ჯანყი რუსეთში: „გამოჩნდა, რომ „ბუნკერის ბაბუ“ საკმაოდ დაბნეულია, ძალაუფლება ხელიან ეცლება“

26-06-2023 17:05:08 ინტერვიუ

თავად ბუნტი დასრულდა, მაგრამ პერსპექტივაში მას შედეგები მოჰყვება,– ფიქრობს გადამდგარი გენერალ–მაიორი, საქართველოს გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი [2004-2005 და 2013-2016 წლებში], ევროკავშირსა და ნატო–ში საქართველოს ყოფილი წარმომადგენელი, „ჯეოქეისის“ მრჩეველი ვახტანგ კაპანაძე 23–24 ივნისს რუსეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელსაც აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტში ვლადიმირ პუტინისთვის „უპრეცედენტო გამოწვევა“ უწოდეს.

რა მოხდა

  • 23 ივნისს ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ რუსეთის არმიამ უკრაინაში მებრძოლი „ვაგნერის“ ზურგის ბანაკებზე განახორციელა სარაკეტო დარტყმა, რის გამოც 25 ათასმა „ვაგნერელმა“ „სამართლიანობის აღსადგენად მარში" დაიწყო. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ „ვაგნერზე“ შეტევა უარყო.
  • 24 ივნისს პრიგოჟინმა განაცხადა, რომ კონტოლი დაამყარეს ქალაქ დონის როსტოვის სამხედრო ობიექტებზე, რუსეთის არმიის 3 ვერტმფრენი ჩამოაგდეს და მოსკოვისკენ მიემართებოდნენ
  • რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განვითარებულ მოვლენებს "ამბოხება, ღალატი და ზურგში დანის ჩარტყმა" უწოდა. პუტინს კონკრეტულად პრიგოჟინი არ უხსენებია.
  • რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა შეიარაღებული ამბოხების მუხლით.
  • 24 ივნისს ღამით პრიგოჟინმა გამოაცხადა, რომ "მოსკოვიდან დაახლოებით 200 კილომეტრში იმყოფებოდა თუმცა იმის გამო, რომ სისხლისღვრის საფრთხე რეალურია იყო, "ვაგნერელები" უკან „საველე ბანაკებში“ დაბრუნდებოდნენ.
  • პრიგოჟინის ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, ბელარუსის ლიდერის ალექსანდრე ლუკაშენკოს ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას მთელი დღის განმავლობაში მოლაპარაკება ჰქონდა პრიგოჟინთან, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე მსვლელობის შეწყვეტას დათანხმდა.
  • 24 ივნისს გვიან ღამით პრეზიდენტ პუტინის პრეს–მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდება და იგი ბელარუსში ჩავიდოდა.
  • პრიგოჟინის ზუსტი ადილსამყოფელი ჯერ–ჯერობით უცნობია.

„რუსეთის უძლეველობის მითი კიდევ ერთხელ დაიმსხვრა“

"რაც ვნახეთ, იყო კლოუნადა: რუსებმა აჩვენებს, რომ გადატრიალებაც არ შეუძლიათ; რუსებს სისხლის ღვრა ჩეჩნებმა „აარიდეს“, უბრალოდ ვერ ჩავიდნენ ადგილამდე, „საცობში“ მოყვნენ; ბელარუსმა საერთოდ პრობლემა "გადაუწყვიტათ" – .ჯამში რუსეთი გამოჩნდა უსუსურად მთელი ამ მოვლენებიდან",– უზიარებს საკუთარ შთაბეჭდილებას „აქცენტს“ კაპანაძე პრიგოჟინის ჯანყის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და განმარტავს: „ეს იყო ტიპიური რეიდი – მცირე ძალებით დიდ ქალაქებს შემოუარეს, გააგრძელეს გზა და მოსკოვამდე 200 კილომეტრში მივიდნენ. ეჭვი მაქვს, იმედი ჰქონდათ, რომ მოსკოვში მხარდამჭერები ჰყავდათ, რადგან შენი ძირითადი ბაზიდან 500 კმ–ზე გაიჭიმო, მცირე ჯგუფით რეიდში წახვიდე, არ გჭირდებოდეს მომარაგება, მხარდაჭერა, შევსება, ასე არ ხდება ხოლმე. აღმოჩნდა, რომ მოსკოვშიც პირდაღებულები იყვნენ: ნაგვის მანქანებით და ქვიშით გადაკეტეს გზები და ტრაქტორით გადათხარეს. ეროვნული გვარდია არც გამოსულა, ყველაფერი რომ დასრულდა, შემდეგ „აღმოჩნდნენ“ ჩეჩნები როსტოვის ნაცვლად მოსკოვში და იძახდნენ იძახდნენ, „ჩვენ ვიცავთ მოსკოვსო“.

კაპანაძეს უჭირს თქმა, მაინც როგორ აღმოჩნდნენ რუსეთის დედაქალაქიდან არც ისე შორის „ვაგნერელები“, ეს იყო დაბნეულობის შედეგი თუ შეგნებული ნაბიჯი (შემდეგ უპირებდნენ ალყაში მოქცევას). ელის, რომ მოგვიანებით ბევრი რამ გამოჩნდება:

„ვსაუბრობთ რუსეთზე, რომელიც არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება, ჩვენ კი ლოგიკურ ჩარჩოებში ჩასმა გვსურს, რაც ძალიან რთულია. შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ ძალიან მოულოდნელი იყო [ბუნტი], არ არის გამორიცხული, რომ რუსებს გარკვეული გეგმები ჰქონდათ, არც ის არ არის გამორიცხული, რომ მოსკოვის მიმართულებაზე მხოლოდ როსგვარდია ჰყავდათ [რუსეთის ხელისუფლებას]. გაუგებარია, მოსკოვის გარნიზონი სად იყო, ან კომენდატურა, საერთოდ რა ხდებოდა. იყო სრული აბსურდი, [ემირ] კუსტურიცას ფილმი!“.

მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, გენერალი დარწმუნებულია, რომ ეს მოვლენები უდავოდ ასუსტებს პუტინის რეჟიმს: „გამოჩნდა შეშინებული პუტინი – გაფრინდა თვითმფრინავი პეტერბურგში (რომელიც გაქრა რადარებიდან), შემდეგ დაბრუნდა, პირდაპირი ეთერიც არ იყო, ჩანაწერი გაავრცელეს. შეიძლება, პირადი ემოციაა, მაგრამ გამოჩნდა, რომ „ბუნკერის ბაბუა“ (როგორც ვლადიმირ პუტინს უწოდებენ) საკმაოდ დაბნეულია და ძალაუფლება ხელიან გამოცდილი აქვს, ყოველ შემთხვევაში, ეცლება. ამ შემთხვევაში მცირე დანაკარგებით გამოვიდა პუტინი, მაგრამ მისი ძლევამოსილების და რუსეთის უძლეველობის მითი კიდევ ერთხელ დაიმსხვრა“.

რაც შეეხება პრიგოჟინს, გენერლის დაკვირვებით, რომელსაც „ჰქონდა ფული, ჰყავდა ჯარი, არ აკლდა მხარდამჭერები და იყო ამბიციურიც, საშიშ კაცად იქცა პუტინისთვის, მიუხედავად იმისა, რომ თავად მისი შექმნილია. თუმცა პრიგოჟინი არ არის მარტივი ფიგურა, აშკარად გამოცდილი და ეშმაკიცაა. ბელარუსში მისი განწესება არ გამორიცხავს, რომ მას კვლავ დაუტოვონ ბიზნესები, რომლებიც აფრიკაში აქვს „ვაგნერის“ მეშვეობით მოპოვებული, წილები საბადოებში, რაც ლუკაშენკოს გარემოცვის ინტერესშიცაა, უბრალოდ რთული სათქმელია, რამდენად აპატიებს ბუნტს პუტინი“.

ბუტდის გავლენა ფრონტის ხაზზე

უკრაინელი სამხედრო ანალიტიკოსი რომან სვიტანი ამბობს, რომ უკრაინაში პრიგოჟინის ბუნტის გამო რუსი სამხედროების რაოდენობა არ შემცირებულა:

„რუსი სამხედროები თვალს ადევნებდნენ ამ მოძრაობას. ვიღაც მხარს უჭერდა, ვიღაც ნეიტრალური იყო, ზოგიერთი იყო წინააღმდეგი, განსაკუთრებით, სტაჟიანი სამხედროები. მაგრამ ერთმნიშვნელოვანი გავლენა არ შეიმჩნეოდა. რამდენიმე მიმართულებაზე – ლუგანსკის, ზაპოროჟიეს – შეტევა განახორციელეს. ანუ მართვის დაკარგვას ადგილი არ ჰქონია, მაგრამ თავისთავად მსგავსი დემარში, რომელსაც არ ახშობენ, ძალიან დიდ პრობლემად იქცევა ნებისმიერი არმიისთვის: დამუშავდა მოქმედების ალგორითმი ხელმძღვანელობით უკმაყოფილების გამოსახატად. პრიგოჟინის ქმედებამ ნელი მოქმედების ნაღმი ჩადო რუსული არმიასა და ხელმძღვანელ ვერტიკალს შორის ურთიერთობებში“.

მოვლენათა სწრაფი განვითარების გამო, ქართველი გენერალი ამ ეტაპზე არ ელის, რომ ბუნტი უშუალოდ ფრონტზე ჰპოვებს ასახვას. ელის, რომ „ვაგნერის“ დარჩენილ მებრძოლებს აიძულებენ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან გააფორმონ კონტრაქტები, რაზეც პრიგოჟინი უარს აცხადებდა, „მაშინვე ყველაზე ცხელ წერტილში შეყრიან, რათა ზედმეტი „თავის ტკივილი“ აირიდონ და ხელმძღვანელსაც შეუცვლიან.

რას უნდა აკეთებდეს საქართველო

რუსეთში ვითარების დაძაბვის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრემიერ–მინისტრს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევისკენ მოუწოდა, განაცხადა, რომ საზღვრები ზედმიწევნით უნდა გაკონტროლდეს და აღნიშნა ისიც, რომ მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაცია მიუხედავად მოთხოვნისა, მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიიღო.

24 ივნისს შსს–ში განმარტეს, რომ აკვირდებიან მოვლენებს და რომ საზღვარზე განსაკუთრებული ზომების მიღების საჭიროება არ არსებობს.

25 ივნისს გაიმართა აქცია რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვის მოთხოვნით, რასაც საქართველოს ხელისუფლება დადებითად არ პასუხობს.

„მსგავს ვითარებაში, წარბი მაინც უნდა შევჭმუხნოთ“,– ფიქრობს კაპანაძე და განაგრძობს, „როსტოვი არ არის შორს საქართველოდან. არ ვიცი, შეიძლება მიიღეს გარკვეული ზომები და არ გაახმოვანეს. ყოველ შემთხვევაში, მსგავს ვითარებაში განცხადებები უნდა გაკეთდეს მოსახლეობის სიმშვიდისთვის, „ვხედავთ რა ხდება, ვაკონტროლებთ ვითარებას და ა.შ.“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები