ო’სალივანი: გატარებული ღონისძიებები არის გარანტი იმისა, რომ საქართველო არ იქცეს სანქციებისთვის გვერდის ავლის პლატფორმად
28/06/2023 14:06:44 პოლიტიკა
ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სანქციების საკითხებში დევიდ ო’სალივანმა განაცხადა, რომ საქართველოში იმყოფება თანამშრომლობის გასაღრმავებლად და რომ საქართველო–ევროკავშირის თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ორმხრივი გეგმა არსებობს.
ამასთან, მისი თქმით, ის, რაც თავის ამერიკელ და ბრიტანელ კოლეგასთან ერთად საქართველოში ნახა, ადასტურებს, რომ საქართველო „საკმაოდ სერიოზულად აღიქვამს იმ საკითხს, რომ ქვეყანა არ უნდა იქნას გამოყენებული ერთგვარ პლატფორმად სანქციებისთვის გვერდის ასავლელად“.
ამასთან ო’სალივანმა თქვა ისიც, რომ საქართველო, რომელსაც ევროკავშირის წევრობა სურს, თანხვედრაში უნდა იყოს ბლოკის საგარეო პოლიტიკასთან, თუმცა დასძინა, რომ ესმით საქართველოს კონტექსტი.
„სანქციბის მიზანია, შესუსტდეს რუსეთი, აღარ ჰქონდეს საშუალება, აწარმოოს ომი. აქცენტს ვაკეთებთ 38 პროდუქტზე, რომელიც აღმოჩენილია ომში და რომელიც გამოიყენება რუსეთის მიერ, რასაც აქვს მომაკვდინებელი ეფექტი. უკანასკნელი რადენიმე თვის განმავლობაში ვეწვიეთ რამდენიმე ქვეყანას. საქართველო არ ახორციელებს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ, რომ ეს ასე ხდება, რადგან საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც სურს, გახდეს ევროკავშირის წევრი და გვსურს, ის სრულად შეესაბამებოდეს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას, მაგრამ ასევე გვესმის, რა კონკრეტულ სიტუაციაში იმყოფება საქართველო ეკონომიკურად, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით. გვესმის, რატომ არ უერთდება საქართველო სანქციებს. თუმცა უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში რაც ვნახეთ, გვიდასტურებს, რომ საქართველოს მთავრობა საკმაოდ სერიოზულად აღიქვამს იმ საკითხს, რომ არ უნდა იქნას საქართველო გამოყენებული ერთგვარ პლატფორმად სანქციებისთვის გვერდის ასავლელად. დაინერგა ძალიან ბევრი ღონისძიება იმისთვის, რომ გაკონტროლდეს შესაძლო ექსპორტი საქართველოდან სანქციების ქვეშ მოქცეული პროდუქტების. ფინანსური კუთხით საკმაოდ მჭიდრო მეთვალყურეობა ხორციელდება და ჩვენც ძალიან მოგვწონს ეს ღონისძიებები“,– თქვა ევროკავშირის წარმომადგენელმა.
მისივე თქმით, უნდა მოვახერხოთ, რომ სანქციებმა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იქნება აქტუალური, არ შეაფერხოს საქართველოსა და ევროკავშირის მომავალი ორმხრივი თანამრომლობა.
„უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში რაც ვნახეთ, ეს ასე ნამდვილად არ არის – არაფერი აფერხებს ჩვენს თანამრომლობას და იმედი მაქვს, არაფერი შეიცვლება“.
მან ვიზიტს „პროდუქტიული და ნაყოფიერი“ უწოდა.
ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ მან თქვა, რომ ქვეყანაში არ დაფიქსირებულა სანქციებისთვის გვერდის ავლის არც ერთი შემთხვევა და დასძინა, ღონისძიებები, რომელიც გატარდა, არის მნიშვნელოვანი გარანტი იმისა, რომ საქართველო არ იქცეს სანქციებისთვის გვერდის ავლის პლატფორმად":
„რაც ბოლო ორი დღის განმავლობაში ვნახე, იმაზე დაყრდნობით შემილია, ვთქვა, რომ საქართველო ძალიან სერიოზულად ეკიდება საკუთარ პასუხისმგებლობას, არ დაუშვას საკუთარ ტერიტორიაზე სანქციებისთვის გვერდის არიდების მცდელობები, იქნება ეს სხვადასხვა პროდუქცია, თუ ფინანსური სერვისები. გვაქვს მიზეზი, ვიფოქროთ, რომ ისინი ამ ძალისხმევას გააგრძელებენ“.
რაც შეეხება ინდივიდების სანქცირებას, მისი თქმით, ეს წევრი ქვეყნების ერთსულოვნად გადასაწყვეტი საკითხია და მას ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებ არ სურს.
მას ჰკითხეს რუსეთ–საქართველოს შორის ფრენების აღდგენაზე და ამ კუთხით შესაძლო პრობლემებზე, მათ შორის, სანქციების კონტექსტში, რაზეც ევროკავშირის წარმომადგენელმა უპასუხა:
"არ მგონია, რომ საქართველო განსხვავდება რომელიმე სხვა ქვეყნისგან. მრავალი გზაა, რითაც ცდილობენ, სანქციებისთვის თავის არიდებას. როგორც აღვნიშნე, საქართველოს ხელისუფლება შთამბეჭდავ ზომებს მიმართავს, ცდილობენ დააკვირდნენ და გააკონტროლონ, რომ ეს ასე არ ხდება.
რაც შეეხება ფრენებს, თუ რუსეთიდან საქართველოში შესვლის წერტილების რაოდენობას გაზრდით, მაშინ უნდა გაზარდოთ კონტროლიც ყველა ამ შესვლის პუნქტზე... ნებისმიერი სასაზღვრო პუნქტი პოტენციური სუსტი წერტილია სანქციების აღსრულების კუთხით, მაგრამ არ მგონია, საქართველოში იმაზე სუსტი იყოს ეს წერტილები, ვიდრე სხვა ქვეყნებში".
ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სანქციების საკითხებში დევიდ ო’სალივანი თბილისში 26 ივნისს ჩამოვიდა. ვიზიტის მიზანია პირდაპირი საკომუნიკაციო არხის გახსნა და სამომავლო თანამშრომლობაზე დაფუძნებული დიალოგის ჩამოყალიბება. პრესკონფერენციამდე მან შეხვედრები გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა, ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრებთან, გენერალურ პროკურორთან, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელებთან და ბიზნესის წარმომადგენლებთან.


