ორი ნაბიჯი, რომელიც ენმ–ის აზრით, საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთში აჯანყების ფონზე უნდა გადადგას
24/06/2023 11:13:26 პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვარი სწრაფად და უპირობოდ ჩაკეტოს.
მისი თქმით, უშიშროების საბჭოს შეკრებას არ აქვს აზრი, რადგან ეს არა საქართველოს მოქალაქეების ბედზე ზრუნვას, არამედ "პუტინის საამებლად შეკრებას" ნიშნავს.
"ჩვენ მათ არ მოვუწოდებთ არანაირი შეკრებისკენ, არანაირი უშიშროების საბჭო საქართველოში არ არსებობს, არსებობს პუტინის და ივანიშვილის უსაფრთხოების საბჭო და შესაბამისად, მათი რაიმე სახით შეკრება ნიშნავს არა ქვეყნის და საქართველოს მოქალაქეების ბედზე ზრუნვას, არამედ პუტინის საამებლად შეკრებას. რაღა მარგარეტა სიმონიანი და სალავიოვი შეკრებილა და რაღა დღევანდელი უშიშროების საბჭო.
ამიტომ, რამდენიმე უსწრაფესი ნაბიჯია გადასადგმელი, რაც სწრაფად უნდა გააკეთოს რუსულმა ხელისუფლებამ.
პირველი: სასწრაფოდ და უპირობოდ ჩაიკეტოს საზღვრები რუსეთის მოქალაქეებისთვის, სასწრაფოდ და უპირობოდ, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ქვეყნისთვის უსაფრთხოებისთვის არის მნიშვნელოვანი", - თქვა მან.
ხაბეიშვილმა, ასევე, ისაუბრა რუსეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებზე და თქვა, რომ მათი სურვილის არსებობის შემთხვევაში, ქვეყანაში უსაფრთხოდ უნდა დააბრუნონ.
"მეორე მნიშვნელოვანი საკითხი - ახლა აღარ ახსოვს რუს ირაკლი კობახიძეს და რუს ირაკლი ღარიბაშვილს მილიონობით ქართველი ცხოვრობს რუსეთშიო, რომ ამბობდნენ. ასი ათასობით ჩვენი მოქალაქე ნამდვილად ცხოვრობს და ამ ადამიანებს დახმარება სჭირდებათ. თუ მარტო შავი ფული და მოპარვას და პუტინის ინტერესებს რომ სჭირდება, მაშინ გახსენდებათ, რომ რუსეთში საქართველოს მოქალაქეები ცხოვრობენ?
ამასობაში, ამ ჩვენს მოქალაქეებს ამ სამოქალაქო ომის პირობებში, გაუგებრობა და უბედურება რომ ხდება პუტინის რუსეთში, დახმარება სჭირდებათ და უმნიშვნელოვანესია მოხდეს ამ ადამიანებისთვის სრული მომსახურების გაწევას, რაც გულისხმობს მათ ქვეყანაში უსაფრთხოდ დაბრუნებას, მათი სურვილის შემთხვევაში, ცხადია", - აღნიშნა ხაბეიშვილმა.
დღეს პარტია საქართველოსთვის ლიდერმა, გიორგი გახარიამ მთავრობას უსაფრთხოების საბჭოს მოწვევისკენ და რუსეთთან საზღვრების დროებით ჩაკეტვისკენ მოუწოდა. გახარიას თქმით, საფრთხე რეალურია და მშვიდობის შენარჩუნებისთვის დროულად მოქმედებაა საჭირო. საზღვრების თაობაზე მოწოდებას "სისულელე" უწოდა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ და განაცხადა, რომ ერთადერთი, რაც უნდა გავაკეთოთ, მოვლენების დაკვირვებაა.
საქართველოს პრეზიდენტი გამოვიდა მოწოდებით, რომ ზედმიწევნით გამოკნტროლდეს საზღვრები.
საზღვრების ჩაკეტვის მოთხოვნით პარლამენტთან აქცია დაანონსდა.


