ამერიკელი ანალიტიკოსი: "საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ყაზახეთის მსგავს ქვეყნებთან კავშირების გაძლიერება"
23/06/2023 11:27:50 პოლიტიკა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი მრჩევლის, ევრაზიის ქვეყნების დამოუკიდებელი მკვლევარის პოლ გობლის განცხადებით, "საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ყაზახეთის მსგავს ქვეყნებთან კავშირების გაძლიერება".
ასე აფასებს ანალიტიკოსი "აქცენტთან" საუბრისას საქართველოში ყაზახეთის პრემიერ–მინისტრ ალიხან სმაილოვის ვიზიტს.
"საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ყაზახეთის მსგავს ქვეყნებთან კავშირების გაძლიერება, რომლებთანაც მას თანამშრომლობა, მათ შორის ტრანზიტის გამო სჭირდება. ცხადია, რაც უფრო მეტად დაუკავშირდება საქართველო ისეთ ქვეყნებს, რომლებიც რუსეთს შორდებიან, მით უფრო ადვილი იქნება იგივეს გაკეთება საქართველოსთვის. რაც შეეხება "შუა დერეფანს", ეს პროექტი საქართველოს ეკონომიკური მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - განუცხადა "აქცენტს" ანალიტიკოსმა.
თბილისს ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთი პრემიერი სტუმრობს. როგორც დღეს თბილისში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, "ყაზახ კოლეგასთან შეხვედრაზე განხილულ იქნა დაგეგმილი პროექტები, რომელიც კიდევ უფრო გაამყარებს ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ თანამშრომლობას".
მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა „შუა დერეფანზე“ და აღნიშნა, რომ „შუა დერეფანი“ უნდა გახდეს კიდევ უფრო მეტად მიმზიდველი, მათ შორის ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის.
„ასევე განვიხილეთ დაგეგმილი პროექტები, რომელიც კიდევ უფრო გაამყარებს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ თანამშრომლობას. მე აქვე მინდა შევეხო „შუა კორიდორის“ საკითხს, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი იყო და არის. გასული წლის ნოემბერში ჩვენ გავაფორმეთ სამმხრივი მემორანდუმი. ამ პროექტში ჩართული ვართ აზერბაიჯანთან ერთად, საქართველო, აზერბაიჯანი და ყაზახეთი ვთანამშრომლობთ იმისთვის, რომ ყველა შემაფერხებელი ბარიერი იყოს მოხსნილი და „შუა დერეფანი“ გახდეს კიდევ უფრო მეტად მიმზიდველი, მათ შორის ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის, ჩინეთისთვის, ზოგადად აზიის ქვეყნებისთვის, რომ მეტი ტვირთი წამოვიდეს ამ მარშუტის მეშვეობით „შუა კორიდორში“. ჩვენ გვაქვს კონკრეტული საგზაო რუკა, რომელზეც უკვე შევთანხმდით ყაზახეთთან, ესაა 5 წლიანი გეგმა დაახლოებით, 2027 წლამდე ჩვენ ზუსტად ვიცით, რა უნდა გააკეთოს საქართველომ, აზერბაიჯანმა და ყაზახეთმა თავის მხრივ. ჩვენ ახლა მნიშვნელოვან ინვესტიციებს ვახორციელებთ რკინიგზის მოდერნიზაციის მიმართულებით, რომელიც ძალიან მალე დასრულდება და გააორმაგებს გამტარუნარიანობას ჩვენი რკინიგზის. ჩვენ ასევე გვაქვს სხვა მნიშვნელოვანი პროექტები დაგეგმილი ამ მიმართულებით, ვმუშაობთ ასევე ახალი პორტის მშენებლობაზე. მე ბატონ პრემიერ-მინისტრს პირადად ვაცნობე, რომ საქართველოს მთავრობა მზადაა, ააშენოს ახალი პორტი, ღრმაწყლოვანი ანაკლიის პორტი და სამუშაოები დაიწყება წელს, შემოდგომაზე, ოქტომბერში დაახლოებით, მთავრობა იქნება მეპატრონე, 51% იქნება საქართველო მთავრობის და დანარჩენ 49%-ზე ჩვენ ვაპირებთ, გავმართოთ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები", - განაცხადა საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
იხილეთ ასევე:


