ცხარე კამათის შემდეგ „თავდაცვის კოდექსის“ პროექტის მეორე მოსმენით განხილვა ხვალისთვის გადაიდო
03/07/2023 15:03:12 პოლიტიკა
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ცხარე კამათის შემდეგ „თავდაცვის კოდექსის“ პროექტის მეორე მოსმენით განხილვა ხვალისთვის გადაიდო. ოპოზიციის უკმაყოფილება მოჰყვა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ბერაიას წინადადებას, რომლის თანახმად, კანონპროექტზე დეპუტატები ძირითადი კანონპროექტზე შეკითხვებს დასვამენ არა თითოეული მუხლის, არამედ თავის შესახებ.
ბერაიას წინადადებას საფუძვლად უდევს პარლამენტის რეგლამენტის 110-ე მუხლი. ის სხდომის თავმჯდომარეს განხილვის პროცედურაზე გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილებას ანიჭებს.
„კანონპროექტის მეორე მოსმენისას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იგი განიხილება ქვეპუნქტების, პუნქტების (ნაწილების), მუხლების, თავების ან/და კარების მიხედვით და კენჭი ეყრება ერთიანად. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის მეორე მოსმენისას მისი განხილვის ფორმის (ქვეპუნქტების, პუნქტების (ნაწილების), მუხლების, თავების ან/და კარების მიხედვით განხილვის) შესახებ გადაწყვეტილებას წამყვანი კომიტეტის წინადადების საფუძველზე იღებს სხდომის თავმჯდომარე“, - ვკითხულობთ რეგლამენტში.
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გამოიყენა რეგლამენტის ჩანაწერი და გაიზიარა ირაკლი ბერაიას წინადადება.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ თქვა, რომ „თავდაცვის კოდექსის“ თითო თავში არის საკმაოდ ბევრი საკითხი, რომლებზედაც დეპუტატებს კითხვის დასასმელად ორი წუთი არ ეყოფათ.
"უცნაური არის, როდესაც თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც მოწადინებული უნდა იყოს, რომ „თავდაცვის კოდექსის“ დეტალური განხილვით, აყენებს ასეთ შუამდგომლობას. ჩვენ მომსწრენი ვართ, როდესაც მუხლობრივად განგვიხილავს არაერთი ნაკლებად მნიშვნელოვანი საკითხი. „თავდაცვის კოდექსი“ იმსახურებს იმას, რომ მოხდეს მისი მუხლობრივი განხილვა", – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ანა წითლიძემ.
„გირჩის“ წევრმა დეპუტატმა ვახტანგ მეგრელიშვილმა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებას იმის შესახებ, რომ „თავდაცვის კოდექსის“ პროექტის საჯარო განხილვა უკვე გაიმართა, ტყუილი უწოდა:
„ტყუილია, რომ რაიმე საჯარო განხილვა ყოფილა ამ კოდექსის. ჩვენ გვქონდა „ლაივი“, 14-საათიანი, ფაქტობრივ გარემოებას გეუბნებით, სადაც მხოლოდ ჩვენ ვიყავით, განვიხილავდით და მივედით 76-ე მუხლამდე, მეტი არ გაგვიგრძელებია, დანარჩენი კოდექსი განხილული საერთოდ არ ყოფილია, რომ იცოდეთ. მეორე, ქვეყანაში, რომელშიც ხელისუფლებას პრორუსული ბრალდებები გაქვთ, ვის წინააღმდეგ ვიღებთ ამ კოდექსს ეს მაინც ხომ უნდა გავარკვიოთ. თქვენ ამ გადაწყვეტილებით, თითქოს ადასტურებთ იმ პოზიციას, რასაც მთელი ოპოზიცია, რადიკალებს, რომ ეძახით, გაბრალებთ“.
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დეპუტატებს განუმარტა, რომ კოდექსის შესახებ მრავალსაათიანი მსჯელობა უკვე გაიმართა და ამიტომ საკმარისი იყო თავების მიხედვით განხილვა. როგორც მან თქვა, სიღრმისეული განხილვა ზოგადად, კომიტეტის სხდომებზე მიმდინარეობს.
„რაც შეეხება განხილვის ინტენსიურობას, შეგახსენებთ, რომ კომიტეტის ამოცანა არის, რომ მოამზადოს საკითხი პლენარულ სხდომაზე განსახილველად და, სწორედ, კომიტეტში მიმდინარეობს ძირითადი მუშაობა პროექტთან დაკავშირებით“, - დაამატა პაპუაშვილმა.
პარლამენტის სპიკერი „გირჩის“ წევრებსაც გამოეხმაურა: „მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, გასაგებია „გირჩის“ დამოკიდებულება. ღიად ამბობენ, რომ მათი მიზანია, ხელი შეუშალონ ამ კოდექსის მიღებას და არა მხოლოდ იმ ნაწილში, რომელსაც არ ეთანხმებიან, არამედ მზად არიან სხვა ნაწილიც შესწირონ ამ იდეას და სხვა ნაწილიც არ მიიღოს პარლამენტმა“.
განხილვის დაწყების შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლები უკმაყოფილონი დარჩნენ კანონპროექტის მომხსენებლის, თავდაცვის მინისტრის მოადგილის გრიგოლ გიორგაძის მიერ გაცემული პასუხებით. მათი შეფასებით, გიორგაძემ მათ შეკითხვებს გვერდი აუარა და პოლიტიკური განცხადებები გააკეთა. ამასთან, განხილვის პროცედურა მათ თითოეულ მუხლზე შეკითხვის დასმის შესაძლებლობას უზღუდავდა.
მოგვიანებით, პლენარული სხდომის წამყვანმა, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ტექნიკური შესვენება გამოაცხადა. სხდომის განახლებისთანავე გიორგი ვოლსკის საკითხის მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი. „თემა არის ისეთი, რომელმაც უნდა დაგავიწყოს პოლიტიკური მხარე“, - აღნიშნა მან და „თავდაცვის კოდექსის“ საკანონმდებლო პაკეტის განხილვა გადადო.
მისი თქმით, პარლამენტი მას 4 ივლისს 11:00 საათზე მიუბრუნდება.
„თავდაცვის კოდექსის" პროექტის ინიციირებული ვარიანტის მიხედვით, 2025 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება შემდეგი ცვლილებები:
- სავალდებულო სამსახურის 12-თვიანი ვადა შემცირდება: საბრძოლო ქვედანაყოფში სამსახურისათვის - 6 თვე; დაცვის ან უზრუნველყოფის ქვედანაყოფში სამსახურისათვის - 8 თვე; ხოლო უმცროს სამეთაურო თანამდებობებზე და წინასწარ განსაზღვრულ სპეციალობებზე სამსახურისათვის - 11 თვე;
- სამხედრო სამსახურის გავლის შესაძლებლობები წვევამდელებს მხოლოდ თავდაცვის უწყებაში შეეძლებათ. დოკუმენტში ნათქვამია, რომ „გაწვევა განხორციელდება სამინისტროს პრიორიტეტების გათვალისწინებით“;
- წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა განხორციელდება ყოველწლიური შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე.
2024 წლის 1 იანვრიდან მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვა და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში თუ სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვევა თავდაცვის სამინისტროს პრეროგატივა ხდება. მანამდე ეს ფუნქციები ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და მუნიციპალიტეტებს ჰქონდათ.
„თავდაცვის კოდექსის“ პროექტის 78-ე მუხლის ჩანაწერის თანახმად: უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტს, რომელიც წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევას „შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე" დაექვემდებარება, „საკუთარი სურვილით“ შეუძლია გაიაროს ან 6, 8 ან 11-თვიანი სამხედრო სამსახური ან სამხედრო მომზადების პროგრამა, რომელიც, თავდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით - „სწავლასთან თავსებადია“.


