პაპუაშვილი: შესაძლოა, არსებობდეს ზრახვები, საქართველო გამოიყენოს, რომ სანქციებს გვერდი აუაროს, მაგრამ ჩვენი ხელისუფლება აჩვენებს სიძლიერეს
27/06/2023 08:38:08 პოლიტიკა
საქართველო, როგორც რუსეთის მოსაზღვრე ქვეყანა, არის ის ტერიტორია, რომელიც შესაძლოა, ვინმემ იფიქროს და გამოიყენოს იმისთვის, რომ სანქციებს გვერდი აუაროს, გარკვეულწილად ასეთი ზრახვები შეიძლება არსებობდეს. ამიტომაც, არის განსაკუთრებით დასაფასებელი, რომ საქართველოში არც ერთი ფაქტი არ არსებობს სანქციების გვერდის ავლის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირის, აშშ-სა და ბრიტანეთის მხრიდან სანქციების საკითხებში სპეციალური წარმომადგენლების თბილისში ვიზიტი საქართველოს შესაბამის უწყებებთან კონტაქტების დამყარებას ემსახურება.
„სანქციებთან დაკავშირებით კომუნიკაცია მნიშვნელოვანია. ერთადერთი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით ყოველთვის და რაც დასტურდება უკვე წელიწადზე მეტია, რაც სანქციებია დაწესებული, რომ არც ერთი ფაქტი არ არსებობს გვერდის ავლისა და ზუსტად ეს დადასტურდება ამ ვიზიტის დროსაც. ამ ვიზიტის მნიშვნელობა და დანიშნულება არის თავად იმ ადამიანებს, ვინც კოორდინირებას უწევენ სანქციების საკითხს, იქნება ეს ევროპაში, დიდ ბრიტანეთსა თუ ამერიკაში, ჰქონდეთ უშუალო კავშირი, კონტაქტი შესაბამის უწყებებთან საქართველოში და კიდევ ერთხელ, ეს ვიზიტი არის მხარდაჭერის. თავისთავად, საქართველო, როგორც რუსეთის მოსაზღვრე ქვეყანა, არის ის ტერიტორია, რომელიც შესაძლოა, ვინმემ იფიქროს და გამოიყენოს იმისთვის, რომ სანქციებს გვერდი აუაროს, გარკვეულწილად ასეთი ზრახვები შესაძლოა, არსებობდეს. ამიტომაც არის განსაკუთრებით დასაფასებელი, რომ საქართველოში არც ერთი ფაქტი არ არსებობს სანქციების გვერდის ავლის, საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით. საქართველოს ხელისუფლება ამ მხრივ აჩვენებს თავის სიძლიერეს, რაც შეეხება ფაქტებს, ან დოკუმენტებს, ან ეჭვებს, არ არსებობს არც ერთი. არსებობს მხოლოდ ჰიბრიდული ომის ტაქტიკები, რომელსაც იყენებს ოპოზიცია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, ამ კონტექსტშიც ოპოზიციის ერთადერთი მიზანია საქართველოს ხელისუფლებას რამენაირად ზიანი მიაყენოს:
„პრობლემა ეს არის ჩვენს ოპოზიციაში. მათ უბრალოდ საკუთარი ქვეყანა არ უყვართ და აქედან მოდის ყველანაირი პრობლემა: „დაგვასანქცირეთ, რაიმე ცუდი გვიქენით, რამენაირად დაგვჩაგრეთ“, - ეს დამოკიდებულება აქვს ოპოზიციას საკუთარი ქვეყნის მიმართ, რადგან ფიქრობენ, რომ ამით იქნებ რამენაირად დააზიანონ ხელისუფლება", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.


