფლდა.


