ბადრი ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებები პირდაპირ წამახალისებელია ძალადობრივი აქტების
28/06/2023 10:08:00 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებები პირდაპირ წამახალისებელია ძალადობრივი აქტების, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ჯაფარიძის თქმით, ძალადობა ვერასოდეს გახდება ხელისუფლების შენარჩუნების საფუძველი ამ ქვეყანაში.
„ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებები პირდაპირ წამახალისებელია ძალადობრივი აქტების. თვითონაც შეურაცხმყოფელ, აღვირახსნილ ტერმინოლოგიას იყენებენ ოპონენტების გასალანძღად, მათ დასამცირებლად. ეს ქმნის ძალიან დიდ საფრთხეს, რომ შეიძლება ეს ყველაფერი გადაიზარდოს სამოქალაქო დაპირისპირებაში, ამიტომ ჩვენ ყველანი წინ უნდა აღვუდგეთ „ქართული ოცნების“ ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ მცდელობებს, რომ დათესოს ძალადობრივი ქმედებები, შეუწყნარებლობა განსხვავებული აზრის მიმართ. ამას ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ საზოგადოების ერთიანობა, საზოგადოების მობილიზაცია და ყველა, თითოეული ფაქტი უნდა ვამხილოთ, მაქსიმალურად გამოვიტანოთ სააშკარაოზე,“ - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
27 ივნისს ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთ დამფუძნებელს მიშა მშვილდაძეს თავს დაესხნენ. გუშინვე პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მისი პარტიის წევრს სცემეს.


