"ეს თავდასხმები იმ პროპაგანდის შედეგია, რომელიც „ქართული ოცნების“ მხრიდან ოპოზიციასა და ყველა კრიტიკულად განწყობილ ადამიანზეა მიმართული"
28/06/2023 09:02:52 პოლიტიკა
"ეს თავდასხმები იმ პროპაგანდის შედეგია, რომელიც „ქართული ოცნების“ მხრიდან ოპოზიციასა და ყველა კრიტიკულად განწყობილ ადამიანზეა მიმართული", - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისი თქმით, თავდასხმები არის მხოლოდ სისუსტის გამოხატულება.
“დარწმუნებული ვარ, ეს არის იმ პროპაგანდის, ორგანიზებული ძალადობის შედეგი, რომელიც არის „ქართული ოცნების“ მხრიდან ოპოზიციასა და ყველა კრიტიკულად განწყობილ ადამიანზე მიმართული. ეს ახლა არ დაწყებულა, ეს დაიწყო ძალიან დიდი ხნის წინ. ორგანიზებული, წახალისებული პროპაგანდა, პროპაგანდის ტალახს რომ მიუშვერენ ადამიანს, ეს ყველაფერი მოქმედებს იმისთვის, რომ თქვა ვიღაც გაბრაზებული ადამიანები არიან. ჩემი სოლიდარობა ყველა ამ ადამიანს. ასეთი თავდასხმები არის მხოლოდ და მხოლოდ სისუსტის გამოხატულება, ვერავის შეაშინებენ ამით. დავდივართ ქუჩაში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მარტო. მათსავით დაცვით და 9 მანქანით არ დავდივართ“, - განაცხადა დეკანოიძემ.
27 ივნისს ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთ დამფუძნებელს მიშა მშვილდაძეს თავს დაესხნენ. გუშინვე, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მისი პარტიის წევრს სცემეს.


