ათონელის რეზიდენციასთან საპროტესტო აქცია დაანონსდა: "გადასახდელია პოლიტიკური ფასი"
23/06/2023 10:06:32 პოლიტიკა
"საქართველო უპირველეს ყოვლისას" წევრი ხატია ჯანაშია ათონელის რეზიდენციასთან საპროტესტო აქციას აანონსებს.
როგორც ჯანაშია წერს, "ქართველი ხალხი" არ აპირებს არსებული რეალობის მიღებას და "ქართულმა ოცნებამ" პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადოს":
"დღეს 19:00 საათზე,
ათონელზე რეზიდენციასთან.
იმაზე, რაც ახლა ხდება.
იმაზე საითკენაც ეს პროცესები მიდის.
გადასახდელია პოლიტიკური ფასი.
“ქართული ოცნების” გადასახდელი.
ვაჩვენოთ ყველას, რომ ქართველი ხალხი არ ვაპირებთ იმ რეალობის მიღებას, საითკენაც უნიათო “ქართული ოცნება” და მისი დასმული, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აგენტი “პრეზიდენტი” მიგვაქანებს", – წერს ხატია ჯანაშია სოციალურ ქსელში.
შეგახსნებთ, რომ ორბელიანების სასახლესთან ევროკავშირის დროშის დაწვის გამო მოქალაქეები დააჯარიმეს. შემთხვევა წუხელ მას შემდეგ მოხდა, რაც პრეზიდენტმა "მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია შეიწყალა. კერძოდ, ორბელიანების სასახლესთან ანტიდასავლური ჯგუფების წარმომადგენლები მივიდნენ და ევროკავშირის დროშა დაწვეს. ორ მოქალაქეზე გამოწერილი ჯარიმის ქვითარი "ფეისბუქში" პირად გვერდზე გაავრცელა ტელეკომპნაი POSTV-ის წარმომადგენელმა ნათია ბერიძემ, რომელმაც მოქალაქეებს მოუწოდა, რომ ვისაც სურვილი ექნება ჯარიმის თანხის შესაგროვებლად თანხა გადარიცხონ.


