მსხილაძე: უსაფრთხოების საბჭომ უმაღლეს მთავარსარდალს საფრთხეებზე ინფორმაცია უნდა მიაწოდოს
26/06/2023 10:55:01 პოლიტიკა
პრეზიდენტის საპარლამენტი მდივანი გიორგი მსხილაძე უსაფრთხოების საბჭოს შეკრების ინიციატივაზე "ქართული ოცნების" წარმომადგენლების გამოხმაურებებს პასუხობს და ამბობს, რომ მათ მოსახლეობა "შეგნებულად" შეჰყავთ შეცდომაში.
მსხილაძე აცხადებს, რომ უსაფრთხოების საბჭომ ქვეყნის მთავარსარდალსა და ხელმძღვანელობას გარე და შიდა საფრთხეებზე ანალიტიკური ინფორმაცია უნდა მიაწოდოს.
"ვფიქრობ, მოსახლეობის შეგნებულად შეცდომაში შეყვანა ხდება. ამ კონსტიტუციის თანაავტორმა უნდა იცოდეს, რომ პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური. ის არის ქვეყნის ერთიანობის და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი. ის წარმოადგენს სახელმწიფოს საგარეო ურთიერთობებში და არის ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მოვალეობაა, შეაფასოს შიდა და გარე საფრთხეები და აღნიშნული ინფორმაცია ანალიტიკური სახით ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალს და ქვეყნის ხელმძღვანელობას მიაწოდოს", - განაცხადა გიორგი მსხილაძემ.
რუსეთში "პრიგოჟინის ამბოხების" შემდეგ პრეზდენტმა მთავრობას უშიშროების საბჭოს სხდომის სასწრაფოდ მოწვევისკენ და საზღვრის "ზედმიწევნით გაკონტროლებისკენ" მოუწოდა. მოგვიანებით, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის ნაწილის მოწოდებას საზღვარის ჩაკეტვის თაობაზე "სისულელე" უწოდა. ოფიციალური ინფორმაციით, უშიშროების საბჭოს სხდომა ამ დრომდე არ გამართულა.


