შალვა პაპუაშვილი: პრეზიდენტმა ვეტოში გაიზიარა ჩვენი წუხილი
27/06/2023 08:33:16 პოლიტიკა
პრეზიდენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებისთვის ვეტოში გაიზიარა ჩვენი წუხილი, რომ ცესკო-ს შემადგენლობის არჩევისთვის ორი მესამედი არის დიდი უმრავლესობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ჩიხიდან გამოსავალია ჩვეულებრივი უმრავლესობა, სხვა შემთხვევაში უმცირესობას კვლავ ეძლევა შესაძლებლობა, დაბლოკოს გადაწყვეტილება.
"ყველას შევახსენებ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის კანდიდატის დასახელების უფლება პარლამენტის თავმჯდომრეს ერთპიროვნულად აქვს. იცით, რომ ცოტა ხნის წინ ჩემი შეთავაზებით ავირჩიეთ. არსებობდა რამე კითხვის ნიშანი? ასე მიდგომა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ატარებს პარტიულ ხაზს და არ შეუძლია მიუკერძოებელი კადრის არჩევა, ეს სისტემის არასწორი დანახვაა. ამ ლოგიკით, საბოლოოდ საპარლამენტო უმრავლესობა ირჩევს ცესკო-ს წევრებს. მთავარია, ვეტოში პრეზიდენტმა გაიზიარა ჩვენი წუხილი, რომ 2/3, დიდი უმრავლესობა დიდი მაჩვენებელია. ვნახოთ, განვიხილავთ ამას უმრავლესობაში.
სახალხო დამცველზეც ვნახეთ, რა პრობლემა იყო 90 ხმაზე. მთავარია, კვალიფიციური უნდა იყოს უმრავლესობა თუ არა? იმ უმრავლესობას უნდა შეეძლოს არჩევა, რაც საკმარისია მთავრობის დაკომპლექტებისთვის, თუ საჭიროა, რომ ამაში ჩაერთოს ასევე ოპოზიციის ხმები? ჩვენი პოზიცია გვაქვს ამაზე. რაც შეეხება კვალიფიციურ უმრავლესობას თანამდებობაზე არჩევის შესახებ, ეს არის არასწორი მოდელი და ვინც გვაძლევს რეკომენდაციებს, მათ ქვეყნებშიც არ არის კვალიფიციური უმრავლესობა. ესეც მნიშვნელოვანია. განვიხილავთ ამ საკითხს და ჩამოვაყალიბებთ, ჩვენი პოზიცია რაც არის იმ კანონის მიღებით, რაც სწორი მიგვაჩნია. ვნახოთ, განვიხილავთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პრეზიდენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს ვეტო დაადო და პარლამენტს სთავაზობს ცესკოს თავმჯდომარე და წევრები არანაკლებ 90 ხმით აირჩეს.


