კობახიძე – მოძალადეებზე: „ოპოზიციამ, NGO-ებმა, ელჩებმა დააჯერეს, რომ ძალადობა სამოქალაქო აქტივიზმია“
28/06/2023 10:01:49 პოლიტიკა
ფიზიკურ და სიტყვიერ ძალადობას არავითარი კავშირი არ აქვს სამოქალაქო აქტივიზმთან, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
მისი თქმით, „ოპოზიციამ, არასამტავრობო ორგანიზაციებმა, ელჩებმა დააჯერეს, რომ ძალადობა სამოქალაქო აქტივიზმია“.
"პირველ რიგში, ძალადობა არის კატეგორიულად მიუღებელი. მეორე, რაც შეეხება ძალადობის წახალისებას, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ჩვენ ვისმენდით ძალადობის წამახალისებელ განცხადებებს, გამოსვლებს, სიუჟეტებს და ა.შ.. ასევე, მინდა შეგახსენოთ, რომ ადამიანი, რომელიც პოლიციელებს ცეცხლს უკიდებდა, ლამის გმირად გამოაცხადეს. აქაც იყო დუმილი კონკრეტული ელჩების მხრიდან და ეს არის ძალადობის წახალისება. როდესაც ადამიანები გამოდიოდნენ რუსთაველზე, უწმაწურ სიტყვებს ეუბნებოდნენ ადამიანებს, ეს შეფასდა კონკრეტული ელჩის მხრიდან, როგორც გამოხატვის თავისუფლება. არამარტო ძალადობის წახალისება ხდება, ამ ყველაფერს არქმევდნენ სამოქალაქო აქტივიზმს და ეს ბევრმა დაიჯერა. ვინც იძალადა, მაგალითად, ზურა ჯაფარიძეზე, მიშა მშვილდაძეზე, მათ დააჯერეს სწორედ ამ ადამიანებმა, ოპოზიციამ, NGO-ებმა, ელჩებმა დააჯერეს, რომ ეს ყველაფერი, ანუ ფიზიკური თუ ვერბალური ძალადობა არის სამოქალაქო აქტივიზმი. ჩვენ ყველას უნდა ვუთხრათ, რომ ეს არის ტყუილი. ეს შეიძლება, გითხრას ელჩმა, კონკრეტულმა პოლიტიკოსმა, კონკრეტულმა NGO-მ, მაგრამ ეს არის ტყუილი. ფიზიკური და ვერბალური ძალადობა არ არის სამოქალაქო აქტივიზმი. ეს უნდა შეიგნოს აბსოლუტურად ყველამ, როგორც ერთ მხარეს, ასევე მეორე მხარეს. ფიზიკურ და ვერბალურ ძალადობას არავითარი კავშირი არ აქვს სამოქალაქო აქტივიზმთან. ეს არის რეალობა და ეს ყველამ უნდა გააცნობიეროს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, არ შეიძლება, დედის გინება და უწმაწურობა შეფასდეს, როგორც გამოხატვის თავისუფლება.
როგორც მან აღნიშნა, "არაძალადობრივ პასუხს მიიღებს ყველა, ვინც ცდილობს, საქართველოში დათესოს აგრესია, რადიკალიზმი და ა.შ.".
"კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ თავისი უცხოელი პატრონებით, NGO-ებით ცდილობს, საქართველოში დათესოს აგრესია", – აცხადებს კობახიძე.
ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა მიშა მშვილდაძე აგენტი, კობახიძემ შემდეგი განაცხადა:
„მიშა მშვილდაძე არის რიგითის რიგითი, მაგრამ ზურა ჯაფარიძე, რა თქმა უნდა, უცხოელი აგენტია. არიან ადამიანები, რომლებიც არიან უცხოელი აგენტები და მათ თავიანთი სახელი უნდა დაერქვათ“.
27 ივნისს ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთ დამფუძნებელს მიშა მშვილდაძეს თავს დაესხნენ. გუშინვე, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მისი პარტიის წევრს სცემეს.


