მილერი: გვაშფოთებს ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც შეეცდება, აირიდოს სანქციები, რომლებიც რუსეთს დავუწესეთ
27/06/2023 06:35:26 პოლიტიკა
აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერ მეთიუ მილერის განცხადებით, შეერთებულ შტატებს აშფოთებს ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც შეეცდება, აირიდოს სანქციები და ზომები, რომლებიც რუსეთს დაუწესეს. ამის შესახებ მან საქართველოში სანქციების უმაღლესი კომისიის წევრების ვიზიტთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
"მე არ მინდა ამ დისკუსიაზე დეტალურად საუბარი. რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ჩვენ გვაშფოთებს ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც შეეცდება აირიდოს სანქციები და სხვა ზომები, რომლებიც ჩვენ რუსეთს დავუწესეთ. ჩვენ მუდმივად ვეძებთ გზებს, რომლითაც შეგვიძლია სანქციების გამკაცრება ან მკაცრი ზომების შემოღება ნებისმიერი ფიზიკური პირის ან ორგანიზაციის მიმართ, რომლებიც მათ თავიდან არიდებას ცდილობენ. მაგრამ ამასთან დაკავშირებით დეტალურად საუბარი ჩემი მხრიდან მიზანშეწონილი არ იქნება", - განაცხადა მილერმა.
ცნობისთვის: საქართველოს სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლი დევიდ ო’სალივანი სტუმრობს. იგი საქართველოს ხელისუფლებასთან განიხილავს საერთო ინტერესების სფეროში შემავალ საკითხებს, კერძოდ, სანქციებსა და მათ ეფექტიან განხორციელებას. ვიზიტში ასევე მონაწილეობენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, ელჩი ჯიმ ო’ბრაიენი და გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის გენერალური დირექტორი ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში კუმარ აიერი.


