28-06-2023 17:41:55
გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალურმა დირექტორმა კუმარ აიერმა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა, ელჩმა ჯეიმს ო'ბრაიენმა საქართველოში ორდღიანი ვიზიტის ბოლოს პრეს–კონფერენცია გამართეს.
ო'ბრაიანმა და აიერმა უკრაინის ომის კონტექსტში რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების როლსა და ვიზიტის მიზანზე ისაუბრეს.
ვიზიტის მიზანი
ო'ბრაიანმა და აიერმა ვიზიტის მთავარ მიზანად სანქციების ეფექტურად აღსრულების მიმართულებით საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავება დაასახელეს.
"ჩვენი მთავარი მიზანია, ხელი შევუშალოთ რუსეთს, მიიღოს ის იარაღი, რაც მას სჭირდება უკრაინაში აგრესიული ომის საწარმოებლად და ხალხის დასახოცად. ჩვენ, როგორც ამერიკის შეერთებული შტატები, ისე დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი, ყურადღებას ვამახვილებთ იმ ელექტრონულ მოწყობილობებზე, რომლებიც გამოიყენება ამ მიზნით და ჩვენი თანამშრომლობა საქართველოსთან ზუსტად გულისხმობს ამ ელექტრონული მოწყობილობების მიმართულებას.
ჩვენი ვიზიტის მთავარი მიზანია, გავაგრძელოთ თანამშრომლობა, რაც გვაქვს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან, განსაკუთრებით მათთან, ვინც არიან წინა ხაზზე და პასუხისმგებელნი არიან, რომ ხელი შეუშალონ ისეთი რესურსების უზრუნველყოფას რუსეთისთვის, რაც დაეხმარება მათ, გააგრძელონ აგრესიული ომი უკრაინაში. ბოლო დღე-ნახევრის განმავლობაში ჩვენ გვქონდა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრები, მათ შორის პრემიერ-მინისტრთან, ფინანსთა მინისტრთან, ეკონომიკის მინისტრთან და ასევე, სხვადასხვა პასუხისმგებელ სააგენტოსთან. ჩვენ ასევე შევხვდით ბიზნესსაზოგადოების, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს. ჩვენ ასევე შევხვდით პრეზიდენტს, სამოქალაქო საზოგადოების წევრებს და დიდი შვიდეულის პარტნიორებს. ამ ტიპისა და ამ დონის შეხვედრები კარგად ასახავს იმ მჭიდრო და ღრმა თანამშრომლობას", – განაცხადა ო'ბრაიანმა.
აიერმა განმარტა, რომ არსებობს 38 დასახელების ელექტრომოწყობილობა, რომელიც საერთაშორისო სანქციების ქვეშაა და მისი თქმით, "ამ კონკრეტული ვიზიტის მიზანი 38 დასახელების ელექტრომოწყობილობის სანქციების გვერდის ავლით შესაძლო ექსპორტზე საუბარი იყო".
აიერი აცხადებს, რომ ამ თემაზე სალაპარაკოდ მხოლოდ საქართველოში არ ჩამოსულან:
„კიდევ მინდა აღვნიშნო, რომ ამაზე სასაუბროდ ჩვენ მხოლოდ საქართველოში არ ჩამოვსულვართ, აქედან მივემგზავრებით სომხეთში. ჩვენი ერთობლივი ჯგუფი 5-6 ქვეყანაში არის ნამყოფი და კიდევ ბევრგან ვაპირებთ ჩასვლას ზუსტად ამ კონკრეტულ საკითხზე სასაუბროდ. როგორც ვმუშაობთ ამაზე, როგორც ვაკეთებთ ამის იდენტიფიცირებას, რას ვუყურებთ - რა კონკრეტული მეთოდიკა გვაქვს შემუშავებული, სწორედ, ამაზე ვისაუბრეთ ჩვენ ძალიან ბევრ შეხვედრაზე. ფოკუსიც, სწორედ, ეს იყო და ვაპირებთ, ასე გავაგრძელოთ".
რუსეთთან ვაჭრობა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ არავინ ითხოვს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის სრულად გაწყვეტას, თუმცა მნიშვნელოვანია განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდეს იმ პროდუქციაზე, რომელიც შესაძლოა, რუსეთის მხრიდან ბრძოლის ველზე იქნას გამოყენებული.
"ჩვენ არ ვაპირებთ, შევაჩეროთ ყველანაირი ტიპის ვაჭრობა და საქონლის მოძრაობა. ჩვენ არ ვაწესებთ სანქციებს რუსულ საკვებზე, სასუქზე ან კიდევ ფართო მოხმარების საქონელზე, არ ვაწესებთ სანქციებს იმისათვის, რომ ამ საქონელმა მიაღწიოს ფართო ბაზარზე. გრძელდება რა ვაჭრობა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ყურადღება გავამახვილოთ ისეთ ნივთებსა და საქონელზე, რაც შეიძლება, გამოყენებულ იქნას ბრძოლის ველზე. ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი მსჯელობა და დისკუსია ამ პერიოდის განმავლობაში და ეს, რა თქმა უნდა, არის ნაწილი იმ მჭიდრო თანამშრომლობის, რაც ჩვენ გვაქვს“, – აღნიშნა ჯიმ ო’ბრაიენმა.
აღნიშნულ საკითხზე მსგავსი პოზიცია დააფიქსირა გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალურმა დირექტორმა კუმარ აიერმა:
„შეხვედრებზე ჩვენ განვიხილეთ მაგალითად, საუკეთესო, იმ პოზიტიური კარგი გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა, რომელიც ბრიტანეთს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს აქვს ამ მიმართულებით. შევთავაზეთ ექსპერტების ჩამოსვლა, დამატებით ტრენინგების შესაძლებლობა, რათა კონტროლის მექანიზმები კიდევ უფრო დაიხვეწოს. ეს კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ იმას, რომ ელჩმა ო’ბრაენმა თქვა, ჩვენი მიზანი არ არის, რომ შევაჩეროთ ვაჭრობა, განსაკუთრებით, როდესაც ეს ეხება საკვებ პროდუქტებს, მედიკამენტებს, აქ ჩვენ ვუყურებთ კონკრეტულად იმ ტიპის საქონელს, რომელიც გამოიყენება ბრძოლის ველზე“.
"მადლობა საქართველოს მთავრობას"
"საკმაოდ დიდი სამუშაო შესრულდა საქართველოს მთავრობის მიერ", "ნამდვილად მადლობლები ვართ ყველა ნაბიჯის გამო", – ასე შეაფასეს ო'ბრაიენმა და აიერმა სანქციების აღსრულების კუთხით საქართველოს მთავრობის მიერ გაწეული სამუშაო.
„მე არ ვისაუბრებ შესაძლო სანქციებზე ამ კონკრეტულ შემთხვევებზე. ჩვენ ვხედავთ, რომ საკმაოდ დიდი სამუშაო შესრულდა საქართველოს მთავრობის მიერ და არის კომპლექსური სისტემა შექმნილი. თუკი შექმნილი სისტემა გააგრძელებს მუშაობას, მოგვცემს შესაძლებლობას, რომ მოვახდინოთ იმ საქონლის იდენტიფიცირება, რაც არის აკრძალული. ეს არის ახალი სისტემა და მას ვაუმჯობესებთ, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე, ყოველდღიურად. ბევრი დასახლების ელექტროსაქონლით ვაჭრობა იყო ლეგალური გარკვეულ პერიოდამდე, წლის დასაწყისამდე. უკვე თებერვლის ბოლოსკენ ჩვენმა მთავრობამ, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა კონკრეტული დასახელების ნივთებით ვაჭრობა გახადა არალეგალური. უკვე ამის შემდგომ ჩვენ დავინახეთ ვაჭრობის დინამიკის ცვლილება რუსეთის მეზობელ ქვეყნებში. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში ეს სისტემა არსებობს და ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ ეს იყოს ეფექტიანი. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ვაჭრობის დინამიკა შეიცვალა, ემბარგოს შემდეგ აღდგა საქართველოში რუსული ექსპორტი. ზოგიერთ გლობალურ კომპანიას საქონელი შემოაქვს საქართველოში, რუსეთის მეზობელ ქვეყნებში, ვიდრე თავად რუსეთში.
ჩვენი შეხვედრების და ურთიერთობების მთავარი მიზანი არის, რომ ჩვენ და საქართველოს მთავრობა ვდგავართ ერთნაირ პოზიციაზე, იციან, რომ ამ დასახელების პროდუქცია არ უნდა შევიდეს რუსეთში.
ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობამ და ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იციან თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ შეჩერდეს ოკუპანტი, რომელიც იპყრობს მეზობელ ქვეყანას. საქართველომ ალბათ ეს ყველაზე კარგად იცის თავისი გამოცდილებიდან და ესმის ამის მნიშვნელობა", - განაცხადა ო'ბაიენმა.
„რამდენიმე კვირის წინ აქ იმყოფებოდა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანი. მან საჯაროდ განაცხადა და ისაუბრა დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს მოსახლეობას შორის მეგობრობისა და პარტნიორობის შესახებ, ეს არის ჩვენი აქ ვიზიტის სულისკვეთება. ჩვენ ნამდვილად მადლობლები ვართ ყველა იმ ნაბიჯის გამო, რომლებიც უკვე გადაიდგა საქართველოს მთავრობის მიერ სანქციების გვერდის ავლის აღკვეთისთვის და ეს იყო ამ ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი. სხვა მიზანი არის, რომ ჩვენ ვხედავთ და ვიცით, რომ რუსეთის მთავრობა არ გაჩერდება და ისიც ვიცით, რომ რუსეთი ყოველთვის ეცდება, რომ შავი ხვრელები და გზები გამონახოს, რომ აიცილოს კონკრეტულ საქონელზე სანქციების ქვეშ მოხვედრა და სწორედ ამის გასარკვევად ვართ ჩვენ ჩამოსულები", – განაცხადა კუმარ აიერმა.
რუსეთთან ფრენების რისკი
გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალური დირექტორი ამბობს, რომ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციებისგან თავის არიდება, ძირითადად, სახმელეთო გზით ხდება, თუმცა, მისი თქმით, კონტროლი ფრენებზეც უნდა გამკაცრდეს.
"სანქციებისგან თავის არიდება უმეტესად სახმელეთო საზღვრების გზით ხდება, ახლა ვართ ფოკუსირებული, რა მექანიზმები შეიძლება, დამატებით იყოს შემოღებული, რათა გამკაცრდეს საქონლის სახმელეთო გზით მიმოსვლის კონტროლი და მონიტორინგი. საჰაერო მიმოსვლა იქნება მეორე მიმართულება რომელზეც კონტროლი ასევე უნდა გამკაცრდეს", – განაცხადა კუმარ აიერმა.
ცნობისთვის: საქართველოს ევროკავშირის წარმომადგენლი სანქციების საკითხებში დევიდ ო'სალივანიც სტუმრობს, რომელიც მედიისთვის პრეს–კონფერენციას მოგვიანებიტ გამართავს.