პაპუაშვილი: ახლა ბურთი მათ მოედანზეა, ვინც ნიკა გვარამიას შეწყალებას დეპოლარიზაციასთან აკავშირებდა
23/06/2023 11:31:34 პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტ სალოემ ზურაბიშვილის მიერ "მთავარი არხხის" დამფუძნებლის ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში "პოსტს" აქვეყნებს.
მისი თქმით, "ზურაბიშვილის გადაწყვეტილება უნისონში იყო დასავლელი პარტნიორების განცხადებებთან, რაც ზეწოლაზე მიუთითებს".
როგორც მან აღნიშნა, "ახლა ბურთი მათ მოედანზეა, ვინც გვარამიას შეწყალებასა და დეპოლარიზაციას ერთმანეთთან აკავშირებდა".
"პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა, ყველანაირი ახსნა- განმარტების გარეშე შეიწყალა ნიკა გვარამია, რომელსაც კანონიერად ჰქონდა დანაშაული დადასტურებული. მან ახლა ციხეში მისჯილი დროის მხოლოდ მცირე ნაწილი გაატარა. რამდენიმე დასავლელი პოლიტიკოსისა და დიპლომატის მხრიდან გვქონდა გარკვეული პოზიტიური კომენტარები, რომლებიც მიესალმნენ ამ გადაწყვეტილებას. ეს განცხადებები, გვარამიას მხარდამჭერ წინა განცხადებებთან ერთად, უნისონშია პრეზიდენტის გადაწყვეტილებასთან და ასევე მიუთითებს ზეწოლაზე, რაზეც პრეზიდენტი ცოტა ხნის წინ ჩიოდა. შეწყალება ქმნის პოლიტიკური დეპოლარიზაციის უკეთესი შანსების მოლოდინს. აქამდე, პოლარიზაციის მთავარ მიზეზად გვარამიას პატიმრობა სახელდებოდა, თუმცა რეალურად, ეს ოპოზიციის რადიკალიზაციის საბაბი უფრო იყო. ახლა, ამ შეწყალებით, რომელსაც მხარი ჩვენმა ზოგიერთმა საგარეო პარტნიორმა დაუჭირა, ბურთი მათ მოედანზეა, ვინც საჯაროდ აკავშირებდა გვარამიას შეწყალებას დეპოლარიზაციასთან. ახლა ნამდვილ ძალისხმევას მოველით მათგან, ვისაც მართლა გააჩნია ბერკეტი ოპოზიციის დასარწმუნებლად, რომ რადიკალურ დღის წესრიგს დაანებონ თავი და მთავრობასთან ერთად ევროინტეგრაციის პერსპექტივის გასაუმჯობესებლად იმუშაონ. თუმცა დასავლეთის შუამავლობით მიღებული ეს უკანასკნელი შეწყალება არ გვაძლევს პოლარიზაციის პრობლემის გადაჭრის დიდ იმედს: დასავლეთის შუამავლობით პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ შეწყალების წინა ორმა ქეისმა, რომელიც მსჯავრდადებულ გიორგი უგულავასა და გიორგი რურუას ეხებოდათ, ძალიან მცირე შედეგი აჩვენა პოლარიზაციის შესამსუბუქებლად და ოპოზიციის რადიკალური გზების შესარბილებლად", - წერს შალვა პაპუაშვილი.


