პაატა მანჯგალაძე: ჩვენ არა პრიგოჟინს, არამედ რუსეთის დამარცხებას და დასუსტებას ვგულშემატკივრობდით
26/06/2023 09:34:56 პოლიტიკა
ჩვენ არა პრიგოჟინს, არამედ რუსეთის დამარცხებას და დასუსტებას ვგულშემატკივრობდით,- ასე უპასუხა „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის არჩილ თალაკვაძის განცხადებას, რომ „რადიკალური ოპოზიცია პრიგოჟინის იმედადაა“.
მანჯგალაძის თქმით, „ქართული ოცნების“ ლიდერები პროპაგანდისტულ რიტორიკას ცვლიდნენ იმის მიხედვით, როგორც უახლოვდებოდა პრიგოჟინი მოსკოვს".
„ჩვენ შორის განსხვავება ნამდვილად არის. დიახ, ჩვენ ვგულშემატკივრობთ რუსეთის, როგორც ბოროტების იმპერიის ჩამოშლას და დამარცხებას, მაგრამ უბედურება იმაშია, რომ თქვენ საქართველოს მომავალი პუტინს და რუსეთს დაუკავშირეთ. დასაცინები თქვენ ხართ, როგორ იცვლებოდა თქვენი და თქვენი პროპაგანდის დამოკიდებულება დღის განმავლობაში, რაც უფრო უახლოვდებოდა პრიგოჟინი მოსკოვს. ცოტა გაკლდათ და გამოაცხადებდით, მისი უდიდებულესობა პრიგოჟინი მოსკოვში შებრძანდაო. ხოლო ჩვენთვის მანამდეც, იმ დღესაც და ახლაც მტერია პუტინიც და პრიგოჟინიც. ეს თქვენ ლოცულობდით პუტინის გამარჯვებისთვის. ჩვენ არა პრიგოჟინს, არამედ რუსეთის დამარცხებას და დასუსტებას ვგულშემატკივრობდით", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
ცნობისთვის: პარლამენტის ვიცე- სპიკერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „რადიკალური ოპოზიცია რომ საზოგადოებას პრიგოჟინის გარშემო სთავაზობს გაერთიანებას, მიუთითებს, რომ ზედაპირული წარმოდგენა აქვთ ეროვნულ ინტერესებზე“. მისივე თქმით, "ხელისუფლება სწორ რეაგირებას ახდენს ქვეყნის გარეთ არსებულ რისკებზე".
რუსეთში "პრიგოჟინის ამბოხების" შემდეგ პრეზდენტმა მთავრობას უშიშროების საბჭოს სხდომის სასწრაფოდ მოწვევისკენ და საზღვრის "ზედმიწევნით გაკონტროლებისკენ" მოუწოდა. მოგვიანებით, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის ნაწილის მოწოდებას საზღვარის ჩაკეტვის თაობაზე "სისულელე" უწოდა. ოფიციალური ინფორმაციით, უშიშროების საბჭოს სხდომა ამ დრომდე არ გამართულა.


