შოთაძე: საერთაშორისო სანქციების იმპლემენტაციის ხელშეწყობა პროკურატურისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს
28/06/2023 16:11:57 პოლიტიკა
საერთაშორისო სანქციების იმპლემენტაციის ხელშეწყობა პროკურატურისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს,– ამის შესახებ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ უწყების პრესამსახურის ცნობით, საერთაშორისო სანქციების კოორდინატორებთან შეხვედრაზე განაცხადა.
რელიზში ვკითხულობთ, რომ გენერალურმა პროკურორმა საერთაშორისო პარტნიორებთან სანქციების განხორციელების საკითხებში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა და თქვა, რომ შეხვედრა არის შესაძლებლობა ერთობლივად იქნეს განხილული ამ პროცესში პროკურატურის როლი და არსებული მიღწევები.
რელიზის მიხედვით, გენერალურმა პროკურორმა დელეგაციის წარმომადგენლებს გააცნო სანქციებისთვის თავის არიდების შემთხვევაში, პროკურატურის მხრიდან რეაგირების და გაწეული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია.
"მხარეებმა განიხილეს საერთაშორისო სანქციების შესაძლო გვერდის ავლის რისკების მიმართულებით პროკურატურის მიერ გაწეული სამუშაოები. შეხვედრაზე ასევე, ხაზი გაესვა სანქციებისთვის თავის არიდების შემთხვევების დროს, პროკურატურის ეფექტიან მუშაობას",– ვკითხულობთ რელიზში.
გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი, ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი, გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე, გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი რევაზ ბაღაშვილი, ევროკავშირის, აშშ-ის საელჩოს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის და პროკურატურის წარმომადგენლები.
შეხვედრის დასასრულს მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.


