სააკაშვილი: ყველაფერი, რასაც პუტინი ბოლო თვეებში აკეთებს, მზადებაა "წითელ ღილაკზე" თითის დასაჭერად
23/06/2023 07:25:47 პოლიტიკა
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თვლის, რომ ყველაფერი, რასაც კრემლის ლიდერი ვლადიმირ პუტინი ბოლო თვეებში აკეთებს, მზადებაა „წითელ ღილაკზე“ თითის დასაჭერად. ამის შესახებ ექს–პრეზიდენტი საუბრობს ბლოგში, რომელიც უკრაინულმა გამოცემამ „უკრაინსკაია პრავდამ“ გამოაქვეყნა.
სააკაშვილი იხსენებს, რომ 2009 წლის თებერვალში, მაშინდელ ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენთან მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში შეხვედრისთანავე, Mandarin Oriental-ში ივახშმა რიჩარდ ჰოლბრუკთან და სახელმწიფო მდივნის პირველ მოადგილე ბილ ბერნსთან (CIA-ს ამჟამინდელ დირექტორთან) და ისაუბრა რუსეთის გეგმებზე:
„მე მათ ვუთხარი ის, რაც ადრე საჯაროდ ბევრჯერ მითქვამს, რომ პუტინი შეიჭრებოდა უკრაინაში, დაიწყებდა ყირიმიდან და მეორე – დარწმუნებული ვიყავი, რომ მას შემდეგ, რაც მას მუდმივად გადაჰქონდა „წითელი ხაზები“, აუცილებლად გამოიყენებდა ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს უკრაინის ტერიტორიაზე ყველას დასაშინებლად და ნატოს დისკრედიტაციისთვის.
თუ ჩემი თანამოსაუბრეები ჯერ კიდევ მზად იყვნენ ყირიმის საკითხზე დისკუსიისთვის, ბირთვულ იარაღზე ჩემი აზრები აშკარად 2008 წლის ომის შედეგად გადახურებული და ტრავმირებული ფანტაზიის ნაყოფად მიიჩნიეს.
და ახლა, პირველად, აშშ-ის პრეზიდენტმა ბაიდენმა ეს სერიოზულად თქვა. მე მჯერა, რომ ყველაფერი, რასაც პუტინი ბოლო თვეებში აკეთებს, არის მზადება „წითელ ღილაკზე“ თითქის დასაჭერად“.
სააკაშვილის ხედვით, უკრაინის შეტევის მიმართ ზოგიერთის სკეპტიციზმის მიუხედავად, მოსკოვმა დანამდვილებით იცის, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ამჟამინდელი შესაძლებლობების გათვალისწინებით, ისინი ნამდვილად ვერ შეძლებენ აზოვის 100–კილომეტრიანი სიგანის დერეფნის შენარჩუნებას და მათი თავდაცვა ადრე თუ გვიან გაირღვევა. ყირიმის ხიდი განადგურდება, უკრაინული ჯარები კი ყირიმის შესასვლელთან დადგებიან. ალყის პირობებში ყირიმის დაჯგუფება განწირული იქნება და ამ დროს მოსკოვში აუცილებლად დაიწყება კრემლის ძალაუფლების ჩამოშლა და „ამის თავიდან ასაცილებლად პუტინი გეგმავს ტაქტიკური ბირთვული იარაღით დარტყმის განხორცილებას გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრზე, ანუ კიევის ცენტრში“:
„დიდი ალბათობით, მანამდე ბელარუსში რაიმე სახის პროვოკაცია განხორციელდება, რათა წარმოაჩინონ, რომ სწორედ მინსკმა აიძულა მოსკოვი, ემოქმედა მოკავშირის დასაცავად“.
ეს ყველაფერი, სააკაშვილის აზრით, ომის მკვეთრ დაჩქარებას გამოიწვევს: პუტინი არ დაელოდება, ვიდრე უკრაინა F16-ებს მიიღებს, ის „შევა სპირალში და აქ მნიშვნელოვანია, რომ ამერიკამ შეასრულოს ის, რსაც დაჰპირდა და ჩემი ძველი ნაცნობის პირით გადასცეს რუსებს სტამბოლში. კერძოდ, გამოიყენოს ყველა თავისი კონვენციური საშუალება რათა გაანადგუროს ყველა დამპყრობელი უკრაინაში, ასევე მათი ლოჯისტიკური ცენტრები ბელარუსში და თავად რუსეთში“:
„ამ ყველაფერთან ერთად, არ გამოვრიცხავ ტაქტიკური ბირთვული იარაღით დარტყმას პოლონეთის ჟეზოვის რეგიონის უდიდეს ლოგისტიკურ ცენტრზე ნატო–ს მეხუთე მუხლის ავტომატურად გააქტიურების მიზნით.
ვვარაუდობ, რომ თუ საუბარი იქნება 2-3 ბირთვულ ჭურვზე, მაშინ ნატო შემოიფარგლება მხოლოდ კონვენციური პასუხით.
რას მიიღებს პუტინი ამ ყველაფრით? პირველი, თუ ომი გაგრძელდება ისე, როგორც ახლა მიმდინარეობს, რამდენიმე თვეში ყველასთვის ცხადი გახდება, რომ რუსეთმა მარცხი განიცადა, ასე კი ტოვებს შანსს, რომ ვაშინგტონი პირველი „დაახამხამებსთვალი“. და თუ არ „ახამხამებს“, აქაც აქვს თავისი გათვლა: გამოვა, რომ ის ომს წააგებს არა უკრაინასთან, არამედ ნატო–სთან და ეს მიზეზია, კონსოლიდირება მოახდინოს საკუთარი ჯგუფის და რუსული საზოგადოების, განსაკუთრებით საპრეზიდენტო არჩევნებამდე“.
ამ პირობებში, სააკაშვილი თვლის, რომ უპირველესად, უკრაინას უნდა ესმოდეს, რომ არსებობს ასეთი რეალური საფრთხე და მიიღოს სიფრთხილის მაქსიმალური ზომები, „განსაკუთრებით, გაუფრთხილდნენ ხელმძღვანელობას და, რა თქმა უნდა, ეს უპირველეს ყოვლისა ეხება უკრაინის გამარჯვების გასაღებს - პრეზიდენტ ზელენსკის. რადგან ზელენსკი „გახდა თავისუფალი სამყაროს ლიდერი და თავისუფალი სამყაროს რეაქცია რუსეთის ბირთვულ თავდასხმაზე დამოკიდებული იქნება უკრაინის ჯანმრთელი უმაღლესი მეთაურის მოწოდებებსა და პოზიციაზე“.
მისი თქმით, უნდა გვესმოდეს, ზელენსკის განადგურება ერთადერთია, რაც ნაწილობრივ მაინც გადაარჩენს რუსეთს, „ყველაფერი დანარჩენი კი, როგორც ახლახან ზალუჟნიმ თქვა, გეგმის მიხედვით მიდის“.


