კობახიძე: „გუშინ ყველამ ვნახეთ ერთიანად ამჩატებული ოპოზიცია“
25/06/2023 10:27:30 პოლიტიკა
გუშინ მოვისმინეთ უამრავი სისულელე, საუბარი იყო უსაფრთხოების საბჭოს მოწვევაზე, მეორე ფრონტზე, პირდაპირი მოწოდებები მეორე ფრონტთან დაკავშირებით, ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“, კოლექტიური ოპოზიციის სახე, ერთი წამით წარმოიდგინეთ, ეს ადამიანები რომ ყოფილიყვნენ გუშინ ხელისუფლების სათავეში, ქვეყანას გახვევდნენ უბედურებაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძე განაცხადა.
კობახიძის თქმით, გუშინ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ რადიკალურ ოპოზიციას ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნა სურს.
„გუშინ, ზოგადად, ყველამ ვნახეთ ერთიანად ამჩატებული ოპოზიცია. ეს იყო ამჩატებული „ნაცები“, „ევრონაცები“, ხაზარაძე, გახარია, „გირჩელები“, სალომე ზურაბიშვილი და ა.შ. როდესაც ჭკუა არ გყოფნის, რომ სწორად გაანალიზო მოვლენები, იმაზე მაინც უნდა გეყოს ჭკუა, რომ საერთოდ გაჩუმდე. გუშინ მოვისმინეთ უამრავი სისულელე. საუბარი იყო უსაფრთხოების საბჭოს მოწვევაზე, მეორე ფრონტზე, პირდაპირი მოწოდებები მეორე ფრონტთან დაკავშირებით. ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“, კოლექტიური ოპოზიციის სახე. ერთი წამით წარმოიდგინეთ, ეს ადამიანები რომ ყოფილიყვნენ გუშინ ხელისუფლების სათავეში, ქვეყანას გახვევდნენ უბედურებაში. ამიტომ საზოგადოებამ უნდა შეაფასოს, გაანალიზოს ყველაფერი, მათ შორის შეაფასოს ამ ოპოზიციის სახე. შეგვიძლია, ამოვიღოთ კონკრეტული ფეისბუქპოსტები, განცხადებები ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით, იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომლებიც გუშინ წარიმართებოდა. იყო განცხადებები, სადაც პირდაპირ იყო საუბარი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შესვლაზე. ეს არის მათი სახე. როცა ვამბობთ, რომ მათი მიზანი არის მეორე ფრონტი, ეს მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს, როდესაც წამოსცდათ ის, რასაც გულში ინახავდნენ ამდენს ხანს. რაც შეეხება უსაფრთხოების საბჭოს მოწვევას, საზღვრების ჩაკეტვას და ა.შ. ხომ გაირკვა გუშინ, უკვე გვიან, რომ ეს ყველაფერი იყო სისულელე, მაგრამ ამ სისულელეს ამბობდა ადამიანი, რომელსაც ჰქვია საქართველოს პრეზიდენტი. მსოფლიოში არავის მოუწვევია უსაფრთხოების და უშიშროების საბჭო. ეს სისულელე იყო იმ მოვლენებზე, რაც გუშინ იყო. გუშინ ამ სისულელეს ითხოვდა მთელი ოპოზიცია“, – განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის: 23 ივნისის საღამოს, ცივილიზებული ქვეყნების მიერ ტერორისტულად აღიარებული კერძო, გასამხედროებული დაჯგუფება "ვაგნერის" დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსი სამხედროები დაქირავებულთა ბანაკზე თავდასხმაში დაადანაშაულა და გამოაცხადა, რომ ფაქტობრივად სამხედრო გადატრიალებას გეგმავს რუსეთში. ამას მან „სამართლიანობის მარში“ უწოდა.
24 ივნისის დილისთვის „ვაგნერის“ მებრძოლებმა დაიკავეს დონის როსტოვი. მოგვიანებით, გაჩნდა ინფორმაცია, რომ ისინი ვორონეჟში რამდენიმე სამხედრო ობიექტს აკონტროლებენ. რეგიონის გუბერნატორმა ალექსანდრ გუსევმა განაცხადა, რომ რეგიონში მიმდინარეობს „ოპერატიული საბრძოლო მოქმედებები.
24 ივნისს გვიან ღამით „ვაგნერის“ მეთაურმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ თავის რაზმებს, რომლებიც მოსკოვისკენ მიემართებოდნენ და მისგან 200 კილომეტრში იყვნენ, უკან აბრუნებდა.


